დრო | ევოლუცია | ეპოქა -  ის, რაზე კამათიც არასდროს გვბეზრდება
Aa Aa

დრო | ევოლუცია | ეპოქა - ის, რაზე კამათიც არასდროს გვბეზრდება

პელე ჯობია, თუ მარადონა? კარიერის ბოლოს აჯობებს მესი მარადონას? ეს კითხვები ერთ კატეგორიას მიეკუთვნება - არასწორს. არ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რომელი ფეხბურთელი რომელს ჯობია, როცა ორივე მათგანი სხვადასხვა ეპოქაში თამაშობდა, სადაც უამრავი ფაქტორი და ნიუანსი იყო, რომლებიც ამ თემაზე დავას შეუძლებელს ხდის.

რონალდუ, თუ მესი? ეს კი სწორი კითხვაა. ისინი ერთ ეპოქას წარმოადგენენ და მათი შედარება ობიექტურია, თუმცა მათზე ოდნავ მოგვიანებით გავაგრძელებ...

დღეს, მინდა ნიუანსებზე, მცირე დეტალებზე გესაუბროთ, რომლებიც ფეხბურთის მოყვარულებს მცდარი დასკვნების გამოტანისკენ უბიძგებს და საბოლოოდ, არასწორ სტერეოტიპს ქმნის.

მეფე და ღმერთი - დღემდე მიუწვდომლები, თუმცა...

1986 წლამდე ფეხბურთში ერთი მეფე არსებობდა და მას პელე ერქვა. პელე გუნდში ერთადერთი სუპერვარსკვლავი არასდროს ყოფილა, თუმცა ის საუკეთესო იყო.

მან ზღაპარი რეალობად აქცია და მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა. შემდეგ კი დრომ პელეს მიღწევა ზღაპრულ შედეგად აქცია, რომელიც დღემდე ასეთად რჩება, რადგან მასთან მიახლოება ვერავინ შეძლო.

გავიდა 16 წელი და ბრაზილიის მეზობლად, მოსისხლე არგენტინაში დიეგო არმანდო მარადონამ ისეთი რამ ჩაიდინა, რაზეც დღემდე საუბრობენ და მას ჯერაც ხელუხლებელ სასწაულად თვლიან.

„მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატი მარტომ მოიგო. გაიმეოროს ვინმემ ასეთივე და მერე ვისაუბროთ“, - ეს სტერეოტიპი იმდენად ძლიერია, რომ დღემდე ვერავინ დაამსხვრია.

ფეხბურთი იმიტომ არის სპორტის ნომერ პირველი სახეობა, რომ მასზე საუბრისას უამრავი ნონსენსის მოსმენა შეგვიძლია. უამრავი მიკერძოებული მოსაზრება არსებობს, რომლისაც ძალიან ბევრს ჯერა.

გუნდურ სახეობაში დიდ ტურნირებს იგებს გუნდი და არა მისი რომელიმე კონკრეტული წევრი. რაზეც ხალხი საუბრობს და აფანატებს, ამას ლიდერობა ჰქვია. თითქმის ყველა ლეგენდარულ კლუბსა, თუ ნაკრებს ჰყავდა და ჰყავს ლიდერი, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედი წამებში გადაწყვიტოს, თუმცა ჯამში ტიტულს გუნდი იგებს, რომელსაც მწვრთნელი გუნდურ ფეხბურთს ათამაშებს.

„რთულია, რომ თანაგუნდელების პრობლემები მარტომ მოაგვარო. მე ვიცოდი, თუ რას იზამდნენ ჯიუსტი, ბატისტა და ვალდანო. ვიცოდი მათთვის გრძელი გადაცემა უნდა გამეკეთებინა, თუ მოკლე. უმთავრესი იყო, რომ ბურთი მეტოქისთვის არ ჩამებარებინა.

მესიმ ეს არ იცის. თანაგუნდელებს კი მესიმდე ბურთი ვერ მიაქვთ.

ეს გუნდურობისა და ორგანიზების პრობლემაა. ისინი გუნდის ლიდერთან ნაკლებად არიან შეთამაშებულნი.

