„შეხედეთ ამ ანტენებს ღამით
Aa
Aa

„შეხედეთ ამ ანტენებს ღამით", - ხანი ფიქრობს, რომ Covid-19 ხელოვნურად შექმნეს

ბრიტანელ მოკრივეს, ამირ ხანს მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგების არ სჯერა და აცხადებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს. ხანი თვლის, რომ COVID-19 ჩინეთიდან არ გავრცელებულა და დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის შესამცირებლად გამოყვანილი ვირუსია.

ხანმა საკუთარი პოზიცია გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და აღნიშნა, რომ პანდემიის გავრცელებას 5G ანტენებთან აქვს კავშირი.

„არ მგონია, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა. ეს ტყუილია. ხალხი ამბობს, რომ ჩინეთში ღამურებითა და გველებით იკვებებიან და ყველაფერი ამან განაპირობა. რა სისულელეა? გჯერათ ამის? პირადად მე არ მჯერა!

კორონავირუსი ესაა, კორონავირუსი ისაა - ალბათ ეს ყველაფერი თქვენც ისე მოგბეზრდათ, როგორც მე. არ გგონიათ, რომ ვირუსის გავრცელება 5G ანტენებთანაა დაკავშირებული?

კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია, რომელიც რაღაც მიზეზის გამო, ზუსტად მაშინ გავრცელდა, როცა 5G-ს ტესტავენ. შესაძლოა ვირუსის მიზანი დედამიწის პოპულაციის კონტროლი იყოს და მათ უამრავი ჩვენგანის თავიდან მოშორება სურდეთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვირუსი ყველაზე მეტად ხანდაზმულ ადამიანებს ვნებს. შეხედეთ ამ ანტენებს ღამით. ისინი მათ ამონტაჟებენ და შემდეგ გვეუბნებიან, რომ სახლიდან არ გამოვიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში გავრცელებულია შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, 5G ანტენებს იმდენად ძლიერი დაფარვა და მაღალი გამოსხივება აქვთ, რომ ადამიანებს იმუნიტეტი უქვეითდებათ. არიან ისეთები ვისაც სჯერათ, რომ COVID-19 არ არსებობს და სიმპტომები 5G ანტენების გამოსხივების გამო, ჩნდება. ამასთან ერთად, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ კორონავირუსს იყენებენ, რათა 5G ანტენების დამონტაჟება გადაფარონ. ნაწილს კი, მიაჩნია, რომ კორონავირუსს ანტენებით ავრცელებენ. ამ თეორიებს იმდენად ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელს კომენტარის გაკეთება მოუწია და განაცხადა, რომ ეს „სახიფათო აბსურდია“.

ყველაფერი გასულ თვეს დაიწყო, როცა ინტერნეტსივრცეში აშშ-ში გამართული კონფერენციის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ამბობდნენ, რომ აფრიკა COVID-19-ით სერიოზულად იმიტომ არ დაზარალებულა, რომ 5G-ის რეგიონი არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები