„შენ და შენს ოჯახს სიცოცხლეს გამოგასალმებთ“ - ევრა სუარესთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ UTD Podcast-ში საუბრისას 2011 წელს, ლუის სუარესთან მომხდარი ინციდენტი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემთვის განკუთვნილი მუქარის შემცველი უამრავი წერილი მიიღო. იყო შემთხვევები, როცა გვეუბნებოდნენ: „ციხეში ვართ და ლივერპულს ვქომაგობთ. როცა გამოვალთ შენ და შენს ოჯახს სიცოცხლეს გამოგასალმებთ". მუქარების გამო, ორი თვის განმავლობაში ყველგან პირადი დაცვის თანხლებით დავდიოდი. მათ ჩემი სახლის წინ ეძინათ და ყველგან დამყვებოდნენ. რთული პერიოდი იყო, მაგრამ არ მეშინოდა. სამაგიეროდ ჩემი ოჯახი გახლდათ შეშინებული. ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა. წარმოდგენა არ მქონდა ხალხს ასე რატომ ვეზიზღებოდი. მათ სიმართლეც კი არ იცოდნენ.
ლივერპულთან კარგად ვთამაშობდით და კუთხურის ეპიზოდში სუარესს ვმეურვეობდი რა დროსაც მან ესპანურად მითხრა: „არ შემეხო. ზან***ს არ ველაპარაკები". მან ალბათ არ იცოდა ესპანურ ენას რომ ვფლობდი და როცა ესპანურად ვკითხე, თუ რა თქვა, მან გამიმეორა: „ყველაფერი სწორად გაიგე. ზან***ს არ ველაპარაკები". ამის შემდეგ, ჩვენთან შეხვედრის მთავარი არბიტრი, ანდრე მარინერი მოვიდა და გვკითხა რა ხდებოდა. მე ვუთხარი, რომ სუარესმა რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მომაყენა, მისი პასუხი კი, ასეთი გახლდათ: „კარგი, მატჩის შემდეგ, ვილაპარაკოთ".
მახსოვს, იმ შეხვედრის მიმდინარეობისას ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუ მას დაარტყამ, ხალხი დამნაშავედ გამოგიყვანს და მის ნათქვამს დაივიწყებს“. მთელი მატჩის განმავლობაში ჩემს თავს მოვუწოდებდი სისულელე არ ჩაედინა.
მოსმენების დროს სუარესმა ტყუილების თქმა დაიწყო და აცხადებდა, რომ სიტყვა ზა**ით მეგობარი იგულისხმა. ეს ჩემი სახელი არ არის. დედაჩემმა სახელი დამარქვა და არა კანის ფერი.
მახსოვს, ლივერპულთან მატჩის შემდეგ, სუარესის თანაგუნდელები მისი მხარდასაჭერი მაისურებით გამოჩნდნენ. ლუისი რასიზმის გამო დასაჯეს, დააჯარიმეს და დისკვალიფიკაცია მისცეს, ისინი კი, მას მხარს მაინც უჭერდნენ. სიმართლე გითხრათ, ამან ერთდროულად გამაკვირვა და გამაღიზიანა.
სუარესს საკმარისად კარგად არ ვიცნობ, რომ რასისტი ვუწოდო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა იუვენტუსის რიგებში ვთამაშობდი, მას ხელი ჩამოვართვი და გავესაუბრე. ადამიანს დანაშაულს სწრაფად ვპატიობ, მაგრამ ვერ ვხვდები, როცა ვიღაც მსხვერპლია, პრესაში რატომ წერენ და ქომაგები რატომ ამბობენ, რომ მან ტირილი უნდა შეწყვიტოს“.
შეგახსენებთ, რომ ევრა „იუნაიტედის“ ღირსებას 2006-დან 2014 წლამდე იცავდა, შემდეგ კი, „ბებერ ქალბატონს“ მიაშურა.