უნდა მივხვდეთ, რომ ერთი კაცი თასს ვერ მოიგებს“. - ეს სიტყვები თავად მარადონას ეკუთვნის და ის 100%-ით მართალია.

შესაძლოა, რომელიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ბედი შენმა ლიდერმა გადაწყვიტოს და ამის შემდეგ, მისი სახელი ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, თუმცა ტიტულს ყოველთვის გუნდი იგებს.

ყოველთვის შეგვიძლია გუნდის თამაშში გამოვნახოთ ისეთი მომენტი, როცა კონკრეტულმა მოთამაშემ თავისიანები იხსნა, მაგრამ ისტორია გამარჯვების შემოქმედს და სილამაზის შემქმნელს უფრო მეტად იმახსოვრებს ხოლმე.

ქომაგებს ლიდერის როლის შემსრულებლის გაღმერთება და მისი სუპერგმირად ქცევა უყვართ. ადამიანის ბუნებაც ხომ ასეთია - სულ ცოტათი მაინც ყველა მეოცნებეა. ამ თვისებას ვინ როგორ ავლენს ხოლმე. მათთვის, ვინც მარადონას სასწაულები 1986 წელს ცოცხლად იხილა, დიეგო ამ ადამიანებისთვის კომიქსის გმირივით არის და ეს ისტორიის უდაოდ სასიამოვნო ნაწილია. გაზვიადება, აკვიატება, ჭარბი სიყვარული და თაყვანისცემა - ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ის გვიყვარს.

მარადონას ფეხბურთის „ღმერთს“ იმიტომ უწოდებენ, რომ მისი ქმედება ხილულ სასწაულთან ყველაზე ახლოს იყო. დიახ, 1986 წლის არგენტინა კარგად შეკრული და დაბალანსებული გუნდი იყო, თუმცა მას ჰყავდა იმდენად გამოკვეთილი ლიდერი, როგორიც არავის არასდროს ჰყოლია და მან ხელშესახები სასწაულები შექმნა. (თუმცა, გუნდის დახმარებით და კიდევ „ღმერთის ხელით“)

დიეგომ ქომაგებს მისი მიღწევებისა და თამაშის გაღმერთების საბაბი მისცა. სწორედ ამიტომ არის მარადონა დღემდე კომიქსის პერსონაჟივით - მან მოედანზე ისეთი რაღაცები ჩაიდინა (თან სად), რასაც მხოლოდ Playstation-ში თუ გავიმეორებთ ხოლმე.

ევოლუცია - რაც ადრე შესაძლებელი იყო, დღეს შეუძლებელია

ფეხბურთი გამუდმებით იცვლება, ევოლუციას განიცდის, თამაში სულ უფრო სწრაფი და რთული ხდება. ფიზმომზადება ფენომენალურ დონეზეა აყვანილი და ვინც მას ფეხს არ უწყობს ყოველთვის „უკანა რიგში“ რჩება.

როდის მიაღწია ფეხბურთმა სუპერსისწრაფეებს და როდის მიიღო ის სახე, რაც დღეს აქვს? ბოლოს, ძველი, უფრო რბილი, უფრო მსუბუქი და კლასით მეტად გაჟღენთილი სანახაობა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ.

ბევრი თქვენგანი ალბათ დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ გერმანიაში ჩატარებული მუნდიალი თავისი სანახაობით, 2006 წლიდან დღემდე გამართულ ყველა სანაკრებო ტურნირს აღემატება.

ზინედინ ზიდამა გერმანიის მოედნებზე წარუშლელი კვალი დატოვა. ზიზუ სანაკრებო დონეზე ბოლო იყო, ვინც მარადონას ჩადენილ სასწაულს „წაეთამაშა“.

2006 წლის ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებზე ყველას პირველ რიგში ზიდანი ახსენდება, შემდეგ შუა მუნდიალის დროს მომხდარი კონფლიქტი მწვრთნელთან და ფეხბურთელების მიერ დალაგებული გუნდი, რომელიც ფინალამდე მივიდა.

ზიზუს გარეშე ეს გუნდი სავარაუდოდ მერვედფინალში ესპანეთსაც ვერ გააგდებდა.

ეს იყო უმაღლესი დონის ნაკრები, რომელიც 1 ფენომენის ირგვლივ აეწყო. ზიდანი გუნდელებისგან იღებდა იმას, რაც მას სჭირდებოდა, ხოლო გუნდი მისგან პასუხად შედეგს იღებდა.

21-ე საუკუნეში ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს შედეგზე ამხელა გავლენა აქამდე არ მოუხდენია. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. დიახ, შესაძლოა ზიდანი მესიზე და რონალდუზე ძლიერი არ არის, თუმცა მათ ზიზუსგან განსხვავებით უძლიერესი გუნდები (კლუბები) ჰყავდათ და მათი კოლექტივის პოტენციალი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე 2006 წლის საფრანგეთის ვეტერანთა ნაკრები.

ფრანგები საოცრად გუნდურად მოქმედებდნენ, თუმცა ზიზუ თავისუფალი მხატვარი იყო და მოედანზე ალოგიკურ, მოულოდნელ რაღაცებს აკეთებდა. მისი პერფორმანსი ვარსკვლავურ ბრაზილიასთან - ის, საერთოდ ხელოვნების ნიმუში იყო.

ამ ყველაფერს განსაკუთრებულს ზიდანის ბოლო დროინდელი სათამაშო ფორმა ქმნიდა. „რეალში“ ჩატარებულ ბოლო სეზონში მან არც ისე დამაჯერებლად ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონატზე მისგან ასეთ რამეს ძალიან ცოტა, თუ ელოდა.

იმ დროს დაწერილ სტატიებში ხშირად მხვდებოდა, რომ ზიდანმა თავი შეინახა და თავისი კარიერის ბოლო ტურნირისთვის მაქსიმალურად მოემზადაო...

34 წლის ასაკში და თან მსოფლიო ჩემპიონატზე - მსგავსი კლასი ამ ასაკში და ამ საუკუნეში ჯერ არ გვინახავს.

მივადექით ფიზმომზადებასაც. ეს ასპექტი გუნდების სათამაშო სტილზე და ინდივიდუალიზმზე პირდაპირ მოქმედებს.

ბოლო 10-15 წელიწადში ფიზმომზადება იმდენად განვითარდა და სათამაშო ტემპმა ისე მოიმატა, დღეს წარმოუდგენელია ერთი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატის დონის ტურნირზე თანაგუნდელებს იმდენად აღემატებოდეს, როგორც მარადონა 1986-ში და ზიდანი 2006-ში.

ეს ფაქტორი ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელებს არანაირად არ აკნინებს. სწორედ ამიტომაა არასწორი სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება.

მესი და რონალდუ ფეხბურთს იმ დროში თამაშობენ, როცა ეს ყველაზე დიდ ფიზიკურ დატვირთვებთანაა დაკავშირებული.

იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ეს ორი „არანორმალური“ აკეთებს და თან როდის - როცა თამაში ყველაზე რთულია, ეს ორმაგად დასაფასებელია.

გემოვნებაზე ყველაზე ხშირად დაობენ, თუმცა რაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ ადრე მსგავსი ფიზმომზადება არ იყო, ასევე არ იყო იმდენად ჩახლართული და განვითარებული ტაქტიკური სქემები, რომლებსაც დღეს ვხედავთ. ამ ყველაფერმა ფეხბურთის თამაში უფრო მეტად გაართულა და სანახაობის მხრივ რაღაცები შემცირდა, თუმცა ეს აუცილებელი სმხვერპლია, რაც სპორტის ამ სახეობამ გაიღო.

პირადად ჩემთვის, 2010 წლის მოურინიოს ფორმაციის „ინტერის“ მსგავსი კლუბი არასდროს მინახავს და არც სადმე წამიკითხავს, რომ ოდესმე ყოფილიყო.

თანამედროვე ფეხბურთის სირთულეები, ამ დროში წარმატების მისაღწევად საჭირო შრომა და ენერგია - რამდენად რთულია დღეს დომინირება, ამის საზომად ყოველთვის ჟოზეს „ინტერს“ ვიყენებ. ამდენად რთულად დასამარცხებელი გუნდი, პირადად მე არასდროს მინახავს.

მათი კოლექტიური თამაში და გაუვალი დაცვა, რომელიც ფორვარდისგან იწყებოდა. ამ ყველაფერს უდიდესი ფიზმომზადება სჭირდება, რაც თანამედროვე ფეხბურთის ნომერ პირველი მოთხოვნაა.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთშია, დღეს წარმოუდგენელია ვინმემ ისეთივე რამ ჩაიდინოს, რაც მარადონამ 1986 წელს გააკეთა და რასთანაც 2006 წელს ზიდანი ახლოს მივიდა.

ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. პარადოქსია იმაზე საუბარი ითამაშებდა, თუ არა პელე, ან მარადონა დღეს იმავე დონეზე, ან რას იზამდნენ მესი და რონალდუ ათწლეულებით ადრე. როგორც უკვე ვისაუბრე, მთავარი არის დრო და ეპოქა, მისი შესაბამისი აუცილებლობები და მოთხოვნები.

მესისაც შეეძლო, თუმცა მწარედ დამარცხდა...

2018-2019 წლების სეზონში ლეო მესის პერფორმანსი უემოციოდ არავის ტოვებდა.

არგენტინელს სასწაულები ჭარბად აქვს ჩადენილი, თუმცა ეს განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. ამჯერად, ლეოს არც ჩავი, არც ინიესტა, არც გუარდიოლა და არც ნეიმარი ჰყოლია. იყო თავად, ასაკში შესული ბუსკეცი, რომელიც ნელ-ნელა მისი თავის აჩრდილს ემსგავსება, ასევე 33 წლის და ტრავმებისკენ მიდრეკილი სუარესი, პლუს 2 ჩავარდნილი ტრანსფერი - „შუშის“ დემბელე და გაყინული კოუტინიო.

ეს კარგი გუნდი იყო, უმაღლესი დონის კოლექტივი, თუმცა დრომოჭმული და ცუდ ფორმაში მყოფი კადრებით დაკომპლექტებული, რომელიც გუარდიოლას, ან ლუის ენრიკეს სუპერგუნდების ფონზე ბევრს არაფერს წარმოადგენდა.

რატომ არ მისცეს ვირჯილ ვან დეიკს 2019 წლის ოქროს ბურთი? მან ხომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მთელი სეზონი გაუვალი კედელი იყო. პასუხი 4 ასოსგან შედგება - მ ე ს ი.

„მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთის მოგება მესიმ დაიმსახურა. ყველამ იცის, ვინ არის ის და არ მჭირდება იმის ახსნა, თუ რამდენად კარგია იგი“, - ეს, სადიო მანემ ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე რამდენიმე თვით ადრე თქვა, როცა ცხარე კამათი მიდიოდა, თუ ვის ეკუთვნოდა ჯილდო.

ლეოს თამაშმა „პოზიციაც და ოპოზიციაც“ მოხიბლა და აღტაცებაში მოიყვანა. სეზონი, რომ შენი თვალით ცოცხლად ნანახი არ გქონდეს და უბრალოდ იუთუბზე ვიდეოებს „ჩაუჯდე“ იფიქრებ, რომ ეს რომელიმე ფეხბურთელის კარიერის „ჰაილაითებია“, რომელიც ვიღაცამ შეკრა და კარგ ვიდეოდ ააწყო, თუმცა ეს მხოლოდ ერთი რიგითი სეზონი იყო.

ერთი ამოსუნთქვით მოგებული ლა ლიგა და დამაჯერებელი გზა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე. 3:0 დამარცხებული „ლივერპული“, რომლის მთავარი შემოქმედიც მესი იყო, თუმცა 1 კვირაში დადგა განმეორებითი მატჩის დროც...

გუნდის ფაქტორამდეც მივედით. თანამედროვე ფეხბურთში გამორიცხულია, რომ ერთმა მოთამაშემ ყველაფერი „მოაგვაროს“ და ყველა ჩასვრილი „მოწმინდოს“.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მესიც ადამიანია როგორც რონალდუ და შეიძლება მომენტები მათაც გააფუჭონ. დამზღვევი მათაც სჭირდებათ და როცა სიტუაცია ისეთია, რომ ყველას დაზღვევა მათ უწევთ, აქ უკვე კრახი გარანტირებულია.

დღეს, ასეთ დონეზე შეცდომებს არავინ გპატიობს. შემდეგ რაც მოხდა, დეტალები თქვენც კარგად იცით... დღეს, როგორც არასდროს - გუნდური თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დასკვნა - კამათი მაინც გაგრძელდება

ამ თემაზე საუბარი მინდოდა. ფეხბურთზე კამათს ბავშვობიდან ვუყურებ, ვუსმენ, მასში მონაწილეობას ვიღებ. ეს არის თემა, სადაც ყველა „პროფესორია“ და ყველას თავისი შეხედულება აქვს.

საქართველოში ფეხბურთი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია.

არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ცხარე კამათი მიდიოდა, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“ (ზოგადად ამ ფრაზის გამოყენებას არ ვემხრობი არცერთ სახეობაში) და იმ დროს, საქართველოს მუდამ ტანჯულმა ნაკრებმა უელსში ფრედ 1:1 ითამაშა.

არაფერი მომხდარა. უელსი გრანდი არ არის, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ითამაშეს, თუმცა ასეთებიც ხდება. კოსტა-რიკამაც ითამაშა მუნდიალის ¼-ფინალი. მერე რა?

მოკლედ, უელსიდან ქულა წამოვიღეთ და ეს ერთი შეხედვით მკვდარი ქართული ფეხბურთი, რომელიც ბევრის აზრით „გასაუქმებელია“, (-_-), ერთ თვეში „დინამო არენა“ ისე შეივსო და ისეთი გარემო იყო, კაცი იფიქრებდა რამე უმაღლესი დონის მატჩი იმართებაო.

მოლდოვას ვუმასპინძლეთ და ვერ მოვუგეთ. იმედები კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა, თუმცა ამ მატჩის შემდეგ „დინამო არენა“ ბევრჯერ გაივსო და კიდევ ბევრჯერ გაივსება იმიტომ, რომ ფეხბურთის არაადამიანური სიყვარული სისხლში გვაქვს.

ეს მცირე გადახვევა აუციულებელი იყო. ასე მგონია...

ფოტო - GFF

ბევრ მიკერძოებულ აზრსაც ვისმენთ, თუმცა ჯამში ფეხბურთის ცოდნის დონე ჩვენთან ბევრ ქვეყანასთან შედარებით დიდია.

ჩემი რჩევა იქნება, რომ სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლები ერთმანეთს არ შეადაროთ და ამის გამო „სასიკვდილო“ დავას ნუ დაიწყებთ, რადგან ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო არავინ იცის, ვინ რომელ ეპოქაში რას იზამდა. თუ, ვინმე დროის მანქანას გამოიგონებს, შემდეგ ვნახოთ...

„ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე ასეთი დამოკიდებულებისა და შეხედულების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე გარწმუნებთ, რომ ფეხბურთი ამაზე გაცილებით, გაცილებით მნიშვნელოვანია“. - ბილ შენკლი.

ნებისმიერ შემთხვევაში - კამათი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე მნიშვნელოვანიც არის ხოლმე. ამაში დასარწმუნებლად ისტორიის გადახედვაც საკმარისია.

იკამათეთ, მოისმინეთ, შემდეგ თავად მოასმენინეთ და ბოლოს იქნებ ჭეშმარიტებამდეც მიხვიდეთ. თუ, არც ეგ გამოვა, პროცესისგან სიამოვნებას ხომ მაინც მიიღებთ. ასე არ არის?

გაზიარება: