კალაძე, კაკა და სხვები - პირლოს თანაგუნდელებისგან შემდგარი TOP11
ცოტას, თუ შეუძლია თქვას, რომ ცენტრალური ნახევარმცველის სათამაშო სტილი ისე გაალამაზა და დახვეწა, როგორც ანდრეა პირლომ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი - პირლო ყველგან მოწოდების სიმაღლეზე იყო.
ლეგენდარულ იტალიელს ფეხბურთის ქომაგების დიდი ნაწილი თავიანთ ყველა დროის ტოპ 11-ში ასახელებენ, რაც სასვებით ლოგიკურია. მისი ურთიერთობა ბურთთან, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა იყო, რაც ბოლო წლებში გვინახავს.
ბრიტანულმა Mirror-მა გამოაქვეყნა ანდრეა პირლოს ტოპ 11, გუნდი, რომელიც იტალიელი „მაესტროს“ თანაგუნდლებისგან შედგა. ფეხბურთელები, რომლებმაც მის მხარდამხარ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს.
სასიამოვნოა, რომ პირლომ ამ უდაოდ ლეგენდარულ თერთმეტეულში კახა კალაძეც მოხვდა.
11-ეული ასე გამოიყურება:
მეკარე - დიდა
პირლომ ბრაზილიელთან ერთად, მან 252 მატჩი ჩაატარა და ყველაფერი მოიგო, რაზეც შეიძლება ფეხბურთელმა საკლუბო კარიერისას იოცნებოს.
მარჯვენა მცველი - კაფუ
გასაკვირი არ არის, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე მარკუშ კაფუს ვხედავთ. არამარტო პირლო, არამედ ქომაგების უმრავლესობა ყველა დროის გუნდში სწორედ ბრაზილიელს ასახელებს ხოლმე.
პირლომ და კაფუმ ერთად 147 შეხვედრა ჩაატარეს.
დაცვის ცენტრი - ნესტა და კალაძე
დაცვის ცენტრში ალესანდრო ნესტასა და კახა კალაძის დუეტი გვაქვს.
ნესტასთან ერთად მან 268 მატჩი ჩაატარა, ხოლო კალაძესთან 202. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ - „პირლოს „იუვენტუსში“ ბევრად უფრო ცნობილი მცველების გვერდით უთამაშია, თუმცა კალაძეს მასთან რამდენიმე მატჩით მეტი აქვს ჩატარეული. ის, ამჟამად პოლიტიკოსია“.
მარცხენა მცველი - მალდინი
მარცხენა მცველად პირლოს გუნდში რა თქმა უნდა, პაოლო მალდინია - აქ სასაუბრო და გასარჩევი არაფერია, საქმე მალდინის ეხება...
ჩამშლელი ნახევარმცველი - გატუზო
ნახევარდაცვაში ჩამშელ შუახაზელად ჯენარო გატუზო, რომლის გვერდითაც პირლოს 340 მატჩი აქვს ჩატარებული.
ცენტრალური ნახევარმცველი - ზეედორფი
309 მატჩი მხარდამხარ და უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი. ზეედორფისა და პირლოს დუეტი „როსონერის“ ნახევარდაცვის ცენტრის ნამდვილ ტვინს წარმოადგენდა.
მეორე ცენტრალური ნახევარმცველი - ამბროზინი
მასიმო ამბროზინი არ ყოფილა „მილანის“ ძირითადის უცვლელი წევრი, თუმცა მისი როლი ანჩელოტის ფორმაციის გუნდში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ისიც, დაკისრებულ სამუშაოს თავს ყოველთვის ართმევდა.
ამბროზინი ვარსკვლავური იმიჯით არასდროს სარგებლობდა, თუმცა მოედანზე ყოველთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებდა.
შემტევი ნახევარმცველი - კაკა
შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე რიკარდო კაკას ხილვა ალბათ არავის უკვირს. ბრაზილიელმა თავისი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ პირლოს გვერდით გაატარა.
ორი ფორვარდი - შევჩენკო და ინძაგი
თავდამსხმელთა დუეტი - შევჩენკო და ინძაგი. ორი განსხვავებული სტილის გოლების მანქანა, რომლებსაც პირლო თავისი ელეგანტური გადაცემებით წლების განმავლობაში ამარაგებდა.