''ეს პრობლემაა, კლუბები შემოსავლის გარეშე დარჩნენ'' - ტებასის გეგმა და პაპუნაშვილის მოლოდინი
Aa
Aa

''ეს პრობლემაა, კლუბები შემოსავლის გარეშე დარჩნენ'' - ტებასის გეგმა და პაპუნაშვილის მოლოდინი

ლა ლიგა გეგმავს ესპანურმა კლუბებმა სავარჯიშო პროცესი მიმდინარე თვეში განაახლონ და საფეხბურთო მატჩები ივნისში გაიმართოს. ლა ლიგის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბები სავარჯიშო პროცესს მიმდინარე კვირაში აღადგენენ, თუმცა მოედანზე გასვლამდე ფეხბურთელებმა კორონავირუსის ტესტი უნდა ჩაიტარონ.

ამ თემაზე ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც ისაუბრა. მისი თქმით ვარჯიშებს განაახლებენ, როგორც ლა ლიგის, ასევე ლა ლიგა 2-ის გუნდები, სეზონი კი აუცილებლად დასრულდება. ესპანეთში არ აპირებენ ჰოლანდიისა და საფრანგეთის მსგავსად მოიქცნენ და კალენდრით დაგეგმილი მატჩების ჩატარებაზე უარი თქვან.

ლა ლიგის მმართველები იმედოვნებენ, რომ ვითარება გეგმის მიხედვით შეიცვლება და ივნისში საფეხბურთო მატჩები გაიმართება. ამ თემაზე ''სარაგოსადან'' სანტანდერის ''რასინგში'' განათხოვრებული გიორგი პაპუნაშვილი ტელეკომპანია ''მთავარს'' ესაუბრა.

''7 ივნისს ყველა ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტი ჩაგვიტარდება, რის შემდეგაც ინდივიდუალურ ვარჯიშებზე გადავალთ. მაისის თვეში გუნდები მოსამზადებლად გამოიყენებენ და ივნისის შუა რიცხვებიდან საფეხბურთო მატჩები გაიმართება. ძალიან მძიმე იქნება ქომაგების გარეშე თამაში, მაგრამ მოგვიწევს ამასთან შეგუება.

ევროპულ ფეხბურთში კლუბებს შემოსავალი სატელევიზიო და ბილეთების გაყიდვებიდან აქვთ. დღეს კლუბები შემოსავალს ვერ იღებენ და ეს პრობლემაა, რაც შემდეგ სატრანსფერო თანხებზეც აისახება.

ესპანეთში რამდენიმე კლუბმა ფინანსური დახმარებისთვის მთავრობას მიმართა. ბევრი კლუბი ფეხბურთელებთან ხელფასის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც.''

შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილი გასულ ზამთარში ''სარაგოსამ'' სანტანდერის ''რასინგში'' გაანათხოვრა. 24 წლის ''რასინგში'' 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, შემდეგ კი სეზონი კორონავირუსის გამო შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები