ჯიმი ბატლერი - უსახლკარო ბიჭი, რომელიც NBA-ის ვარსკვლავი გახდა
Aa Aa

ჯიმი ბატლერი - უსახლკარო ბიჭი, რომელიც NBA-ის ვარსკვლავი გახდა

„არ მომწონს როგორ გამოიყურები, უნდა წახვიდე“! ეს გახლავთ ბოლო სიტყვები, რომლებიც ჯიმი ბატლერმა დედამისისგან მოისმინა. 13 წლის ასაკში იგი საკუთარმა დედამ სახლიდან გააგდო! ჯიმი ოჯახისა და თავშესაფრის გარეშე დარჩა... მოზარდთა უმრავლესობა ამ ასაკში უდარდელად ცხოვრობს, 13 წლის ბატლერი კი, გადარჩენისთვის იბრძოდა.

ჯიმი თავის ცხოვრებაზე ხშირად არ ლაპარაკობს. წლების განმავლობაში ის ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა და თითოეულ დღეს კონკრეტული მიზნის მისაღწევად იყენებდა, თუმცა 2011 წლის დრაფტამდე მისი ცხოვრების შესახებ ფაქტობრივად ყველამ იცოდა. NBA-ის გუნდების ხელმძღვანელები მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ და ერთ-ერთმა გენერალურმა მენეჯერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატლერის ისტორია შთამაგონებელი და საოცარია. ცხოვრებამ ჯიმის ზურგი ბევრჯერ შეაქცია და წარუმატებლობისთვის უამრავჯერ გაწირა, მაგრამ ეს ბიჭი არ დანებებულა, ცხვირი არ ჩამოუშვია და ურთულესი დაბრკოლებები გადალახა. ბატლერმა სასწაული მოახდინა. მასთან საუბრისას ხვდები, რომ მასში საკალათბურთო სიდიადე იმალება“.

ჯიმი ბატლერის ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, რომ თავდაუზოგავი შრომითა და ბოლომდე ბრძოლით ოცნებების ახდენა შეიძლება. ბიჭი, ვისიც არავის სჯეროდა, NBA-ის ვარსკვლავად იქცა და დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია!

სანამ ბატლერი ისტორიაზე გადავიდოდე, მინდა მისი ერთ-ერთი კომენტარი გავიხსენო: „ვიცი, რომ ჩემი ისტორიის შესახებ რაღაცას აუცილებლად დაწერთ. მინდა გთხოვოთ, რომ სტატია ისეთი არ გამოვიდეს, რომ ხალხს ჩემ მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდეს. მეზიზღება, როცა ვიღაცას ვეცოდები. ჩემი ცხოვრებით ვამაყობ და სწორედ დაბრკოლებების გადალახვამ მაქცია ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. მადლობელი ვარ ამდენ გამოწვევას რომ გავუმკლავდი და ძალიან გთხოვთ, ნუ დაწერთ, ისე, რომ ხალხს შევეცოდო“.

ტომბოლის (ტეხასის ერთ-ერთი ქალაქი) დატოვების შემდეგ, 13 წლის ბავშვი ყველაფერს აკეთებდა, რათა როგორმე თავი გაეტანა. ჯიმის მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ბატლერი რამდენიმე თვის იყო, დედამ კი, ისეთი სიტყვებით გაისტუმრა, ბიჭუნას მისკენ გახედვაც არ უნდოდა. სახლის დატოვების შემდეგ, იგი მეგობრებთან ცხოვრობდა და ცდილობდა ერთ სახლში, რაც შეიძლებოდა დიდი დრო გაეტარებინა. ბუნებრივია, რამდენიმე კვირის შემდეგ, მას ადგილსამყოფელის შეცვლა უწევდა.

ამ უმძიმეს პერიოდში მას მხსნელად კალათბურთი მოევლინა. ჯიმიმ საკუთარი ცხოვრება კალათბურთს დაუკავშირა და საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ თვლიდნენ. არ გეგონოთ, რომ კოლეჯის გუნდების სკაუტებზე ვსაუბრობ. არა, ერთ მეცხრეკლასელ ბიჭუნაზე ვლაპარაკობ, რომელიც ბატლერს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.

ჯორდან ლესლი წარმოშობით ტომბოლიდან იყო და კალათბურთსა და ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა. საზაფხულო ლიგის ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მან ბატლერი სამქულიანების კონკურსში გამოიწვია და სწორედ ამ მომენტმა შეცვალა ჯიმის ცხოვრება. ლესლი და ბატლერი დამეგობრდნენ და ეს უკანასკნელი ჯორდანის სახლს ხშირად სტუმრობდა. ლესლის დედას, მიშელ ლამბერტს პირველი მეუღლისგან 4 შვილი ჰყავდა, მის მეორე მეუღლეს კი, 3. ოჯახს ფინანსურად უჭირდა, თუმცა ბავშვებსა და ჯიმის შორის იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ ლამბერტმა მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა.

ბატლერს ოჯახი სჭირდებოდა და ეს ოჯახი მას ლამბერტებმა მისცეს... მართალია, მას თავშესაფარი ჰქონდა, მაგრამ მიშელმა სპეციალურად მისთვის საკმაოდ მკაცრი წესები დაადგინა. იგი სკოლაში ყველა გაკვეთილს უნდა დასწრებოდა და ნიშნები გაეუმჯობესებინა, ამასთან ერთად იგი ოჯახის სახედ და პატარა და-ძმების მისაბაძ მაგალითად უნდა ქცეულიყო.

„მათ ოჯახი მომცეს და ეს მხოლოდ კალათბურთის გამო არ გაუკეთებიათ. მიშელი შესანიშნავი ადამიანი და მზრუნველი დედაა. ვერ წარმოიდგენთ, მან ჩემთვის რამდენი რამ გააკეთა. არც კი მეგონა უცხო ადამიანის მიმართ ასეთი სიკეთის გამოჩენა თუ იყო შესაძლებელი“.

ცხოვრებაში პირველად მიღებული ოჯახური სითბოს წყალობით, ბატლერი „ტომბოლის“
 სკოლის საკალათბურთო გუნდის ვარსკვლავი გახდა. იგი „ქუგარსის“ კაპიტანი იყო და ბოლო წელს საშუალოდ 19.9 ქულას და 8.7 მოხსნას აგროვებდა, თუმცა ეს კოლეჯების გუნდების სკაუტების ყურადღების მისაპყრობად საკმარისი არ აღმოჩნდა. იგი ვერც ტოპ 100 მოთამაშეს შორის მოხვდა და ერთადერთი შანსი, რომელიც ტეხასის საზღვრებს მიღმა მიეცა, მისისიპის უნივერსიტეტი იყო, თუმცა იქაც არაფერი გამოუვიდა.

ბატლერი არ დანებებულა და მორიგ განსაცდელთან ბრძოლას შეუდგა. იგი Tyler Junior College-ში ჩაირიცხა და სადებიუტო შეხვედრაში 34 ქულა ჩააგდო. „30 და 40-ქულიანი მატჩების შემდეგ, საკუთარი თავის ვირწმუნე, რაც ძალიან მჭირდებოდა და მივხვდი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემეძლო“.

ბატლერი გუნდის უდავო ლიდერი გახდა და ისეთი კოლეჯები იწვევდნენ, როგორებიც მარკეტი, კენტუკი, კლემსონი, მისისიპი სტეიტი და აიოვა არიან. ჯიმის გადაწყვეტილების მიღებაში მიშელ ლამბერტი დაეხმარა.

„მას ბევრი კოლეჯი ეპატიჟებოდა, მაგრამ მარკეტი ვურჩიე, რადგან ამ კოლეჯს მშვენიერი სასწავლო პროგრამა ჰქონდა. ვუთხარი, რომ იყო შანსი კალათბურთში წარმატებისთვის ვერ მიეღწია და ამ შემთხვევაში კარგი განათლება ძალიან გამოადგებოდა“, - იხსენებს მიშელი.

ბატლერმა მიშელის რჩევა გაითვალისწინა და 2008-ში „მარკეტის“ახალწვეული გახდა, თუმცა კოლეჯში მისი კარიერა საშინლად დაიწყო. სკოლაში ყოფნისას იგი გუნდის ლიდერი გახლდათ, „მარკეტში“ კი, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ხანდახან იმდენად იმედგაცრუებული იყო,  რომ მიშელს ურეკავდა და ევედრებოდა სახლში დაბრუნების უფლება მიეცა. თანაც მისი თავკაცი, ბაზ უილიამსი ცნობილია, როგორც მწვრთნელი, რომელსაც ყველაზე რთული და დამღლელი ვარჯიშები აქვს. „ჯიმი გამონაკლისი იყო. არავისთან მქონია ისეთი დამოკიდებულება, როგორიც მასთან. მის მიმართ შეუბრალებელი ვიყავი. მას ბოლომდე ვარჯიშსა და მაქსიმუმის გაკეთებას ვაიძულებდი, რადგან მან არ იცოდა რა ნიჭს ფლობდა და რა დიდ კალათბურთელად შეეძლო ქცევა. მას მთელი ცხოვრება ეუბნებოდნენ, რომ საკმარისად კარგი არ იყო, მე კი, ვხედავდი ბიჭს, რომელსაც ჩვენი გუნდის თამაშის შეცვლა შეეძლო“, - იხსენებს უილიამსი.

სადებიუტო სეზონში ბატლერი საშუალოდ 5.6 ქულას აგროვებდა და NBA-ის მომავალი კალათბურთელების, ვესლი მეთიუზისა და ლაზარ ჰეივარდის, შემცვლელი იყო.

„მე საუკეთესო ადამიანებთან ვმუშაობდი. მათ კალათბურთის თამაში მასწავლეს და რაც მთავარია ნამდვილ კაცად მაქციეს. ვიცოდი, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ სქორერობა არ იყო საკმარისი. ვიცოდი, რომ გუნდის ლიდერი უნდა გავმხდარიყავი და ის გამეკეთებინა, რაც ჩემს გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარებოდა“.

კოლეჯში გატარებული პერიოდის დახმარებით, ბატლერი უნივერსალური კალათბურთელი გახდა და საკალათბურთო ასოციაციის სკაუტები დააინტერესა. ჯიმი 2010-11 წლებში საშუალოდ 15.7 ქულას აგროვებდა, თუმცა მას ბურთის მოხსნა, მისი კონტროლი და დაცვაში წარმატებული თამაშიც შეეძლო.

NBA-ის ერთ-ერთმა სკაუტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „პროვიდენსთან“ მისი თამაში რომ ვნახე გავოცდი. ეს ბიჭი პარკეტზე გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა და დაცვაშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ სათანადო გუნდში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად NBA-ის ვარსკვლავი გახდებოდა”.

აგენტები ჯიმი ბატლერს მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა... „მთელი სეზონის განმავლობაში ორიენტირებული მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზე ვიყავი და საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის შესახებ არც კი ვფიქრობდი. სხვანაირად ნუ გამიგებთ, ლიგაში თამაში მუდამ ჩემი ოცნება იყო, მაგრამ, როგორც ბავშვობაში ვისწავლე თითოეულ დღეს კონკრეტული მიზნისთვის ვიბრძოდი“.

ბატლერის კოლეჯური კარიერის ბოლო შეხვედრა „მარკეტის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გამოდგა. მის უკანასკნელ მატჩს მიშელიც დაესწრო...

„იმ საღამოს შესახებ არაფერი მახსოვს. მთელი ღამის განმავლობაში ვტიროდი. ჩემ წინ ბიჭი იდგა, რომელმაც ყველანაირი დაბრკოლება გადალახა და საოცარ შედეგს მიაღწია. ამაყი და ბედნიერი ვიყავი. მასში ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ. მისმა სკოლის დირექტორმა ერთხელ ისიც თქვა, რომ ჯიმი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევდა. ამ დროს კი, მე ვუყურებდი ბიჭს, რომელიც კაცი გახდა და კრიტიკოსები სამუდამოდ დაადუმა“, - იხსენებს მიშელი.

„ცხოვრებამ მასწავლა, რომ შეუძლებელი არაფერია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ხალხს ჩემში ეჭვი შეჰქონდა. სკოლაში ყოფნისას მეუბნებოდნენ, რომ საკალათბურთო კარიერისთვის დაბალი და ნელი ვიყავი. მათ ჩემ შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან რამე რომ სცოდნოდათ, მიხვდებოდნენ, რომ შეუძლებელი არაფერია! ვინ იფიქრებდა, რომ პატარა ქალაქის მკვიდრ უსახლკარო ბიჭს კოლეჯში წარმატებული კარიერა ექნებოდა და NBA-ში აღმოჩნდებოდა. ჩემი მოტივაცია სწორედ ესაა! კრიტიკაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა ბუნებაში არ არსებობს! მჯერა, რომ ყველა პრობლემის გადალახვა შემიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ კალათბურთს ვითამაშებ“. ბატლერმა ეს სიტყვები დრაფტამდე 13 დღით ადრე თქვა...

ჯიმი „ჩიკაგო ბულსში“ მოხვდა, რომელმაც იგი 30-ე ნომრად აირჩია. სადებიუტო სეზონში ბატლერს „ხარების“ რიგებში ფუნქცია ფაქტობრივად არ ჰქონდა და პარკეტზე საშუალოდ 8.5 წუთს ატარებდა და 2.6 ქულას აგროვებდა. ვეტერანი კალათბურთელის, რიპ ჰამილტონის მიხედვით, მას სროლის საშინელი მანერა ჰქონდა და მისი ტყორცნების უმრავლესობა კალათს დიდი მანძილით ცდებოდა. მიუხედავად ამისა, „ჩიკაგოში“ მისი სავარჯიშო ეთიკით გაოცებულნი იყვნენ. ბატლერი ვარჯიშების შემდეგ, დარბაზში რჩებოდა და სხვადასხვა კომპონენტებზე დიდხანს მუშაობდა.

ჯიმის ვარსკვლავად ქცევა 2013 წელს გამართულ პლეიოფში დაიწყო, სადაც ის საშუალოდ 13.3 ქულას აკეთებდა და გუნდის ლიდერი გახდა. 2013-14 წლების სეზონში ის საშუალოდ 13.1 ქულას აგროვებდა და მიზანს ნელ-ნელა უახლოვდებოდა. 2014-15 წლების სეზონის სტარტზე იგი მაღალი დონის კალათბურთელად მოგვევლინა. იმ სეზონში ჯიმის საშუალო 20 ქულა გახლდათ და 2015 წელს ყველაზე განვითარებული მოთამაშის ჯილდოც მიიღო.

დღესდღეობით ბატლერი „მაიამის“ ღირსებას იცავს და 34 წუთში საშუალოდ 20.2 ქულას აკეთებს! ბიჭი, რომელიც ერთ დროს უსახლკარო იყო, თანამედროვე NBA-ში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება.

გაზიარება: