Aa Aa

"ჯენტლმენი მკვლელი" - ჰაინკესის მანქანა, რომელიც ლამაზად "ძალადობდა"

„ფეხბურთი იცვლება, მაგრამ ჩემი პრინციპები უცვლელი რჩება“, - ეს ფრაზა ლეგენდარულ გერმანელ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს ეკუთვნის და მისი შეხედულებები მიუნხენის „ბაიერნის“ ისტორიას, მიდგომებს, ღირებულებებს იდეალურად ერგება და გადმოსცემს.

საფეხბურთო კლუბი, რომ ცოცხალ ადამიანად წარმოვიდგინოთ - ამ ადამიანს, როგორ დაახასიათებდით? პირადად მე, „ბაიერნს“ ჯენტლმენ მამაკაცად ვხედავ, რომელიც თავის ისტორიას პატივს სცემს, აწმყო სწორედ მასზე აქვს დაფუძნებული და ამ აწმყოთი მისი მომავალიც ისეთივე დიადი იქნება, როგორიც მისივე ისტორია.

იყო „რეკორდმაისტერის“ წევრი - ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ დიდი კლუბის ფეხბურთელობა. „ბაიერნის“ ფეხბურთელს არამხოლოდ იდეალურად თამაში უწევს, არამედ იდეალურად ქცევაც, რომელიც მის ცხოვრებაში ყოველდღიურ სახეს იღებს. ეს კი ორმაგი დატვირთვაა, რომელიც წარმოუდგენლად გღლის.

„ბაიერნი“ ყოველთვის ცდილობს თანამედროვე ფეხბურთში არსებულ ქაოსს არ აყვეს. კლუბის გენერალურმა დირექტორმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე შეცვლილ წესებსა და უაზროდ გაზრდილ ფასებს არ დაემორჩილებოდნენ, მასში მონაწილებას არ მიიღებდნენ.

ევროპაში „ბაიერნი“ ერთადერთი კლუბია, რომელიც ჯერ კიდევ 10-15 წლის (და უფრო მეტის) წინ არსებული წესების დაცვას ცდილობს და დღეს არსებული გაყიდული ფეხბურთის გადარჩენისთვის იბრძვის.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ „რეკორდმაისტერში“ კლუბის ლეგენდები მუშაობენ, რომლებიც არამარტო დიდი მოთამაშეები იყვნენ, არამედ ნამდვილი, სამაგალითო პიროვნებებიც.

ამ აუცილებელი შესავლის შემდეგ, გეტყვით, რომ დღეს „ბაიერნის“ საუკეთესო ვერსიაზე გესაუბრებით - იუპ ჰაინკესის დამანგრეველ მანქანაზე, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში მოულოდნელად შემოიჭრა და სამწუხაროდ მალევე დაგვტოვა.

ეს სხვებსაც შეემთხვათ, მაგრამ მხოლოდ ჰაინკესმა შეძლო

ჰაინკესის „ბაიერნი“ ისტორიაში პირველი გერმანული კლუბი გახდა, რომელმაც ტრებლის შესრულება შეძლო. ბუნდესლიგა 91 ქულით დაასრულეს, მეორეადგილოსანს 25 ქულით გაუსწრეს და ჩემპიონობა 6 ტურით ადრე გაიფორმეს, რაც იმ მომენტისთვის გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო - „რეკორდმაისტერმა“ მორიგი რეკორდი დაამყარა.

თუმცა, სანამ ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს შექმნიდა, ჰაინკესმა კარიერაში მეორედ, კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან უნდობლობა დაიმსახურა...

არც ისე ხშირია, როცა მწვრთნელმა ზამთარშივე იცის, რომ დაითხოვენ და ამის შემდეგ, ის ტიტულის მოგებას ახერხებს. უფრო მეტად იშვიათია, როცესაც ეს ტიტული ჩემპიონთა ლიგაა. იუპ ჰაინკესს კარიერის მანძილზე ასეთი 2 ისტორია აქვს.

