''საიმედო კვერკველია'' - სიომინის ნდობა და გაზაევის კომპლიმენტი
რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია მოხვდა, რომელმაც ''როსტოვთან'' გასვლით მატჩში შესანიშნავად ითამაშა.
სიმბოლური გუნდი ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა, მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა შეადგინა. გაზაევი, რომელსაც 80-იან წლებში თბილისის ''დინამოში'' უთამაშია, კვერკველიას აქებს და აღნიშნავს, რომ ''როსტოვთან'' შეხვედრაში ძალიან საიმედო იყო და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
''როსტოვისა'' და ''ლოკომოტივის'' შეხვედრა სიომინის გუნდის გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
შეგახსენებთ, სეზონის პირველ ნახევარში კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მოთამაშის თქმით ტრავმის გამო სასურველ ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდა. სეზონის მეორე ნახევარში კვერკველია კვლავ სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელად იქცა და იური სიომინის მხრიდან დიდი ნდობა აქვს.
ყველა ტურნირის ჩათვლით 28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, რუსეთის ჩემპიონატისა (4) და რუსეთის თასის (1) გარდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დიეგო სიმეონეს ''ატლეტიკოსთან'' 90 წუთი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ''ზენიტთან'' შეხვედრაში კვერკველიას წითელი ბარათი უჩვენეს, თუმცა შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილება კლუბმა გაასაჩივრა და კვერკველიას დისკვალიფიკაცია გაუუქმეს.
22 ტურის შემდეგ ''ლოკომოტივი'' 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ''ზენიტს'' 9 ქულით ჩამორჩება.