''6 საათი ფეხბურთზე და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით'' - არველაძე კრუიფთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
Aa
Aa

''6 საათი ფეხბურთზე და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით'' - არველაძე კრუიფთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

''ფახთაქორის'' მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ვრცელ ინტერვიუში იოჰან კრუიფისა და ხორდი კრუიფის შესახებ ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი Vice.com-ს ესაუბრა.

როცა ხორდი კრუიფი თელ-ავივის ''მაქაბის'' სპორტული დირექტორი იყო, მან მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე მიიწვია, რომლის ხელმძღვანელობით ებრაულმა გუნდმა ევროპს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას შოთა არველაძე სიაკ სვარტს ახსენებს, რომელიც ''აიაქსის'' ლეგენდაა და ჰოლანდიურ კლუბში 1956-73 წლებში ასპარეზობდა.

შოთა არველაძე:''ისრაელში გატარებულმა პერიოდმა დიდი ცოდნა მომცა, ხორდისთან ერთად ''მაქაბიში'' 6 თვე ვიმუშავე, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ალკმაარიც'' დავამარცხეთ, თუმცა როცა შედეგი არასახარბიელო იყო, გუნდი დავტოვე. მას შემდეგ ხორდისთან კონტაქტი ხშირად არ მქონია. როცა იოჰანი გარდაიცვალა, ხორდის მივწერე და მივუსამძიმრე. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ბარსელონაში, იოჰან კრუიფის ოფისში ვიყავი.

იოჰანი ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების, ჩემი ინსპირაციის წყარო. ჩემს მეგობარს, სიაკ სვარტს ''აიაქსის'' მატჩზე შევხვდი, მას ვუთხარი, რომ იოჰანთან საუბარი მსურდა როგორც ფეხბურთის ფილოსოფიაზე, ასევე ფონდზე, რომელიც მე ჩემს ძმებთან ერთად შევქმენი და შედარებით შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს ვეხმარებით.

სიაკმა იოჰანის სახლის ნომერი მომცა. როცა იოჰანს დავურეკე, აღელვებისგან ხელები დამისველდა, მაგრამ იოჰანმა ჩემთვის დრო გამონახა და ბარსელონაში გავფრინდი.

მასთან ოფისში ექვსი საათი ვსაუბრობდი. ვსაუბრობდით ფეხბურთზე, ცხოვრებაზე. ექვსი საათის განმავლობაში ფაქტობრივად არ გვიჭამია და არ დაგვილევია. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგალითად ხელოვნურსაფარიან მინდორზე. იოჰანს ვუთხარი, რომ ხელოვნურსაფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს-მეთქი. მისთვის ეს შესაძლოა ღიმილისმომგვრელი იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბუნებრივთან შედარებით ხელოვნუსაფარიან მინდორზე თამაში არ იყო სასიამოვნო.

იოჰანის გარდაცვალების შემდეგ მის ფოტოზე გავაკეთე მინაწერი:''სამოთხეს ჰყავს თავისი გამთამაშებელი.''იოჰანი შესანიშნავი მოაზროვნე იყო. მას პრობლემების გადაჭრისას მახვილგონივრული იდეები ჰქონდა. ვფიქრობ კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით იოჰანი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბედნიერი ვარ მასთან გატარებული დროით, ექვსი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით და სახალისო ამბებს ვყვებოდით.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები