ანალოგიურ დატვირთვაზე უფრო მეტად იღლებოდა ვიდრე მისი თანატოლები და ბავშვობიდანვე შეზღუდული ფიზიკური რესურსის გამო პროგრესისთვის თანაგუნდელებთან შედარებით მეტი შრომა უწევდა. ყოველი ვარჯიში დიდი ძალისხმევის გაღებას ნიშნავდა და ამ ფაქტორის გათვალისწინებით საფეხბურთო გზაზე დარჩენის სურვილს ფეხბურთის სიყვარული, ჟინი და ამბიცია არ უკარგავდა.
მახსოვს შავ-თეთრ გაზეთზე მომღიმარი ბიჭი, მაისურზე წარწერა Puntigamer, ინტერვიუ ''შტურმსა'' და ავსტრიულ ფეხბურთზე, დასასრულს კი საუბარი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ამბიციაზე. ერთხელ ზურაბ ხიზანიშვილმა გაიხსენა, ''დანდიში'' გადასვლისას ქუჩაში ყველა მიღიმოდა, ძალიან გაკვირვებული ვიყავი და მეგონა ალბათ მიცნობენ და ამიტომ მიღიმიანო, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ევროპაში ასე ბევრი იქცევა და იქ ეს ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორც 90-იანი წლების საქართველოში დაბღვერილი სახეებიო. ერთხელ გუნდურ ფოტოს ვიღებდით და ფოტოგრაფმა მითხრა გაიღიმეო და ასე ნელ-ნელა შევეჩვიე ამ ევროპულ ჩვეულებასო. ხიზანიშვილის ეს სიტყვები გამახსენდა, მუჯირი ხომ ყველა ინტერვიუში იღიმის, ზოგჯერ მისი ღიმილი არაბუნებრივად ხშირია, თუმცა სისიამოვნო და მეც ის შავ-თეთრი ფოტო მახსენდება - მუჯირი 'შტურმის'' მაისურით, ფოტოგრაფს რომ მისთვის რჩევის მიცემა არ დასჭირდებოდა და სათაური აქედან გამომდინარეც შევარჩიე.
საუკეთესო წლებში ეროვნულ ნაკრებში დიდ კონკურენციასთან გასამკლავებლად ავსტრიიდან რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ავსტრიაში გადაბარგებისას ისეთი სურათი იყო, რომ მას ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრება ‘‘შტურმში’’ თამაშის შემთხვევაშიც შეეძლებოდა. გერმანიის ჩემპიონატთან შედარებისას სახელწოდება ბუნდესლიგა ავსტრიულ ლიგას შესაძლოა კომიკურობას სძენს, მაგრამ 2001 წელს, როცა მუჯირი ტირასპოლიდან გრაცში წავიდა, ‘‘შტურმი’’ შესანიშნავი ბექგრაუნდით დახვდა - ბოსნიელი ივიცა ოსიმის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამჯერ მოხვდა, 2000 წელს პირველი ჯგუფური ეტაპიც დაძლია და მხოლოდ მეორე ჯგუფური ეტაპი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. ასეთი გუნდის წევრი გახდა 23 წლის დავით მუჯირი.
ავსტრიული მედია მუჯირის დარტყმას ბალისტიკურ რაკეტას ადარებდა, რაც არ იყო მისი ერთადერთი პლუსი, დრიბლინგი შესანიშნავად გამოსდიოდა და ფიზიკურად ძლიერი იყო, თუმცა ''შტურმის'' ევროპული წარმატებები წარსულში დარჩა და გრაცული გუნდის ევროსეზონი 2009 წლამდე ხანგრძლივი აღარ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მუჯირმა ევროარენაზე რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, დუბლი შოტლანდიურ ''ლივინგსტონთან'' და გოლი ''ვოლფსბურგთან'' ''ფოლკსვაგენ არენაზე.''
''იუვენტუსში'' ჩაშლილი ტრანსფერი და ავსტრიული კარიერა
რაჭაში ბავშვები ფეხბურთს ყოველდღე ვთამაშობდით, საღამოს სოფლის გუნდები ერთმანეთს ვეთამაშებოდით ხოლმე, მაგრამ ის საღამო გამონაკლისი იყო, კლაუს ტოპმიოლერის ფორმაციის საქართველოს ნაკრები პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა ბევრისთვის უცნობ ფარერის კუნძულების გუნდთან და ბავშვები ფეხბურთის თამაშის ნაცვლად პატარა ტელევიზორში, რომელსაც ძალიან დიდი ანტენა ჰქონდა, ნაკრების თამაშს ვუყურებდით.
ის დღე, 2006 წლის 16 აგვისტო მუჯირის კარიერაში ძალიან გამორჩეული გამოვიდა, ჩვეულ სტილში შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და შეაგდო, კარიერის ბოლომდე ეს იყო მისი მთავარი პლუსი, ძლიერი დარტყმა, იქ კიდევ ხუთი გოლი გავიდა, ჰეთ-თრიკი შოთა არველაძემ შეასრულა, მაგრამ მუჯირის სანაკრებო სიხარულს, ეროვნულ გუნდში პირველ და უკანასკნელ გოლს ცხოვრებისეული ტკივილი მოჰყვა. როგორც გოგა გახოკიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, როცა ავტობუსში ავედით სიხარული ჩაგვიმწარდაო, მათ დავით მუჯირის დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს და ეს ფაქტი მუჯირისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში რამდენიმე საინტერესო წინადადების განხილვისგან თავი შეიკავა.
გოლი ეროვნულ ნაკრებში
გვყავს და გვყავდა ფეხბურთელები, რომელთა რუსეთში თამაშზე გული არავის დასწყვეტია. ტალანტი რაც უფრო კრეატიულია, მის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნაა და ასეთი მოთამაშისგან ევროპულ წარმატებას ელიან, მაგრამ არიან სხვა კატეგორიის ფეხბურთელებიც, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში წამყვან ფიგურად ჩამოყალიბების შესაძლებლობები არ აქვთ, თუმცა სტაბილურობით ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშეებად ყალიბდებიან. ასეთი იყო ''კრილია სოვეტოვის'' ლიდერი და კაპიტანი დავით მუჯირი. ჩემი აზრით რატომაც მისთვის ''შტურმზე'' ძლიერი ევროპული კლუბის კარი არ გაიღო, ის ფაქტორია, რომ უნივერსალი არ ყოფილა, როგორც ლევან კობიაშვილი და ამავდროულად მისი დროის ევროპული ფეხბურთი გაცილებით მეტ კრეატიულ ფეხბურთელს აერთიანებდა ვიდრე დღევანდელი და ასეთ კონკურენციაში შესვლა მუჯირის შესაძლებლობების ზღვარს სცდებოდა.
რუსეთ-საქართველოს ომი და ასათიანის ავტორიტეტი
ღამე არავის ეძინა და გვესმოდა ბომბების ხმა, სადღაც ახლოს ადამიანები კვდებოდნენ. რაჭის მაღალმთიან სოფელში ჩართული ირაკლი ჩარკვიანის ''საქართველო'' სამშობლოსადმი ემოციებს ამძაფრებდა, თუმცა ამ სიმღერიდან სიტყვები - ''ჩვენ მოვიგებთ ომს'' - არარეალურ, ზღაპრულ ოცნებად ჩანდა. ბავშვობაში განცდილი ომის შიშის მიუხედავად არასდროს ვეთანხმებოდი აზრს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ არ უნდა წავიდეს. ნებისმიერი სახის პატიოსანი შრომა მორალურია, მაგრამ ამორალურია, რომ სხვა დაავალდებულო არ წავიდეს იქ, სადაც მუშაობა სურს.
ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ადეკვატური მგონია არგუმენტი სუფთა საფეხბურთო კუთხიდან, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების რუსული კარიერა წარმატებული თითქმის არასდროს ყოფილა და ასათიანიც კი, რომელმაც რუსეთში მაგარი სეზონები ჩაატარა, ნახევარდაცვიდან დაცვაში დახევის გამო იმ მოთამაშეთა შორისაა, რომლებმაც შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს, მაგრამ მოედანს მიღმა ასათიანზე ყოველთვის დადებით კონტექსტში საუბრობენ, თავმდაბალი და კეთილი პიროვნება, ქველმოქმედი და ეკლესიის აღმშენებელი, რომელმაც ფეხბურთზე უარი 29 წლის ასაკში თქვა, ოკუპანტ რუსეთს ისტორიული, გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და 2008 წელს რუსული კლუბის მმართველებს საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე უარი ათქმევინა.
რუსეთის მუნდიალის შესარჩევში, ბოლო ტურში ვაისის გუნდი ‘‘მარაკანაზე’’ დამარცხდა. მუჯირი, რომელსაც ბალკანეთში არასდროს უთამაშია, ბელგრადში ადგილობრივებს სერბულ ენაზე ესაუბრებოდა. თამაშის შემდეგ მიქს-ზონასთან ‘‘ვოივოდინას’’ ექს-შემტევი გიორგი მერებაშვილი ძველ ნაცნობებს გულთბილად შეხვდა, სერბულად მეტყველებდა, რაც არ გამკვირვებია, თუმცა მუჯირის სერბული ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მან ბევრ ბალკანელთან ერთად ითამაშა და ფაქტობრივად ორი ენა, ხორვატული და სერბული კომუნიკაციით ისწავლა, თუმცა ამ ენებს შორის იმდენად მცირე განსხვავებაა, შეგვიძლია ერთ ენად ჩავთვალოთ. ასე რომ მუჯირი ქართულის გარდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და სერბულ-ხორვატულ ენებზე საუბრობს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ცნობადობას სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებული ადამიანები ზრდიან. მეტწილად ერთი ქართული გოლი ევროპულ თუ აზიურ ქვეყანაში, ნებისმიერი ელჩის ვიზიტზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ხოლმე. პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, წარმატებული ადამიანების მსოფლიოსთვის შეთავაზება ძალიან რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს ბევრი უცხოელისთვის საქართველო ჯორჯიის შტატი აღარაა, წარმატებული ქართველი სპორტსმენების, მათ შორის ფეხბურთელების დამსახურებაა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ 33 წლის დავით მუჯირმა კარიერა იაპონურ ''სანფრეჩე ჰიროსიმას'' დაუკავშირა. აზიურ ქვეყანაში მუჯირი მიხაილო პეტროვიჩმა წაიყვანა, რომელიც ქართველთან გრაცის ''შტურმში'' მუშაობდა. ცხადია, კარიერის მიწურულს დაკარგული ჰქონდა სისწრაფე, მისი დრიბლინგი წარსულში დარჩა, თუმცა ძლიერი დარტყმით კარიერის ბოლომდე გამოირჩეოდა და ამ თვისებას როგორც აზიაში, ასევე შემდეგ საქართველოში თამაშის დროსაც ავლენდა. იაპონიაში გატარებული 2011 წელი მისი კარიერის საინტერესო ფურცელია, დავით მუჯირის გოლები ჩვეულ სტილში და ქართული დროშა იაპონიის სტადიონებზე.