გიჟური იდეა | პრემიერ ლიგა ჩინეთში დასრულდება? - ინგლისში 762 მილიონის დაკარგვის ეშინიათ
Theathletic-ის ცნობით, პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა კლუბმა წარმოადგინდა ინიციატივა, რომლის მიხედვით, სეზონის დარჩენილი მატჩები ჩინეთში გაიმართოს, სადაც კორონავირუსთან ბრძოლა წარმატებით დასრულდა და პანდემიასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აღარ არსებობს.
უახლოეს საათებში ინგლისის პრემიერ ლიგის ოცი გუნდი ვიდეოკონფერენციას გამართავს და განხილვის საგანი სწორედ აღნიშნული საკითხი იქნება.
ლონდონიდან ბეიჯინგამდე მანძილი 5 055 მილია. პრემიერ ლიგის სეზონის ჩინეთში დასრულებას მომხრეები ჰყავს, თუმცა ზოგიერთი კლუბის მმართველი ფიქრობს, რომ ეს გიჟური იდეაა, დროის უაზროდ ხარჯვაა და ჩემპიონატი უნდა განახლდეს მაშინ, როცა ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
ცხადია, კლუბების წარმომადგენლები ეკონომიკურ ფაქტორზეც ფიქრობენ. თუ პრემიერ ლიგის სეზონი არ დასრულდება, სატელევიზიო გაყიდვებიდან კლუბების საერთო დანაკარგი 762 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება, რაც, უდავოდ, შთამბეჭდავი თანხაა.
გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, ვუჰანში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელება დაფიქსირდა, შემდგომში კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რამაც ფაქტობრივად პლანეტის პარალიზება განაპირობა და დღეს მთელი მსოფლიო დიდი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია.
კრიზისის ნაწილი, შესაძლოა, ინგლისური კლუბებიც გახდნენ, მით უმეტეს, იმ ვითარებაში თუ სეზონის დასრულება ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე არ განახლდება.
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგაში უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს გაიმართა, როცა ''ლესტერმა'' საკუთარ კედლებში ''ასტონ ვილა'' 4:0 დაამარცხა. ოფიციალური განცხადებიდან გამომდინარე, პრემიერ ლიგის შეჩერების ხანგრძლივობა თითქმის ორი თვე გამოვა, თუმცა, შესაძლოა, ეს პერიოდი გაგრძელდეს თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ გამოსწორდება.