შინაპატიმრობა, ბარსელონა და ფეხბურთი - რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ
„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, რომელიც ასუნსიონში მდებარე სასტუმრო პალმაროგაში შინაპატიმრობაში იმყოფება, Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „გაუჩომ“ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ბარსელონას არ ავიწყდები. კითხულობ სოციალურ ქსელებში ქომაგებისგან მიღებულ წერილებს?
„ბარსელონა ჩემ მიმართ ყოველთვის სიყვარულსა და პატივისცემას იჩენს. თითოეულ თქვენგანს წერილებისთვის და სიყვარულისთვის მადლობას მთელი გულით ვუხდი“.
პუიოლს მშვენივრად მოეხსენება რა მდგომარეობაში იმყოფები და შენი ყოფილი თანაგუნდელები თანადგომას სისტემატურად გიცხადებენ. ხვდები რამდენად ძვირფასი ხარ?
„ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ბარსაში ყოფნისას იდეალური ურთიერთობა მქონდა მასთან და ყველა კომპანიონთან, რომელიც თავგადასავალისას, სახელად „ფეხბურთის თამაში“, მახლდა. ფეხბურთის თამაში ჩემი ცხოვრების სიყვარული და ჩემი პროფესიაა. ისინი კარგად მიცნობენ და იციან, რომ რთული პერიოდი მიდგას. მათი სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.
იცი, რომ სასტუმრო პალმაროგა ბარსელონა გრუპის საკუთრებაში შედის? როგორც ჩანს, შენი სახელი ბარსელონასთან სამუდამოდაა დაკავშირებული. რა გახსენდება ბარსელონაზე როგორც ქალაქზე და როგორც კლუბზე?
„დიახ, სასტუმროს შესახებ ყველაფერი ვიცი. ორი აზრი არაა, რომ მე და ბარსელონა ერთმანეთთან სამუდამოდ ვართ დაკავშირებული. ბარსელონა ჩემთვის ყოველთვის მეორე სახლი იქნება. ბარსელონა საოცარი კლუბია და მის გულშემატკივრებს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ“.
ფეხბურთი ყველგან წამყვანი სპორტია. როგორ ფიქრობ, შეუძლია ფეხბურთს ადამიანების გაერთიანება?
„ფეხბურთი ყველგანაა და ნამდვილად უნიკალური და გლობალური ფენომენია. ფეხბურთი ძალიან დამეხმარა და განვითარების საშუალება მომცა. იმ მომენტებშიც კი, როცა ეს ურთულესი, ან შეუძლებელი ჩანდა. ფეხბურთმა ბარსელონაში მიმიყვანა, რათა ოცნებები ამესრულებინა“.
იცი ბარსელონაში რა ხდება? როგორ ფიქრობ, მიმდინარე სეზონში მოვლენები როგორ განვითარდება?
„თითოეული ჩვენგანი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწევს - ცარიელი სტადიონები და გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე ჩატარებული მატჩები“.
საუკეთესო მოგონება, რომელიც ბარსელონას მაისურთან გაკავშირებს...
„ბარსელონაში ყოფნისას ყველაფერი განსაკუთრებული იყო. მაგიური მატჩები და ტიტულები. ბარსაში გატარებული პერიოდი ნამდვილად საოცარი მოგონებაა“.
როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება სასტუმროში? კარგად გექცევიან?
„სასტუმრო პალმაროგაში შესანიშნავად გვექცევიან. თავს მშვიდად ვგრძნობთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გრძელი 60 დღე იყო. ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებში იმყოფებიან, მშვენივრად ხვდებიან რას ნიშნავს ვერ აკეთებდე იმას, რასაც შეჩვეული ხარ აკეთო“.
აქ ფეხბურთს თამაშობ?
„აქ სპორტით ვართ დაკავებული. სპორტდარბაზი და სპეციალურად ჩვენთვის გადაკეთებული ოთახი გვაქვს“.
კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვს?
„იმედი მაქვს ნორმალური ცხოვრების განახლებას მალე შევძლებთ და საკუთარ სახლებში დავბრუნდებით“.