1997-98 წლების სეზონში ის მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა. ჩემპიონატში არადამაჯერებელი თამაშისთვის და სამეფო თასზე 1/8-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ გერმანელ სპეციალისტს უთხრა, რომ ზაფხულში ის თანამდებობას დატოვებდა.

საბოლოოდ, „რეალმა“ სეზონი ტრიუმფით დაასრულა და გუნდმა ჩემპიონთა ლიგა 31 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

“როცა “რეალში“ ვმუშაობდი, დეკემბერშივე ვიცოდი, რომ სეზონის ბოლოს მიშვებდნენ. რომ არ გავეშვი, თავად წავიდოდი”, - იუპ ჰაინკესი.

2012-2013 წლების სეზონში კი „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში არც იმდენად დამაჯერებელი იყო, როგორც კლუბის ბოსები ელოდნენ. ამას დაემატა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სენსაციური მარცხი (3:1) ბორისოვოში „ბატეს“ წინააღმდეგ.

ჰაინკესს ამჯერადაც უთხრეს, რომ ზაფხულში ის პოსტს დატოვებდა. შემდეგ, რაც მისმა გუნდმა გააკეთა ყველამ კარგად იცით.

ჰერ იუპი არის კაცი, რომელსაც არ დაუჯერეს, უნდობლობა გამოუცხადეს. მისი პასუხი კი ორივე შემთხვევაში ისტორიული მნიშვნელობის იყო.

იუპი და მისი ხედვები - დამანაგრეველი გუნდის შექმნა

როგორ მივიდა გუნდი უმაღლეს მწვერვალამდე? 2012 წელს, საკუთარ მოედანზე „ჩელსისთან“ წაგებული ფინალი „ბაიერნმა“ მძიმედ გადაიტანა. 2010 წელს „ინტერთან“ მარცხის შემდეგ, ყველა მათ გამარჯვებას ელოდა.

ჰაინკესმა 2012-2013 წლების სეზონში გუნდის შექმნა და დაბალანსება დაასრულა. მიუნხენელებმა რამდენიმე საჭირო ტრანსფერი განახორციელეს, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხავი მარტინესისა და მარიო მანჯუკიჩის გაფორმება.

იუპის გუნდი თამაშს მეკარიდან იწყებდა. მანუელ ნოიერი იყო პირველი, ვინც შეტევაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ის არ ყოფილა უბრალო მეკარე, რომელიც ბურთს დაგიგორებს, ან წინ ძლიერად დაარტყამს - „მანუმ“ ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა. მან, მეკარის ფენომენი შეცვალა.

მისი კარიდან გამოვარდნებისა და თამაშში ჩართულობის შემხედვარე, მსოფლიოში მეკარეების ახალი სტილი წამოვიდა, რომლებზეც მოთხოვნა გაიზარდა.

„ბაიერნის“ დაცვის ხაზი შეტევაში აქტიურად ერთვებოდა და საკმაოდ მაღლა იწევდა, რადგან იცოდნენ, რომ მათ ზურგს ნოიერი უმაგრებდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბოლო მცველის პოზიციაზეც იდგა ხოლმე.

დაცვის ცენტრალური წყვილი - დანტე და ბოატენგი პერსონალურ მეურვეობას მიმართავდა. „ბაიერნის“ მცველთა ოთხეული თამაშგარის ზღვარზე როგორც წესი არ მოქმედებდა ხოლმე.

მცველები მოედნის ცენტრამდე ხშირად ადიოდნენ და ნახევარდაცვას ეხმარებოდნენ, რაც შუა ხაზში სიმჭიდროვეს ქმნიდა და მეტოქე გუნდს ბურთის კონტროლსა და მწვავე გადაცემების შესრულების საშუალებას არ აძლევდა.

აქედან გამომდინარე ჰაინკესის გუნდს პრესინგის თამაშის ხელსაყრელი სიტუაცია ექმნებოდა და „ბაიერნი“ ბურთს მარტივად იბრუნებდა.

ჰაინკესი მოთამაშეებს ბურთის დაკარგვის დროს კონტრპრესინგის თამაშს აწყებინებდა. განაპირა მცველებს, ლამსა და ალაბას საკუთარი პოზიციის დატოვებას და შეტევაში პრესინგის სათამაშოდ აწევას ავალებდა.

ყველაფერი ჯამში ქმნიდა სოლიდურ უპირატესობას, რადგან პრესინგის შედეგად ბურთის დაბრუნების შემდეგ, მიუნხენელები შეტევაში რიცხობრივ უპირატესობას ეუფლებოდნენ, რაც მეტოქისთვის ხშირ შემთხვევაში ცუდად სრულდებოდა.

ჰაინკესის სქემაში უდიდესი როლი ჰქონდა ხავი მარტინესს, რომელიც საყრდენ ზონაში ნამდვილი დომინანტი იყო. ბასკი დაცვის ცენტრში თამაშსაც ახერხებდა. როცა განაპირა მცველები შეტევაში ადიოდნენ, ის ბოატენგისა და დანტეს გვერდით იწევდა. მოედანზე მსგავსი გადაადგილება და ასეთი სათამაშო ასპექტი მარსელო ბიელსას ფილოსოფიის გამოძახილი გახლდათ.

ასე გამოიყურებოდა ბაიერნის სქემა დიდი ძალებით შეტევისას

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე პოზიციზე მოქმედებდა მარიო მანჯუკიჩი იყო. ხორვატმა ბუნდესლიგის 2012-13 წლების სეზონში 15 გოლის გატანა შეძლო და ეს „ბაიერნის“ ფორვარდისთვის შთამბეჭდავი შედეგი ნამდვილად არ იყო, თუმცა მას ბევრი სხვა გამოსადეგი თვისება ჰქონდა, რომელსაც ჰაინკესი სწორად იყენებდა.

მანჯუკიჩი ხშირ შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე იწევდა და სიღრმიდანაც თამაშობდა. ის, პრესინგს მეტოქის საჯარიმოდანვე იწყებდა, რაც მეტოქისთვის „ბაიერნთან“ თამაშს უფრო რთულს ხდიდა.

„რეკორდმაისტერის“ სასტარტო 11-ეული ასე გამოიყურებოდა, თუმცა კროოსისა და რობენის ხშირი ტრავმიანობის გამო, მათ ტომას მიულერი ცვლიდა, თან ძალიან წარმატებითაც. გერმანელი უნივერსალი, უკან დაწეული ფორვარდისა და მარჯვენა გარემარბის ფუნქციებს იდეალურად ითავსებდა.

შემდეგში კარგად გამოჩნდა, რომ მანჯუკიჩს ეს სტილი უფრო კარგად ჰქონდა ათვისებული. მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსში“ ის მარცხენა ფორვარდად გამოიყენა, სადაც მარიომ თავი არ შეირცხვინა და თავისი სიტყვა ამჯერადაც თქვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰაინკესის გუნდის თამაში (შეტევა) მეკარიდან იწყებოდა. ახლა სრული სურათი გვაქვს, რომელიც გვეუბნება, რომ „რეკორდმაისტერი“ თავდაცვას ცენტრფორვარდიდან იწყებდა.

ეს იყო ერთიანი მექანიზმი, რომლის თითოეული „ჭანჭიკი“ მნიშვნელოვანი იყო, რათა საერთო სურათი მიგვეღო.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი სხვაგვარად, უფრო მჭიდროდ თამაშობდა. ნახევარდაცვის ტრიო ჰაინკესს მოკლე პასებით თამაშის ფუფუნებასაც აძლევდა, რომელსაც ჰერ იუპი ევროსარბიელზე აქტიურად მიმართავდა. ყველა რგოლი უფრო უკან იხევდა და შედარებით სიღრმიდან მოქმედებდა. განსაკუთრებით ეს მარტინესსა და მანჯუკიჩზე ითქმის. გუნდი თავს ჭკვიანურად იცავდა, რასაც აგრესიული კონტრშეტევები მოყვებოდა.

