Aa Aa

"არშემდგარო ფეხბურთელო... უმბერტო, ესროლე" - ჩანახატი კაცზე, რომელმაც ანდრეს ესკობარი მოკლა

- გოოოოოოლ!!! გოოოოოოლ!!!
- მე მას მოვკლავ, - აღშფოთებულად გამოაცხადა ტელევიზრთან მჯდომმა.
- მიდი, მაგრამ ჯერ დაწექი დაიძინე, - უთხრა მძინარე ხმით ცოლმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.

დამნაშავე #1

- ეს ის არის თავის მოკვლა რომ სურდა? - ჰკითხა ერთმა პატიმარმა მეორეს.
- დიახ, მგონი, თავს იხრჩობდა.
- და რატომაა ცოცხალი ?
- სუსტია და იმიტომ.

უგემურად ჭამის შემდეგ, უმბერტო სასადილოდან ნელ-ნელა გადიოდა. 2 ივლისი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 365-ვე დღე ერთნაირად უყვარდა, ეს დღე მის ცხოვრებაში გარდამტეხი გახდა. მას პატიმრების კამერისკენ მიმართული ზიზღიანი მზერა მოხვდა თვალში. ეს გამოხედვები უკვე ყოველდღიური იყო, მაგრამ მათან შეგუება მაინც შეუძლებელი გახლდათ. მას იქ არავინ ეხებოდა, მაგრამ არც უყვარდათ და, საერთოდაც, ადამიანად არ თვლიდნენ. გალონების მაფიოზური ოჯახი ყველამ იცოდა, უმბერტო კი ძმებიდან ერთ-ერთის პირადი მცველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გალონების ოჯახმა გაწირა, ციხეში თავიანთ კაცს მაინც უვლიდნენ.

სასადილოდან საკნამდე პატიმრები უსტვენდნენ, საკანთან მიახლოებულს კი გაახსენდა ამბავი, რომლის დავიწყებაც მალევე ისურვა. თუმცა, ზუსტად მაშინ, როცა გინდა რამე დაივიწყო, პირიქით ხდება. კამერაში შესული ლოგინზე დაწვა და კედლის მხარეს გადატრიალდა. კედელი ხომ უმბერტოს საუკეთესო მეგობარი იყო - მისთვის ბევრი ისტორია ჰქონდა მოყოლილი. თავში სხვადასხვა ფიქრები უტრიალებდა, მაგრამ ყველა სიკვდილთან იყო დაკავშირებული. აი, რატომ გააკეთა ეს, ამის პასუხი რთული იყო და არ იცოდა. პასუხი მაინც ერთი იყო, როგორც გარემოსთვის, ასევე მისთვის. მათი აზრით, ამას სამართლიანობა მოითხოვდა.

ცხოვრებამ მოიტანა ისიც, რომ ბევრჯერ წარმოიდგინა ყოფილიყო იმ ანდრესის ადგილას, რომელიც თავად მოკლა. იგი ამაზე მთელი ღამეები ფიქრობდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რისთის და ვის გამო ვცხოვრობ“. ოჯახისთვის, რომლის არც ერთ წევრსაც თვეებია უკვე აღარ მოუნახულებიათ ციხეში თუ ძმები გალონებისთვის?!

მას სურდა, მომკვდარიყო და ანდრესს „იქ“ შეხვედროდა. თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგ დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში, მისი ტყვიებისგან გარდაცვლილს ვერ შეხვდებოდა, რადგან თავად მკვლელი იყო და ჯოჯოხეთში მოხვდებოდა, ანდრესის ადგილი კი სამოთხეში იყო.

- გამეორებას არ ვაპირებ. ჩვენ გვინდა მოგება და მხოლოდ მოგება, თუ არა და შენ ოჯახზე ვიზრუნებთ.
- არა მხოლოდ ეს. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მოვიგოთ.
- კარგი, მიდი, მოაშორეთ ეს გომესი და არ გავიგო პასუხი, - ტელეფონი დაკიდა.

დამნაშავე #2

გასახდელში ნერვული ატმოსფერო იყო. როცა ყველა შევიკრიბეთ, კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფრანსისკო მატურანას სიტყვის ჯერი დადგა. იგი ძალიან აღელვებული იყო და ეს ხმაზეც აშკარად ეტყობოდა: "თქვენ უკვე გაიგებდით გაბრიელ გომესის სიახლეს. ის იძულებული იყო, გუნდი დაეტოვებინა, რადგან მაფიის სამყაროდან საშიში ზარები მივიღეთ. რაც არ უნდა ვთქვა, ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ მატჩისას უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და მშვიდები:".

ის კიდევ ლაპარაკობდა რაღაცებს, მაგრამ გომესის ამბავმა ფეხბურთელები ააფორიაქა და მწვრთნელს აღარ უსმენდნენ. ერთი ცხადი იყო, რომ ყველა უნდა მობილიზებულიყო და გასამართი შეხვედრა მოეგოთ. ისინი ხვდებოდნენ, რომ მათ არა მარტო მეტოქისთვის უნდა ეჯობნათ, არამედ, ასევე დიდი წნეხისთვისა და შინაგანი შიშისთვის. მატჩისთვის მობილიზება კი რთული აღმოჩნდა.

ბიჭებმა ერთმანეთის გამხნევება მაინც შეძლეს და მოედანზე გასასვლელი გვირაბისკენ დაიძრნენ. თითქოს დამშვიდდნენ, მაგრამ გულშემატკივრის პირველივე შეძახილის შემდეგ ისევ ანერვიულდნენ. მატჩის მიმდინარეობისას, სტრესი, რა თქმა უნდა, თითოეულ ფეხბურთელზე მოქმედებდა და ამას ყველა გრძნობდა: თავად მოთამაშეები, მწვრთნელები და გულშემატკვრებიც კი. კოლუმბიელი ფეხბურთელები თავს იცავდნენ იქამდე, სანამ საბედისწერო მომენტი დადგებოდა. ამის აღწერა შეუძლებელია, ეს უნდა ნახოთ.


- რატომ მაინდამაინც მე ? - თავში უტრიალებდა ესკობარს.
- მამა, მე ვერ შევძლებ ამას. ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
- შვილო ეს მხოლოდ გოლია. შენ შეგიძლია, ეს შეცვალო. უბრალოდ, დაიჯერე საკუთარი თავის და ეს დღე ცუდ სიზმარს შეადარე.
- თავად თუ გჯერა რას მელაპარაკები? მხოლოდ გოლი? დღეები არ მძინებია. შენ მე ვერ გამიგებ.
- შეიძლება არ მესმის, მაგრამ დამიჯერე, გამოსვალი ყოველთვის არსებობს. აი, ნახავ, მადლობას გადამიხდი, როცა გამოკეთდები.

შეხვედრა

გალეანო ტელეფონზე ანდრესს ელაპარაკებოდა და უთხრა, რომ თავად მივიდოდა დათქმულ ადგილას, რათა დრო მოეგოთ. ნახევარ საათზე მეტი გავიდა და ანდრესი კვლავ არ ჩანდა. გალეანომ უკვე რაღაც იეჭვა და ისევ კლუბისკენ გაემართა. როცა ადგილს მიუახლოვდა, კამათის ხმა გაიგონა და ანდრესის ხმაც იცნო. ასევე, ძმები: დავიდ და ხუან გალონებიც დალანდა. მაფიოზი ძმები ბოლო სიტყვებით ლანძღავდნენ ანდრესს და ავტოგოლს ახსენებდნენ. გალეანოს ეს არ მოეწონა და თავისი მეგობრის დაწყნარებას შეეცადა. იგი ანდრესს ძალიან კარგად იცნობდა და ცდილობდა, ცხარე კამათში ჩართული მანქანისკენ წაეყვანა. როცა ანდრესი მანქანისკენ მიაბრუნა და დაიძრნენ, ერთ-ერთი ძმის ყვირილი გაიგო: "შენ კიდევ არ იცი, რა ემართებათ მათ, ვინც ჩვენთან ასე ლაპარაკს ბედავს, არშემდგარო ფეხბურთელო! უმბერტო, ესროლე"!

უცებ, ძალიან ბევრი ტყვია გავარდა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იყო, მთავარია, რომ კოლუმბიის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოწყენილი მუსიკის ხმა ისმოდა. დონ დარიო ნელი, სევდიანი ნაბიჯებით მიდიოდა და თავს ზემოთ შვილის კუბო ეჭირა. გზაში რაღაცებს გაუგებრად ლაპარაკობდა. საერთოდ ვერ ამჩნევდა იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც მის შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ. სევდიან ნაბიჯებს აქამდე შეუგრძნობელი შავი ღრუბელით ღრმად დაფარული ფიქრები ერთვოდა: „ყველაფერს მივცემდი, რომ ანდრესის მაგივრად ეს მე მომსვლოდა. რა უსამართლოა ღმერთი. მანდ შენ მაგივრად მე უნდა ვიწვე. როგორც ყოველთვის ხდება, ეტყობა ჯერ საუკეთესოები მიყავთ. თუმცა, ეს ჩემთვის გაუგებარია... ამ მომენტში მაინც“.

„იცხოვრო თუ არ იცხოვრო?“

ციხის გამოსასველთან უკან მიხედვა მოუნდა, მაგრამ მოგონებების შეეშინდა და ცას ახედა. იქიდან მზის სხივები მკაცრად გადმოყურებდნენ, თითქოს უბრაზდებიანო. ჯოჯოხეთური დღეების შემდეგ, არ სჯეროდა, რომ თავის შვილებს ისევ ნახავდა. კარგად ხვდებოდა, ყველაფერი ისე ვეღარ იქნებოდა, როგორც - ადრე. ამაზე მზის სხივებმა უკვე მიანიშნეს კიდეც.

ის და მისი სამყარო შეიცვალნენ, მისი მსოფლიო ახლა სხვანაირი იყო. უმბერტოს ყოველთვის ახსოვდა, რომ წუხილი ჩადენილ ცოდვებს შეუმსუბუქებდა, მაგრამ მთავარი ეს არ იყო - არასდროს დავიწყებია და მუდამ გონებაში უტრიალებდა: „ისევ მწყურია სიკვდილი“. ამ დროს გაიფიქრა რაღაც ისეთი, რაც ყველაფერს შეცვლიდა. იცოდა, რაზე მიდიოდა.

- გამარჯობა. მე... დაიწყებდა ის.
- რა გინდა ჩემგან?
- უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ახლავე მომკლათ თუ ეს მწუხარებას შეგიმსუბუქებთ.
- მე შენ მეზიზღები! წადი! - და კარი გაიჯახუნა.

გაზიარება: