„შალკეს“ ექს-ფეხბურთელი, რომელიც 4 წლის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალი იპოვეს
„შალკეს“ ყოფილი ფეხბურთელი, ჰიანიკ კამბა, რომელიც 4 წლის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს, რურის რეგიონში ცოცხალი იპოვეს. აქამდე ცნობილი იყო, რომ კონგოელი უკანახაზელი 2016 წლის 9 იანვარს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თუმცა Bild იუწყება, რომ კამბა ცოცხალია და ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.
გერმანული გამოცემის მიხედვით, ადგილობრივმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო და ფეხბურთელის მეუღლეს თაღლითობაში ადანაშაულებს. პროკურორმა ანეტ მილიკმა Bild-თან განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: „კამბა ამბობს, რომ 2016 წლის იანვარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოფნისას მეგობრებმა მიატოვეს და საბუთების, ფულისა და მობილური ტელეფონის გარეშე დარჩა. მის მეუღლეს ბრალი თაღლითობაში ედება, თუმცა ის ყველაფერს უარყოფს“.
გავრცელებული ინფორმაციით, კამბას „გარდაცვალების“ შემდეგ, მისმა მეუღლემ სადაზღვევო კომპანიისგან სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა ქალბატონი ამბობს, რომ დაზღვევის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, გაიგო, რაც კამბა დაღუპულად გამოაცხადეს. პროკურატურის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია სიკვდილის დასამტკიცებლად საჭირო დოკუმენტაციის გაყალბება მოხდა, თუ ადგილი კორუფციას აქვს.
Bild-ის ცნობით, კონგოელი ფეხბურთელი ამჟამად გელზენკირხენში ცხოვრობს და გამოძიების ვერდიქტს ელოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს იგი კინშასაში მდებარე გერმანიის საელჩოს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 2016 წელს მისმა კლუბმა, „ჰულსმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას ტრაგედიის შესახებ აუწყა: „კამბა კლუბის ღირებულებებს იდეალურად გამოხატავდა. მისმა გარდაცვალებამ ჩვენში უდიდესი სიცარიელე დატოვა".