„ბაიერნისთვის“ ტემპში აყოლას ვერავინ ახერხებდა. მათ, ვერც ფიზიკურ ორთაბძოლებში ჯაბნიდნენ.

„რეკორდმაისტერის“ სიძლიერე მთელი თავისი დიდებით „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩისას გამოჩნდა. ამ კადრებში ყველაფერი იდეალურად ჩანს - ვხედავთ, თუ სადამდე არის ჩასული რიბერი დაცვის დასახმარებლად. შემდეგ, ის შეტევას შლის და კონტრშეტევას იწყებს. ამ დროს, მიულერი საჯარიმოში შერბენით სივრცეს ქმნის, რომელსაც რობენი ითვისებს და შეტევა გოლით სრულდება.


ჰაინკესი - არამარტო ძლიერი ტაქტიკოსი, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიც

თანამედროვე ფეხბურთში, თუ ვინმეს უმაღლეს დონეზე თამაშის სურვლი და პრეტენზია აქვს, ამის გაკეთება გუნდის პირადი ფსიქოლოგის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მოგვიანებით, ფსიქოლოგიური განწყობა მოედანზე ბევრ რამეს წყვეტს. შესაძლოა ეს უმნიშვნელოვანესი საქმე ნამდვილმა ფსიქოლოგმა, ან მთავარმა მწვრთნელმა შეასრულოს. „ბაიერნში“ ამას თავის თავზე ჰაინკესი იღებდა.

ყოველ დილით, იუპი ფეხბურთელებსა და ტექნიკური პერსონალის ყველა წარმომადგენელს სათითაოდ ესალმებოდა.

ჰაინკესი არამარტო კარგი მოსაუბრე, არამედ დიდი ფსიქოლოგიც იყო. ის ყოველი მატჩის წინ, ტაქტიკურ მონახაზს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებსა და სათადარიგო ფეხბურთელებს ერთნაირი ყურადღებით უხსნიდა, მიუხედავად იმისა რომ მათ, იმ დღეს თამაში არ მოუწევდათ.

ასეთი ქმედებებით ჰაინკესი ყველა ფეხბურთელს, თავს გუნდისთვის მნიშვნელოვნად აგრძნობინებდა. მან ერთი დიდი ოჯახი შექმნა, რაც მოედნის მიღმაც გრძელდებოდა და როგორც წესი, ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი მუშაობა რობენთან და რიბერისთან უმნიშვნელოვანესი იყო. გერმანელმა სპეციალისტმა მათ დაცვაში ჩასვლა და განაპირა მცველებისთვის დახმარება დაავალა, რასაც ისინი ადრე არ აკეთებდნენ. ამის შემდეგ, „რობერის“ დუეტი ქომაგებმა კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს და დააფასეს.

ინდივიდუალურად ძლიერ კოლექტივს, ჭკვიანი მწვრთნელის ხელში გუნდურად თამაშიც შეეძლო, რაც „რეკორდმაისტერთან“ გამკლავებას შეუძლებელს ხდიდა.

წასვლის შემდეგ, მისი სამუშაო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა

ჰაინკესმა გუნდი მწვერვალზე დატოვა. ეს იყო მისი კარიერის პიკი და უძლიერესი „ბაიერნი“ რაც ოდესმე გვინახავს.

გუნდი პეპ გუარდიოლამ ჩაიბარა, რომელმაც მიუნხენელებს კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარებინა და ბუნდესლიგა იმდენად მარტივად მოიგო, რომ უფრო მეტად არც შეიძლებოდა, თუმცა ეს გუნდი ჰაინკესის გუნდთან შედარებით არც ისე ძლიერი იყო.

პეპმა მიუნხენში თავისი ხედვა ჩაიტანა. შესაძლოა გუარდიოლას ფორმაციის გუნდი უფრო მეტად შემტევი იყო და უფრო ლამაზადაც უტევდა, მაგრამ გუნდურად ჰაინკესის მანქანასთან შედარებაც არ იყო.

