„ეს ბიჭი შეშლილია“ - ფერდინანდი ნისტელროისა და ანრის მეტოქეობას იხსენებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა რუუდ ვან ნისტელროისა და ტიერი ანრის შორის არსებულ მეტოქეობაზე ისაუბრა. ფერდინანდმა ინტერვიუ Manchester Evening News-ს მისცა და განაცხადა:
„დიადი ფეხბურთელებისთვის დიადი მეტოქის ყოლა აუცილებელია. ისინი ერთმანეთს აკვირდებიან და საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე უფრო მეტს მუშაობენ.
რუუდ ვან ნისტელროი მატჩების შემდეგ, გასახდელში შემოდიოდა ხოლმე და განადგურებული იყო. პრემიერ ლიგის მოსაგებად ვიბრძოდით და ერთხელ მეტოქე 3-1 თუ 4-1 დავამარცხეთ, ნისტელროიმ კი ერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის შემდეგ, რუუდი გასახდელში შემოვიდა, ტელევიზორს შეხედა, თავი გააქნია და ამოიოხრა.
ნისტელროი თავის ადგილას დაჯდა. ჩვენ კი ვკითხეთ: „რუუდ კარგად ხარ? რა მოხდა“? მან გვიპასუხა: „არაფერი, არაფერი“. შემდეგ ვიღაცამ თქვა: „ტიერი ანრიმ დღეს დუბლი გაიფორმა, რუუდმა კი, მხოლოდ ერთი ბურთი შეაგდო. ნისტელროი ახლა ანრის ერთი გოლით ჩამორჩება“.
ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. რუუდი გასახდელში განადგურებული იჯდა ხოლმე და ეს ყველასთვის შესამჩნევი იყო. მახსოვს ვიჯექი და ვფიქრობდი: „ეს ბიჭი შეშლილია. ჩვენ 3-1 მოვიგეთ. მან გოლი შეაგდო, საგოლე გადაცემაც მიითვალა და მაინც იმედგაცრუებულია“.
შეგახსენებთ, რომ ნისტელროიმ „მანჩესტერის“ მაისურით 219 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 150-ჯერ აიღო.