''მახსოვს 2005 წელს, ზამთარში ალან ჟირესმა ნაკრებში გამომიძახა, ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან უნდა ჩაგვეტარებინა, ''მესხზე'' გამართული თამაშიდან ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ გიორგი ქინქლაძესთან ერთად პირველად ვითამაშე. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ქინქლაძის უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა იყო. გიო სასწაული იყო. ის იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია.''
ლაშა ჯაკობია გიორგი ქინქლაძის შესახებ
ლაშა ჯაკობიას ევროპული კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, ბელგიური პერიოდის შემდეგ კარიერა ფრანგულ პსჟ-ს დაუკავშირა, 2006 წელს კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს უკაპიტნა, უკრაინაში გატარებული წლების შემდეგ დოპინგტესტზე ჩავარდა, რამაც მისი კარიერა უფრო ხანმოკლე გახადა, სპორტულ რეჟიმთან დაკავშირებით ხშირად პრობლემები ჰქონდა და ყველაზე კარგად ცნობილ უკრაინელ მწვრთნელთან, ბითლომან მირონ მარკევიჩთან გაიხსნა. მისი კარიერა ვარსკვლავური უნდა ყოფილიყო და როგორც შემდგომში აღიარა შესაძლებლობების 30 პროცენტი გამოავლინა, ჯაკობიას კარიერის წარმატებული პერიოდი მხოლოდ ერთ გუნდთან, ხარკოვის ‘‘მეტალისტთან’’ ასოცირდება, სადაც ის იყო კაპიტანი, ლიდერი და გამორჩეული ფიგურა.
90-იან წლების მეორე ნახევარში ლაშა ჯაკობიას გოლების დახმარებით საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ მოხვდნენ, 16-წლამდე ნაკრები ევრო 1997-ზე და 18-წლამდე ნაკრები ევრო 1999-ზე, თუმცა ნათელი სურათი რომ დაგიხატოთ, კადრებია საჭირო, რაც არ არსებობს ან საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. ამ შეხვედრების არათუ ვიდეოკადრები, ფოტოებიც არ გვაქვს და ზოგადად ინფორმაციაც საკმაოდ მწირია.
რევაზ გაგუას გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ევრო 1997-ზე ითამაშა, 1999 წელს ვახტანგ კოპალეიშვილის ფორმაციის საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. ორივე წარმატებაში ლაშა ჯაკობიას დამსახურება ძალიან დიდია.
1996 წლის შემოდგომაზე 16 წლის ჯაკობიამ საბერძნეთს 20 წუთში ჰეთ-თრიკი შეუსრულა, შემდეგ ბულგარეთსაც გაუტანა და საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპირველობაზე მოხვდა. ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ წარმატებას ჯაკობიას ევროტრანსფერი მოჰყვა - 90-იანი წლების საქართველოდან ჰოლანდიისა და გერმანიის საზღვართან ახლოს, ბელგიურ ლიეჟის ‘‘სტანდარდში’’ მოხვედრა ვარსკვლავური კარიერის წინაპირობა უნდა ყოფილიყო.
1999 წელს ოპავაში ლაშა ჯაკობიამ ჩეხეთს დუბლი შეუსრულა და საბოლოოდ ვახტანგ კოპალეიშვილის ნაკრებმა ჩეხებთან ორმატჩიანი დაპირისპირება 4:3 მოიგო. ეს იყო გადამწყვეტი დაპირისპირება და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებო ფინალურ ეტაპზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებით დატვირთული საქართველოდან წამოყვანილი თინეიჯერი პირველი ევროპულ სეზონში ბელგიის დუბლების ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ლეგენდარულმა ხორვატმა სპეციალისტმა ტომისლავ ივიჩმა პირველ გუნდში დააწინაურა. გუნდური ფოტო, სადაც ჯაკობია ძმებ მპენზებთან და ვან ბიუტენთან ერთადაა, სენტიმენტალურ ემოციებს აღძრავს და ის იმ მრავალრიცხოვან თანამემამულეთა შორისაა, რომლებმაც ნიჭი გაფანტეს, თუმცა შეგვიძლია სხვაგვარი შეფასებაც გავაკეთოთ: ჯაკობია - მოთამაშე, რომელმაც კვალი მხოლოდ ერთ გუნდში დატოვა.
ლიეჟის ''სტანდარდის'' მთავარი მწვრთნელი ტომისლავ ივიჩი 70-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო, წვრთნიდა ამსტერდამის ''აიაქსს,'' ''პორტუს,'' ''ბენფიკასა'' და მადრიდის ''ატლეტიკოს,'' ხოლო ''სტანდარდის'' დატოვების შემდეგ ''მარსელს'' ჩაუდგა სათავეში. ივიჩი აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებდა. ფეხბურთელთა ნაწილის აზრით ხორვატი ფიზიკურ მომზადებას ზედმეტად დიდ დროს უთმობდა, სეზონის მიმდინარეობისას კვირაში ოთხი დღე ორჯერად ვარჯიშს ატარებდა და მისი ხედვები ლობანოვსკის ფილოსოფიასთან ძალიან ახლოს იყო.
''შუქი არ იყო, ფეხბურთს ვერ ვუყურებდით და ასეთ დროს ბელგიაში წავედი''
90-იანი წლების მიწურულს ბელგიის ჩემპიონატი სატრანსფერო კუთხით იმდენად კარგი ბაზარი არ იყო, როგორიც ბოლო ათწლეულშია, მაგრამ ჯაკობიას თანაგუნდელები ემილ და მბო მპენზები, ნიგერიელი ჯოზეფ იობო და დანიელ ვან ბუიტენი იყვნენ, მათ ბელგიურ კლუბს დიდი ფინანსური მოგება მოუტანეს და ევროპაში სახელი გაითქვეს. ‘‘სტანდარდში’’ ფიქრობდნენ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრციდან წამოყვანილი ტალანტი ლიეჟურ კლუბს ტრამპლინად გამოიყენებდა და მის სანაცვლოდ მილიონებს გამოიმუშავებდნენ, ნაცვლად ამისა ქართველმა ბელგია 2001 წელს ტრავმების ფონზე დატოვა.
''მპენზამ პორშე იყიდა, 260 კმ/სთ სიჩქარით მივდიოდით და პოლიციამ გაგვაჩერა''
2000-იანი წლების დასაწყისში პსჟ-მ წამოიწყო პროექტი, რომლის მიხედვით ნიჭიერ ფეხბურთელებთან კონტრაქტი ფორმდებოდა და შემდეგ მათ სხვა გუნდებში ანათხოვრებდნენ. ჯაკობიამ მზადება პარიზულ კლუბთან ერთად დაიწყო, თუმცა ოკოჩასთან და ანელკასთან ერთად გატარებული პერიოდი ხანმოკლე გამოვიდა, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ საზარდულის ტრავმა გაუმეორდა, შემდეგ კი პსჟ-მ ბელგიაში დააბრუნა და ''ლიეჟში'' გაანათხოვრა, თუმცა ეს გუნდი ისე დატოვა, ტრავმის გამო, ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ამ ტრავმის განკურნება ლონდონსა და პარიზშიც ვერ შეძლეს, თუმცა საქართველოში, ექიმმა გოგიტა ლობჟანიძემ უშველა და მოედანს სრულფასოვნად დაუბრუნდა.
საქართველოსა და საბერძნეთში გატარებული ხანმოკლე პერიოდების შემდეგ ჯაკობია კონტრაქტს ხარკოვის ''მეტალისტთან'' აფორმებს და უკრაინულ გუნდში კარიერის საუკეთესო წლებს ატარებს (2004-06). მარკევიჩის ''მეტალისტი'' ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, სადაც მან საუკეთესო თვისებები გამოავლინა და გუნდის პროგრესსა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაკობია დამჯერი მოთამაშე არასდროს ყოფილა, მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ''მეტალისტის'' კაპიტნად აირჩიეს.
ლაშა ჯაკობია: ''გამარჯვებას ყოველთვის აღვნიშნავდით. ყველგან ასეა, თამაშის შემდეგ აკოჰოლის მიღების უფლება გაქვს. კლუბში მივდიოდით ხოლმე, ზოგი სვამდა, ზოგი არ სვამდა, მაგრამ მთავარია თამაშამდე დაიცვა დისციპლინა. კვებასა თუ დასვენებას დღეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო თამაშის დღეს, მატჩის შემდეგ გართობა ყველგან მიღებულია.''
მარკევიჩი ლივერპულში ჩასვლის შემდეგ მედიასთან ამხელს, რომ ბითლზის დიდი მოყვარულია: ‘‘ბიტლომანი ვარ, არ შემიძლია ლივერპული ბრწყინვალე ოთხეულის მუზეუმში სტუმრობის გარეშე დავტოვო, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ.’’
უეფას თასის 2006-07 წლების სეზონში ''გუდისონ პარკზე'' გამართული დაპირისპირება ინგლისურ და უკრაინულ გუნდს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. ''მეტალისტზე'' მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი დევიდ მოიესის გუნდის გამარჯვებით 2:3 დასრულდა. იმ პერიოდში ლივერპულული გუნდის ღირსებას ჰოვარდი, ლესკოტი, ფილ ნევილი, ანიჩებე, მაკფადენი, იობო, არტეტა, აიგბენი, პიენაარი, იაგიელკა და ლეიტონ ბეინსი იცავდნენ.
''ევერტონს'' ბურთი დავუმალეთ, შესვენებისას იობო მეკითხება: ''რა ხდება, სად ვართ?''
მის კარიერას თან ახლდა პრობლემები რეჟიმთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ მისი, ბევრი ქართველი ნიჭიერი მოთამაშის მთავარი პრობლემა იყო. ღვინოში გაზავებული მეტადონი სტრესთან ბრძოლისთვის გამოიყენა და თუ არაერთი ქართველი ფეხბურთელის ნარკოტიკებით გართობა კულუარებში რჩებოდა, ჯაკობია ნარკოტესტზე ჩავარდა და ამ თემაზე საჯაროდ საუბარს სხვებისგან განსხვავებით თავს ვერ აარიდებდა, თუმცა ეს ფაქტი 2010 წლის მარტში მოხდა, 29 წლის ასაკში, როცა მისი კარიერის საუკეთესო წლები გავლილი იყო. დისკვალიფიკაციის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, შემდეგ კი როცა უკრაინულ ლიგაში ფორმის დაბრუნებას ცდილობდა, მძიმე ტრავმამ ფორმის სრულად აღდგენის საშუალება არ მისცა.
2015 წელს უკრაინულ მედიასთან საუბარში აღიარა, რომ ქართულ ფეხბურთს ვარსკვლავები აღარ ჰყავდა. 2017 წელს მისი მონაწილეობით გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა და დიდი პროგრესიდან გამომდინარე ევროპული კლუბების ინტერესი დაიმსახურა. გარდა ამისა, ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების წარმატება ყველაზე მეტად ჩაკვეტაძის თამაშმა განაპირობა. ჯაკობიას დახმარებით გიორგი ბერიძე და ჯიმი ტაბიძე ''გენტში'' მოხვდნენ, ხოლო ლუკა კიკაბიძე ფრანგულ ''ბასტიაში'' გადაბარგდა, მაგრამ ამ დრომდე წარმატებული მხოლოდ ჩაკვეტაძის ტრანსფერი გამოვიდა.
მაშინ როცა რუსულ სატრანსფერო ბაზარზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდი ფინანსები ხშირად უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე კარიერული ამბიციები, ევროპულ ბაზარზე მომუშავე აგენტი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა.
რა არის საჭირო, რომ გახდე წარმატებული აგენტი?