„ბაიერნმა“ დაცვაში თამაში დაკარგა, რომელიც მათ იუპმა დაუხვეწა და უმაღლეს დონეზე აიყვანა. გუარდიოლამ ეს ნელ-ნელა მოშალა და გუნდი ზედმეტად შეტევაზე გადააწყო. შემადგენლობაში საუკეთესო ჩამშლელი ხავი მარტინესი თავის პოზიციაზე თითქმის აღარ გამოუყენებია, რაც მცდარი ნაბიჯი იყო.

ჰაინკესს შემადგენლობაში ერთი გამოკვეთილი ჩამშლელი სულ ჰყავდა. მაგალითად ლუის გუსტავოს გახსენებაც შეიძლება, რომელიც იუპის გუნდში თავის დროზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

და კიდევ ერთი - პეპმა კროოსი გაყიდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო. არამგონია, რომ ოდესმე ჰაინკესს ეს ნაბიჯი გადაედგა...

“ფეხბურთმა თავისი ძველი სულისკვეთება დიდი ხანია დაკარგა”. - იუპის მორიგი ცნობილი ფრაზა. „ბაიერნმა“ კი ის მებრძოლი სული დაკარგა, რომელიც ჰაინკესის დროს ჰქონდა.

„რეკორდმაისტერი“ დაბურნებას და თავისი სიტყვის თქმას ყოველთვის ახერხებს, ისტორია ამას გვიმტკიცებს. ეს უბრალოდ დროის საკითხია და ჩვენ, მრისხანე „ბაიერნს“ კიდევ ვიხილავთ.

დასკვნა - ნამდვილი მწვრთნელი, რომელმაც საამაყო თავი დაწერა

“ნამდვილი მწვრთნელი არასდროს დათანხმდება სიტუაციას, როცა მის გადაწყვეტილებებზე ვინმე ზემოქმედებას ახდენს”. - ეს ჰაინკესის ფრაზებიდან ჩემი ფავორიტია.

დღევანდელ ფეხბურთში უკვე გრანდებშიც, ბევრ დამყოლ, სუსტი ფსიქოლოგიისა და მენტალობის მქონე სპეციალისტს ვხედავთ. მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი კლუბების ხელმძღვანელთა გავლენის ქვეშ მუშაობენ და თავად, რეალურად ბევრს არაფერს წყვეტენ. სახელებზე და გვარებზე აღარ დავკონკრეტდები. ქომაგები თავადვე კარგად მიხვდებით, თუ რომელ კლუბ(ებ)ს ჰყავს (ან ჰყავთ) მსგავსი ტიპის მწვრთნელ(ებ)ი...

ბოლოსკენ გაი რიჩის 2019 წლის ფილმი გამახსენდა - „ჯენტლმენები“. ეს ბრწყინვალე ნამუშევარი არის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებზე, რომლებიც სხვებს არ გვანან. თავიანთი წესებით ცხოვრობენ და მოქმედებენ, ხოლო ვინც ამას დაარღვევს, მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ. შეიძლება ადრე პირსისხლიანები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი ჯენტლმენურ წესებს ემორჩილებიან.

„ბაიერნის“ სამყაროც მათსავით ცალკეა - თავისი, ჯენტლმენური წესებით ცხოვრობს და თანამედროვე გარყვნილ სამყაროს (გაყიდულ ფეხბურთს) არ ემორჩილება.

ჩემი პირადი შეხედულებით ასეთია „ბაიერნი“, ასეთი იყო, არის და მინდა, რომ მომავალშიც ასეთად ვნახო - ფეხბურთის ძველი სულისკვეთების დამცველად!

„იუპ ჰაინკესმა ყველა დროის საუკეთესო „ბაიერნი“ შექმნა“, - შეუძლებელი იყო, რომ ფრანც ბეკენბაუერის 100%-იანი ფრაზის გარეშე დამესრულებინა.

DANKE FUR ALLES JUPP!

გაზიარება: