ფეხბურთის ისტორიაში არსებობდნენ მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებმაც სპორტის ამ სახეობას რაღაც ახალი და დიდებული შემატეს, რის შედეგადაც ეს თამაში კიდევ უფრო მდიდარი გახადეს. მაგალითად, იყო პელე, რომელმაც 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და 3 მოიგო, გაიტანა 1000-ზე მეტი გოლი და თამასა ზედმეტად მაღლა აწია. ელენიო ერერას კატენაჩო და „ინტერის“ მიერ ზედიზედ ორჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი. შემდეგ იყო ბეკენბაუერი და თავისი ლიბერო, მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში. რინუს მიხელსი და ტოტალური ფეხბურთი, რომელიც მისმა ბეჯითმა შეგირდმა იოჰან კრუიფმა აითვისა და განავითარა, ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ გაიტანა და „ბარსელონამდე“ მივიდა... სწორედ აქედან იწყება საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თავი, რომელიც დღეს თითქმის მკვდარია.
როდესაც რაიმე ახალს ქმნი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ბუნებრივია ეს შენ უნიკალურს გხდის და ისტორიაში სამუდამოდ რჩები, თუმცა ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, როდესაც უკვე არსებულს აიღებ და მას კიდევ უფრო განავითარებ, უფრო სრულყოფილს გახდი. სწორედ ეს გააკეთა პეპ გუარდიოლამ „ბარსელონაში“ 4 წლიანი მუშაობის შედეგად.
მან ფეხბურთელობისას კრუიფთან ერთად 6 წელი იმუშავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ წლების შემდეგ პეპს ტოტალური ფეხბურთი ახალ საფეხურზე აეყვანა და საფეხბურთო სამყაროსთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, თუ რომელი სტილი იმყოფება სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს.
ეს რაც აქამდე ვთქვი აუცილებელი შესავალი იყო. ახლა უნდა ვისაუბროთ რღვევაზე, ნგრევაზე, ჩამოშლაზე - 2008 წლიდან დაწყებული არნახული წინსვლა, რომელიც 2015 წელს შეჩერდა და 2016-დან უკუსვლა დაიწყო. შევეცდები ყველაფერი ქრონოლოგიურად შემოგთავაზოთ, დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მომინდია.
სად და როდის გადაიდგა პირველი არასწორი ნაბიჯი
„გუარდიოლა პრეზიდენტთან მივიდა და უთხრა, რომ შემადგენლობიდან 4 მოთამაშე არ სჭირდებოდა. ესენი იყვნენ რონალდინიო, ანრი, ეტოო და დეკო.
ნამდვილი სიურპრიზი იყო, რომ სამუელ ეტოომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც რომში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ხსენებულ ფინალში ტიერი ანრიმაც ითამაშა და ისიც ძირითადში იყო. ფრანგმა იმ სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 25 გოლის გატანა შეძლო.
მას შემდეგ რაც პეპმა პრეზიდენტს ხსენებული ოთხი მოთამაშის გაშვება მოსთხოვა, ლაპორტამ მას ჰკითხა, თუ ვისი შეძენა სურდა. გუარდიოლას პასუხი ასეთი იყო: არავის. ჩვენ შეგვიძლია შემადგენლობა მესამე დივიზიონში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევავსოთ, - მან რეკომენდაცია ბუსკეცსა და პედროს გაუწია.“ - ეს ისტორია რამდენიმე წლის წინ, „მილანის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა არიგო საკიმ გაიხსენა.
საბოლოოდ გუნდი რონალდინიომ და დეკომ დატოვეს. სამუელ ეტოო კი ერთი სეზონის შემდეგ მილანის „ინტერს“ შეუერთდა.
მარტივ და ბანალურ კითხვას დავსვამ: რატომ იყო და არის გუარდიოლა მაგარი მწვრთნელი? იმიტომ, რომ ის რთულ გადაწყვეტილებებს მარტივად იღებს და ამის არასდროს ეშინია.
რატომ დატოვა მან „ბარსა“? „ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ეტაპი ამ გუნდში დასრულდა. როდესაც მწვრთნელი ტოვებს კლუბს, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე როდესაც გუნდი უშვებს მწვრთნელს.” - ეს პეპმა თქვა, თუმცა რეალური მიზეზი სულ სხვა იყო, რომლის შესახებაც ესპანურმა პრესამ მოგვიანებით დაწერა.
გუარდიოლას შემადგენლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება სურდა და ძირითადი შემადგენლობიდან რამდენიმე ცნობილი გვარის მოშორებას ცდილობდა. ზუსტად ვისი? ეს ცნობილი არ არის, ამის შესახებ კონკრეტულად არ დაწერილა.
პეპს სადაც უმუშავია, ის ყველგან აკონტროლებდა სატრანსფერო საკითხებს და შემადგენლობის დაკომპლექტება 100%-ით მის ხელში იყო. „ბარსელონაში“ მუშაობის მე-4 წელს, ეს ასე აღარ იყო. მისი წასვლის მთავარი მიზეზი მხოლოდ ეს ფაქტორი არ გამხდარა, თუმცა ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად იყო.
გუარდიოლა აკონტროლებდა მთელს გუნდს. ლა მასიაში მოთამაშე კუენკა და ტელიო - ფეხბურთელები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათ სკოლა ჰქონდათ გამოვლილი და ესმოდათ, რას ითხოვდა მათგან მწვრთნელი.
გუნდი ტრანსფერებში ასტრონომიულ თანხებს არ ხარჯავდა. დიახ, იყო რამდენიმე უაზრო შენაძენი. მაგალითად, ზლატანი და ჩიგრინსკი, თუმცა კლუბი გონს დროულად მოეგო, იბრა მეორე წელსვე გაუშვა და დავიდ ვილა შეიძინა, რომელმაც 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და რომ არა ფეხის მოტეხვა, ესპანელი კიდევ უკეთ თამაშსაც შეძლებდა.
დავუბრუნდეთ „ლა მასიას“ საკითხს. კლუბის სკოლის აღზრდილთა შორის კუენკაზე და ტელიოზე ბევრად ნიჭიერი მოთამაშეებიც იყვნენ, თუმცა პეპის წასვლის შემდეგ, მათი უდიდესი ნაწილის გამოყენება ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, იყვნენ გამონაკლისები, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლიდა.
ახალგაზრდების მიმართ ეტაპობრივად მცირდებოდა ნდობა და იზრდებოდა სატრანსფერო ბაზარზე დახარჯული თანხების რაოდენობა.
რაზეც საკიმ ისაუბრა და რა გადაწყვეტილებებიც 2008 წელს გუარდიოლამ მიიღო, ამ ყველაფერს გააზრება და გამბედაობა სჭირდება, რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
ამ გუნდმა პეპის დახმარებით თამასა ძალიან მაღლა აწია და მისი წასვლის შემდეგ, „ბარსა“ სწორედ ამ თამასის მსხვერპლი გახდა. ყოველ სეზონში მათგან სასწაულებს ითხოვდნენ და კლუბიც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობდა, მაგრამ - მაგარ შემადგენლობას და უმაღლესი დონის მოთხოვნებს, შესაბამისი მწვრთნელიც სჭირდება, რის ნაკლებობასაც კლუბი 2012 წლიდან დღემდე განიცდის.
ყველაზე უკეთ თავი ლუის ენრიკემ წარმოაჩინა, თუმცა მან 3 წლიდან შესაბამის დონეზე მხოლოდ წელიწადნახევარი იმუშავა, შემდეგ კი სადავეები ხელიდან გაექცა.
მწვრთნელების არასწორად შერჩევა, რღვევისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
კლუბი ზედმეტად ჩაეჭიდა იმ მოსაზრებას, რომ „ბარსა“ აუცილებლად უნდა გაწვრთნას ისეთმა სპეციალისტმა, რომელსაც ადრე გუნდის მაისურით უთამაშია. როგორც უკვე გითხარით, პეპის წასვლის შემდეგ დატოვებული თამასა ძალიან მაღალი იყო და „ბარსა“ სწორედ ამ თამასის მსხვერპლი გახდა.
ვინ რა როლს ასრულებდა შემადგენლობაში - ჩამოშლის მთავარი მიზეზი
გუარდიოლამ მისი ფორმაციის გუნდში მთავარი როლი ნახევარდაცვას მისცა. ბუსკეცი-ჩავი-ინიესტას ტრიო და მათ წინ მდგომი მესი, რომელიც მოედანზე თავისუფლად გადაადგილდებოდა და ნახევარდაცვაში გუნდს მუდმივ რიცხობრივ უპირატესობას უქმნიდა.
„გუარდიოლამ სისტემა შეცვალა. მან ანრის უთხრა, რომ ცენტრალურ მცველებს შორის ეთამაშა, ხოლო ეტოოს მცველებს შორისა და პლუს უკან. პეპმა გაანალიზა, რომ მადრიდელთა დაცვა და ნახევარდაცვა პრესინგს არ თამაშობდა. ისინი ცენტრფორვარდს მჭიდროდ არასდროს მეურვეობდნენ და ჩვენ მესის სახით შევქმენით ცრუ ცხრიანი, რომელიც მოედნის სიღრმიდან ეტოოსთან ერთად რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ბურთთან ყოფნისა და მისი გაკონტროლების დროს ჩვენ ყოველთვის ერთით მეტნი ვიყავით. რიცხობრივ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ვინარჩუნებდით“. - ჩავი „ელ კლასიკოს“ (2-6) შესახებ.
2015 წელს ლუის ენრიკეს გუნდის მიერ მოგებულ ტრიპლეტში სათადარიგოთა სკამს უდიდესი როლი ჰქონდა, სადაც ჩავი და პედრო იმყოფებოდნენ. როდესაც თადარგიში ასეთი დონის მოთამაშეები გყავს, ცხოვრება გაცილებით მარტივი ხდება.
ჩავის წასვლის შემდეგ, ნახევარდაცვაში მთავარი როლი ინიესტამ ითავა, თუმცა გუნდი უკვე აქცენტს შემტევ MSN-ზე აკეთებდა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩავიესტას დუეტის ასე მოკლე დროში ჩანაცვლება შეუძლებელი გახლდათ. კლუბმა გამოსავალი მალევე მოძებნა და ეს სწორი მიდგომა იყო.
დავუბრუნდეთ მწვრთნელის როლს. როგორც უკვე აღვნიშნეთ ლუის ენრიკეს სადავეები ხელიდან მალევე გაექცა. ჩავის შემდეგ გუნდიდან პედროც წავიდა, კლუბმა კი შესაბამისი შემცვლელები ვერ მოძებნა. ეს ყველაფერი როტაციაზე აისახა, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
პსჟ-სთან ისტორიული „ქამბექის“ შემდეგ „ბარსა“ გამოიფიტა, გადაიწვა. ენრიკემ როტაციას მიმართა და ლა ლიგაში ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა. შემდეგ იყო კონფლიქტი ალბასთან, მცდარი არჩევანი შემადგენლობის მხრივ და მარცხი „იუვენტუსთან“. ეს ყველაფერი ნეიმარის წასვლით დასრულდა.
ამ დალაგებულ, სტაბილურ და ლამაზად მოთამაშე მანქანას ერთბაშად რამდენიმე პრობლემა შეექმნა და კლუბის ხელმძღვანელობამ ამას თავი ვერ გაართვა.
გუნდის სათავეში ძლიერი მწვრთნელის არყოფნის შედეგად, ტრანსფერებს კლუბი აკონტროლებდა, რამაც სისტემის რღვევის პროცესი დააჩქარა.
რატომ წავიდა ნეიმარი? გუნდი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა
ყველაფერი პსჟ-სთან „ქამბექიდან“ დაიწყო. ამ მატჩში მთავარი როლი არა მესიმ, არამედ ნეიმარმა ითამაშა. ამჯერად გუნდს ბრაზილიელმა ულიდერა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მოვლენები უსამართლოდ განვითარდა.
ყველას კარგად ახსოვს ის ცნობილი ფოტო, რომელიც სერხი რობერტოს გოლის აღნიშვნისას ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ქომაგებთან ერთად მოზეიმე ლეო მესის გადაუღო.
კადრი მართლაც ფენომენალურად არის დაჭერილი. ესპაურმა გამოცემებმა ხსენებული ფოტო აიღეს და მეორე დილით ყველა გაზეთისა, თუ საიტის მთავარ გვერდზე გამოფინეს.
ამის შემდეგ, ხსენებული ფოტო „კამპ ნოუს“ შესასვლელში ბილბორდზეც გამოაკრეს. ამ ყველაფერმა ცუდად იმოქმედა ნეიმარზე, რომელმაც თავი დაუფასებლად იგრძნო და ეს მართლაც ასე იყო.
ეს ინფორმაცია იმ დროს ესპანურმა პრესამაც დაადასტურა. გასაგებია, რომ მესიმ კლუბის ისტორია გადაწერა და ალბათ მსგავსს მომავალში ვერავინ შეძლებს, მითუმეტეს ნეიმარი ვერასდროს მიაღწევს ლეოს დონემდე, თუმცა კონკრეტულ მატჩში ბრაზილიელმა სული და გული ჩადო და ცალსახად გუნდის ლიდერი იყო, რაც მას არ დაუფასდა.
ნეიმარმა კლუბისგან დაუფასებლობა იგრძნო და წასვლაზე ფიქრი დაიწყო. რა თქმა უნდა, მან პსჟ-ში წასვლით მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამაში მხოლოდ მისი ბრალეულობა როდი იყო.
„ბარსა“ ბრაზილიელის შესაცვლელად მზად არ აღმოჩნდა. დემბელესა და კოუტინიოს ტრანსფერები ნაჩქარევი და ზედმეტად ძვირი იყო.
ყოველი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ 2016 წლიდან არეული სიტუაციის დალაგებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. კლუბმა უამრავი არაფრისმომცემი ტრანსფერი განახორციელა და საკმაოდ დიდი თანხა უმიზნოდ დახარჯა.
მცდარი გადაწყვეტილებები - ყველაფერი ვალვერდეს ბრალი როდია
ამ გუნდის შექმნის დღიდან, ანუ 2008 წლიდან დაწყებული ნახევარდაცვა სულ უფრო ძლიერდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა. ბუსკეცი, ჩავი, ინიესტა, კეიტა, ფაბრეგასი, ტიაგო და მათ წინ მესი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლიდან უკუსვლა, გუნდის ჩამოშლის პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
ამ სრულყოფილი შუა ხაზიდან ბოლო 3 წელიწადში დარჩა მხოლოდ მესი და ბუსკეცი. უფერული ნახევარდაცვა, რომელიც უბრალოდ ბურთს აკონტროლებს, მაგრამ ხიფათისა და კრეატივის შექმნას ვერ ახერხებს.
ბოლო წლებში, რომ „ბარსა“ მხოლოდ მესი არის, ეს მხოლოდ არგენტინელის სიდიადის გამო როდი ხდება. პეპის გუნდი იმიტომ იყო სრულყოფილი, რომ შემადგენლობაში ყველა თავის როლს ირგებდა და ასრულებდა.
იყო რაღაცები რისი კეთებაც მესის არ უწევდა. განა არ შეეძლო, უბრალოდ ამის აუცილებლობა არ იყო. გუარდიოლა ყოველთვის ცდილობდა, რომ ლეოს საჯარიმოსთან რაც შეიძლება ახლოს ეთამაშა და მოედნის ცენტრიდან, ან საკუთარი ნახევრიდან შეტევების წამოწყებაში მას დრო და ენერგია არ დაეხარჯა.
როცა მესის წინ ნეიმარი და სუარესი ჰყავდა, ის ჩავის ფუნქციების შეთავსებას ცდილობდა და ეს მცდარი გადაწყვეტილება არ ყოფილა. არგენტინელმა თავისი არსენალი კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა, მაგრამ ბოლო წლებში, როცა გუნდს წინ მხოლოდ სუარესი დარჩა, რომელსაც უკვე ასაკიც ეტყობა და ტრავმებიც ხელს უშლის, პლუს ამას ნახევარდაცვაში გუნდს აღარ ჰყავს ფიგურა, რომელიც მატჩის შეტევებს წარმართავს - ეს ყველაფრის მიმართ მესის როლს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში მიუღებელია. არ შეიძლება 1 მოთამაშე ყველაფერს აკონტროლებდეს, ამის საშუალებას მეტოქე არ მოგცემს.
რაც 2018-2019 წლების სეზონში, ანუ გასულ წელს ვიხილეთ - ეს იყო რაღაც დაუჯერებელი და საოცარი. მესის ჩავის, ინიესტასა და თავისი როლის თამაში ერთდროულად უწევდა და ამას „ლივერპულთან“ „ენფილდზე“ გამართულ მატჩამდე იდეალურად აკეთებდა. ეს იყო ერთი კაცის შოუ და პირადად მე, ოდნავადაც არ გამკვირვებია, რომ ოქროს ბურთი არა ვან დეიკს, არამედ არგენტინელს გადაეცა.
საბოლოოდ, დავინახეთ რომ არ შეიძლება ერთმა კაცმა ყველაფერი მოიგოს. დიახ, სეზონის სასწაულებრივ ფინალთან ახლოს ვიყავით, მაგრამ „ახლოს ყოფნა“, „თითქმის“, და ასე შემდეგ - ეს სხვა რამაა და საბოლოო შედეგი კი სულ სხვა.
ვალვერდემ „ბლაუგრანაში“ გატარებული 2.5 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე ხდებოდა, თუმცა იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოოდ მცდარი აღმოჩნდა და ეს არა მწვრთნელის, არამედ კლუბის ხელმძღვანელობის ბრალი იყო.
მაგალითად ავიღოთ ჩვენ მიერ ზემოხსენებული სატრანსფერო პოლიტიკა. ვალვერდე გუნდში დანიშვნისა და ნეიმარის დაკარგვის შემდეგ, სათადარიგოთა სკამის გაძლიერებას ითხოვდა. მას ვილიანის შეძენა სურდა, რომელსაც ორივე ფლანგზე გამოიყენებდა.
კლუბმა მწვრთნელის მოთხოვნა ვერ შეასრულა. მომდევნო წელს ვალვერდემ ვილიანი ისევ მოითხოვა, „ბარსამ“ კი მას 41 მილიონად მალკომი უყიდა, რომელიც ამპლუით მესის პოზიციაზე თამაშობდა. ახალგაზრდა ბრაზილიელს ფლანგის შეცვლა მოუხდა, რასაც თავი ვერ გაართვა, თუმცა მას დიდად არც მწვრთნელი ენდობოდა, რაც გასაკვირი არ იყო.
აქ ნათლად გამოჩნდა, რომ „ბარსას“ ბორდი თვითნებურად მოქმედებდა და იმას ვერ (ან არ) აკეთებდა, რაც მწვრთნელის აზრით გუნდს სჭირდებოდა.
მეორე ასეთი ფაქტი პაულინიოს შემთხვევაში მოხდა. ვალვერდეს ნახევარდაცვაში გოლის გამტანი და ამავდროულად მშრომელი შუახაზელი სჭირდებოდა.
მან პაულინიო საკმაოდ წარმატებით გამოიყენა, სეზონის ბოლოს კი კლუბმა ბრაზილიელი უკან ჩინეთში დააბრუნა. ამ ფაქტზე ვალვერდე გაბრაზდა და ეს ინფორმაცია პრესამდეც მივიდა. ტრანსფერი მწვრთნელისგან უკითხავად განხორციელდა.
გაბრაზებულ ვალვერდეს დასამშვიდებლად არტურო ვიდალი მიუყვანეს, რომელიც პაულინიოზე მაღალი დონის მოთამაშეა, თუმცა ბრაზილიელის მსგავს გოლის ალღოს ჩილელი ნამდვილად ვერ ფლობს.
დიახ, ვალვერდემ უამრავი შეცდომა დაუშვა, ასევე თავად პაულინიოს შემთხვევაშიც, როდესაც რომში 0-3-ის დროს, ის მოულოდნელად ძირითადში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეუშვა, თუმცა მწვრთნელის გარდა გამოიკვეთა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომებიც, რომლებმაც გუნდს პირდაპირ ზიანი მიაყენეს.
ერთი სტილის და ნაკლებად შემტევი ნახევარმცველები - ეს ბარსელონაა, თუ?
მიმდინარე სეზონში არსენ ვენგერმა „ბარსას“ პრობლემებზე ისაუბრა და გუნდის ნახევარდაცვა განსაკუთრებით გამოყო:
„მათ გამტანი ნახევარცველი არ ჰყავს. მოედნის ცენტრში არავინ ჰყავთ, ვინც მეტოქის საჯარიმოში იმოძრავებდა. ის გუნდური თამაში, რომელიც მათი ძლიერი მხარე იყო, აღარ არსებობს“.
ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ „ბარსა“ ბოლო წლებში ზემდეტად ბევრ გადაცემას ასრულებს და მათგან მწვავე ძალიან ცოტაა. ასეთ რამეს მატჩების დროს კომენტატორებისგანაც მოისმენდით, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელის ბრალია - ამის მთავარი მიზეზი თავად მოთამაშეები არიან.
ბუსკეცი, დე იონგი, რაკიტიჩი, ვიდალი, არტური, სერხი რობერტო - კატალონიელთა შუა ხაზი დღეს ასე გამოიყურება.
მოედნის ცენტრიდან თამაში შესაბამისად არ მწვავდება. თუ, მესი სიღრმეში არ ჩაიწევს და ყველაფერს თავად არ იზამს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი უბრალოდ ბურთს აგორებს - პასი პასისთვის...
"ვერ ვიტან, როდესაც ფეხბურთელი პასს მხოლოდ პასისთვის აკეთებს. ვერ ვიტან "ტიკი ტაკას". ეს სისულელეა, რომელსაც მიზანი არ გააჩნია. როდესაც გადაცემას აკეთებ, მკვეთრად განსაზღვული მიზანი უნდა გქონდეს და ეს გოლის გატანა უნდა იყოს.
წარმატების საიდუმლო ის გახლავთ, რომ მოედნის ერთი მონაკვეთი დაიტვირთოს და მეტოქეს დაცვას მოდუნება აიძულოს. თქვენ მეტოქეს აიძულებთ კონკრეტულ მონაკვეთში ძალების დამატებითი მობილიზაცია მოახდინოს, რითიც ამ დროს მისი დაცვა სუსტდება. და როდესაც მეტოქე ამას გააკეთებდა, ჩვენ შეტევაზე გადავდიოდით და გოლი მოედნის სხვა მონაკვეთიდან გაგვქონდა. სწორედ ამიტომაა საჭირო ბევრი გადაცემა, მაგრამ ამას კონკრეტული მიზნისთვის უნდა აკეთებდე." - ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს სიტყვები პეპ გუარდიოლას ეკუთვნის.
დღევანდელი „ბარსელონა“ სწორედ იმას თამაშობს, რაზეც გუარდიოლა წლების წინ საუბრობდა და რასაც ის ვერ იტანდა - სწორედ ამად იქცა „ბარსა"...
დასკვნა
გამოსავალი არც ტრანსფერებია და არც მწვრთნელის შეცვლა, რადგან კლუბის ამჟამინდელი ბორდი არასდროს მოიყვანს ისეთ კადრს, რომელიც მათ არ დაემორჩილება და ტრანსფრებზე სრულ კონტროლს მოითხოვს.
რატომ მიაღწია სერ ალექს ფერგიუსონმა იმ ყველაფერს და რატომ გადაწერა „მანჩესტერის“ ისტორია? რატომ აკეთებს იგივეს იურგენ კლოპი „ლივერპულში“? მათ საქმიანობაში და გადაწყვეტილებებში არავინ ერეოდა და ერევა. მართალია ამ ორ სპეციალისტს სხვადასხვა დროში მუშაობა მოუხდა, თუმცა მათი მიდგომები მსგავსია - ორივემ ნულიდან დაიწყო და საბოლოოდ ის გააკეთეს, რაც კლუბს სჭირდებოდა.
სწორედ ეს აკლია დღევანდელ „ბარსელონას“ - ძლიერი სპეციალისტი და ხელმძღვანელობა, რომელიც მას სრულ ნდობასა და თავისუფლებას მისცემს.
„ბარსას“ ამჟამინდელი ბორდი ვერაფერს შეცვლის. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ზაფხულისთვის მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანის დანიშვნას ცდილობდნენ.
კუმანს სადაც უმუშავია ყველგან პრაგმატული სტილი დანერგა და ყველა გუნდიდან ნაადრევად გამოუშვეს.
ისევ ნაცნობი შეცდომა - გუნდის რიგებში ნათამაშები მწვრთნელი, რომელიც შიდა სამზარეულოსა და დეენემს იცნობს. ეს, ის დეენემია ბოლო 2 წელიწადში, რომ უმოწყალოდ ათრიეს, ჯერ რომში, შემდეგ კი ლივერპულში.
ანუ ეს არის მთავარი? მწვრთნელის ხედვა, მიდგომა და შედეგები გასათვალისწინებელი არ არის?
სულ ეს იყო. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია...