''გოლი მესის სტილში და საუკეთესო 90-იან წლებში'' - ქინქლაძე ''მან. სიტის'' ლეგენდებში
Aa
Aa

''გოლი მესის სტილში და საუკეთესო 90-იან წლებში'' - ქინქლაძე ''მან. სიტის'' ლეგენდებში

გიორგი ქინქლაძემ ''მანჩესტერ სიტი'' 1998 წლის ზაფხულში დატოვა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს ''ნისლიან ალბიონზე'' არ ივიწყებენ. ამჯერად ''ქინქი'' Manchester Evening News-ის ყურადღების ქვეშ მოექცა, აღნიშნულმა გამოცემამ ''მანჩესტერ სიტის'' ისტორიაში 50 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ცხადია, მათ შორისაა ქართველი მოთამაშე, რომელმაც 1995-98 წლებში ''მეინ როუდზე'' ბრწყინვალე თამაშით ქომაგთა დიდი სიყვარული დაიმსახურა.

პირველ ადგილზე კოლინ ბელი გავიდა. მას მოყვებიან დავიდ სილვა, ბერტ ტრაუტმანი, ალან ოაქსი, სერხიო აგუერო, ვინსენტ კომპანი, ერიკ ბრუკი, ნილ იანგი, ტომი ჯონსონი და მეათე ადგილს იაია ტურე იკავებს.

50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ქინქლაძე 27-ე ადგილზეა: ''როცა პატარა ქართველი ''მანჩესტერ სიტიში'' გადავიდა, მას არავინ იცნობდა, თუმცა ნახევარდაცვაში შესანიშნავი დრიბლინგით ქომაგთა გულები მალევე მოიგო. მან ''საუთჰემპტონს'' მესის სტილში შესანიშნავი გოლი გაუტანა და 90-იანი წლების ''მანჩესტერ სიტის'' საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო.''

''ქინქი'' ''მანჩესტერ სიტიში'' 1995-98 წლებში ასპარეზობდა. პრემიერლიგაში ''ქალაქელების'' მაისურით მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. 1995-96 წლებში ქინქლაძემ პრემიერლიგის 37 მატჩში 4 გოლი შეაგდო, შემდეგ კი გუნდი არ დატოვა და რანგით მეორე ლიგაში ითამაშა. ამ ფაქტმა ''მანჩესტერ სიტის'' ქომაგთა მხრიდან ქინქლაძისადმი სიყვარული გაზარდა. ქინქლაძე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები