Aa
Aa

"ეს დიდი პატივია" - ბელარუსში ლელობურთი ითამაშეს

კორონავირუსის გამო ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველწლიურ ტრადიციად ქცეული ლელობურთის თამაშობა არ გაიმართა, მაგრამ ეს ეროვნული ქართული სახეობა ბელარუსში ითამაშეს.

იქაურ მედიასთან ღონისძიების ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა ისაუბრა. „საქართველოში ლეგენდაა, რომ ევროპელებმა ლელობურთი გურიაში ნახეს და რაგბი მას შემდეგ დააარსეს. პირველად ამ თამაშს მე-12 საუკუნის პოემა „ვეფხვისტყაოსანში“ ვხდებით. ყველაფრის ისე გაკეთებას ვეცადეთ, როგორც საქართველოშია. საკუთარი ხელით შევკერეთ ბურთი, შემდეგ ქვიშითა და ნახერხით გავავსეთ, რათა 16-კილოგრამიანი გამხდარიყო. ეს ლელობურთის თამაშის პირველი ცდაა. სულ მინდოდა აღდგომის პერიოდში საქართველოში ვყოფილიყავი. თუმცა, ამჯერად ლელობურთი საქართველოში კი არა, ბრესტში ვითამაშეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია“, - განაცხადა მასლაკოვმა.

აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ლელობურთი არ ჩატარდა – 1989 წელს, 9 აპრილის ცნობილი მოვლენების გამო. მაშინ შუხუთში ბურთი სიმბოლურად ააგდეს.

ლელოს თამაშის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის. საბჭოთა კავშირის ეპოქაში თამაში აღდგომის ნაცვლად 1 მაისს ტარდებოდა. ბოლო წლებში ლელობურთი ძალიან პოპულარული გახდა, მის სანახავად სააღდგომოდ, ტურისტებთან ერთად, ჩვენს ქვეყანას ჟურნალისტებიც სტუმრობენ. 

კულტურის სამინისტრომ ლელოს თამაშს გასულ წელს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები