ქინქი აიაქსში: ''სუპერმანქანა ჰყავდა და კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა''
Aa
Aa

ქინქი აიაქსში: ''სუპერმანქანა ჰყავდა და კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა''

ამსტერდამის ''აიაქსის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკომ Sportarena-სთან ინტერვიუში გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა.

ანდრეი დემჩენკო ამსტერდამულ კლუბში 1995-98 წლებში ირიცხებოდა, თუმცა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და მისი ჰოლანდიური კარიერა წარუმატებელი გამოვიდა. ამჟამად უკრაინის რანგით მეორე ლიგაში მუშაობს და ხარკოვის ''მეტალისტის'' მთავარი მწვრთნელია.

დემჩნკოს აზრით გიორგი ქინქლაძემ აიაქსელ თანაგუნდელებთან საერთო ენა ვერ გამონახა, ხოლო შოთა არველაძეს კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა.

''ქინქი'' ინგლისიდან ჩამოვიდა, მას სუპერმანქანა ჰყავდა, სასტუმროში ცხოვრობდა და კომუნიკაცია თითქმის არავისთან ჰქონდა. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამო არ მიიღო გუნდმა, მაგრამ არველაძემ თანაგუნდელებთან საერთო ენა მალე გამონახა და გოლების გატანაც დაიწყო. შოთა არველაძე მხიარული და კომუნიკაბელური ბიჭი იყო, სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელად იქცა და შემდეგ პოზიცია არ დათმო.''

არველაძე ჰოლანდიურ კლუბში 1997-2001 წლებში ასპარეზობდა, ''აიაქსთან'' ერთად 1997-98 წლების სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონში ჰოლანდიის თასის ფინალში გაიმარჯვა. არველაძემ ჰოლანდიის თასი 1998-99 წლების სეზონშიც მოიპოვა.

1998 წლის აგვისტოში გიორგი ქინქლაძე ''მანჩესტერ სიტიდან'' მორტენ ოლსენის გაწვრთნილ ამსტერდამის ''აიაქსში'' ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი იარი ლიტმანენის შემცვლელად ესახებოდათ, თუმცა ფინელის ''ბარსაში'' ტრანსფერი ჩაიშალა და ქინქლაძე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე დააყენეს. ჰოლანდიური კარიერა გიორგი ქიქნლაძემ მიმდინარე წლის თებერვალში გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას გაიხსენა.

''მე და შოთის ყოველთვის გვინდოდა დიდ ევროპულ კლუბში ერთად გვეთამაშა. სწორედ ეს იყო ჩემი პრიორიტეტი. ''აიაქსი'' ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა და ვერავინ მეტყვის რატომ წავედი ინგლისიდან ჰოლანდიაში. ეს ჩვეულებრივი მომენტია. როცა ''აიაქსში'' ჩავედი, მორტენ ოლსენს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ლიტმანენი ''ბარსელონაში'' მიდიოდა და ჩემს პოზიციაზე უნდა მეთამაშა, მაგრამ ლიტმანენი არ წავიდა.

''აიაქში'' კრუიფის შემდეგ ყველაზე დიდი ავტორიტეტი იარი ლიტმანენს ჰქონდა. ამიტომ ოლსენმა სხვა პოზიციაზე დამაყენა. მე ყოველთვის შუაში შესვლა მიყვარდა და ოლსენმა ჩემი ფლანგზე თამაში გადაწყვიტა. მის ტაქტიკას ვერ შევეწყვე.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები