ნედვედი, ჰაჯი, კალაძე, შევჩენკო - ფრანგულმა გამოცემამ სერია A-ს სიმბოლური ნაკრები შეადგინა
Aa
Aa

ნედვედი, ჰაჯი, კალაძე, შევჩენკო - ფრანგულმა გამოცემამ სერია A-ს სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ფრანგულმა გამოცემა footballski.fr-მ აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელებისგან, რომლებსაც სერია A-ში უთამაშიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

footballski.fr-ის ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში კახა კალაძეც მოხვდა. ქართველი მცველი სამირ ჰანდანოვიჩს, სინიშა მიხაილოვიჩს, იგორ ტუდორს, კრისტიან კივუს, მარეკ ჰამშიკს, პაველ ნედვედს, გეორგე ჰაჯის, დეიან სავიჩევიჩს, ზბიგნევ ბონიეკსა და ანდრეი შევჩენკოს შეუერთდა.

„კახა კალაძე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. მას „მილანში“ გატარებული 10 წლის განმავლობაში კლუბის მაისური 280-ზე მეტჯერ მოურგია და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 წლის განმავლობაში იცავდა. კალაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. მის სანაცვლოდ „როსონერიმ“ კიევის „დინამოს“ 12 მილიონი ევრო გადაუხადა.

კალაძე როგორც ნახევარდაცვაში, ისე დაცვის ცენტრში და ფლანგზე უდიდეს თავდადებას იჩენდა. დუეტი, რომელსაც იგი ხან ალესანდრო ნესტასთან, ხან კი, პაოლო მალდინისთან ქმნიდა, 2000-იან წლებში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩემპიონთა ლიგის ორგზის ტრიუმფატორი კალაძე ამჟამად საქართველოში გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა“, - წერს footballski.fr.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში კალაძეს „მილანისა“ და „ჯენოას“ რიგებში აქვს ნათამაშები. „როსონერის“ ღირსებას იგი 2001-დან 2010 წლამდე იცავდა, ხოლო „როსობლუს" რიგებში 2012 წლამდე ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები