LIVE - ყველა სპორტსმენი, რომლებსაც ამ მომენტისთვის კორონავირუსი დაუდასტურდათ
ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებულმა კორონავირუსმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და დედამიწამზე მცხოვრები 7 მილიარდ ადამიანზე მეტს ცხოვრების ყოველდღიური წესი შეუცვალა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი უკვე პანდემიად გამოაცხადა. ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაშია, სადაც დღეში 200 ადამიანამდე იღუპება. ვირუსის გავრცელების ტემპით კი პირველ ადგილზე ესპანეთი იმყოფება.
კორონავირუსი შეეხო სპორტსაც და პრაქტიკულად ყველა ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ან უბრალოდ გაუქმდა.
სამყარო ბევრ სხვა რამესთან ერთად სპორტის გარეშეც დარჩა. გთავაზობთ ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით ყველა სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ:
ტურინის „იუვენტუსის“ 25 წლის იტალიელი მცველი დანიელე რუგანი ერთ-ერთი პირველი სპორტსმენია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ფოტო „ინტერთან“ მატჩის შემდეგ არის გადაღებული, სადაც ნათლად ჩანს, რომ რუგანი გუნდელებთან ერთად ზეიმობს. ამ მომენტში ის უკვე ვირუსის მატარებელი იყო.
ამჟამად მთელი „იუვენტუსი“ კარანტინშია და ვირუსზე შემოწმებას გადის.
„იუტა ჯაზის“ ფრანგი ცენტრი რუდი გობერი NBA-ს პირველი კალათბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შემდეგ ლიგამ შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადადო და ყველა გუნდი, თუ მოთამაშე ვისაც გობერთან შეხება ჰქონდა კარანტინშია მოთავსებული.
გობერმა ამ ამბის გაგების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოქვეყნა:
„მინდა ყველას, ვინც ბოლო 24 საათის განმავლობაში მხარდაჭერა გამომიცხადა და ჩემ გამო ღელავდა მადლობა გადავუხადო. დიაგნოზის გაგების შემდეგ, სხვადასხვა ემოცია დამეუფლა. უმეტესწილად შიშს, შფოთსა და უხერხულობას ვგრძნობდი.
პირველ რიგში მინდა საჯაროდ მოვუბოდიშო ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენე. იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა, დაინფიცირებული რომ ვიყავი. დაუდევრობა გამოვიჩინე და თავს ვერაფრით გავიმართლებ. იმედი მაქვს ჩემი ამბავი თქვენთვის გაფრთხილება იქნება და ყველაფერს სერიოზულად მიუდგებით. პირადად მე ძალებს არ დავზოგავ, რომ ჩემი გამოცდილებით სხვებს
საჭირო ცოდნის მიღებაში დავეხმარო და კორონავირუსის გავრცელებას მაქსიმალურად შევუშალო ხელი.
კარგად მკურნალობენ და აუცილებლად გამოვჯანმრთელდები. მადლობა თანადგომისთვის. ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმუმი გააკეთოს. სიყვარულით, რუდი გობერი“.
როგორც მოსალოდნელი იყო, გობერის შემდეგ კორონავირუსი სხვა კალათბურთელსაც დაუდასტურდა და ეს მისი თანაგუნდელი დონოვან მიჩელია.
„ჯაზმენების" 58 წარმომადგენელს ტესტები ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მხოლოდ დონოვან მიჩელს მოუვიდა.
ESPN-ის ინფორმაციით, პირად საუბრებში „იუტას" კალათბურთელებმა აღნიშნეს, რომ გობერი გასახდელში დაუდევრად იქცეოდა და კონტაქტი თანაგუნდელებთან და მათ ნივთებთან ჰქონდა.
„სამპდორიას“ იტალიელ ფორვარდს მანოლო გაბიადინის კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა.
ინფორმაცია „სამპამ“ ოფიციალურად დაადასტურა. თავად ფეხბურთელმა კი ქომაგებს სოციალური ქსელიდან მიმართა:
„კორონავირუსი აღმომაჩნდა. მინდა უამრავი წერილისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე, მადლობა გადაგიხადოთ. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ და არ ინერვიულოთ. წესები დაიცავით, სახლში დარჩით და ყველაფერი კარგად იქნება".
კორონავირუსი „არსენალის“ ესპანელ მწვრთნელს მიკელა არტეტასაც დაუდასტურდა.
არტეტამ მოგვიანებით საზოგადოებასაც მიმართა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ ის თავს უკეთ გრძნობს:
„მადლობა მხარდაჭერისთვის, თავს უკეთ ვგრძნობ. კორონავირუსი უდიდესი და უპრეცედენტო გამოწვევაა. ახლა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები. დიდი მადლობა პრემიერ ლიგას სწორი გადაწყვეტილების მიღების გამო.“
პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი მატარებელი „ჩელსის“ ფორვარდი კალუმ ჰადსონ-ოდოი აღმოჩნდა, რომელსაც კოვიდ-19 13 მარტს აღმოუჩინეს.
„არსენალის“ სამწვრთნელო შტაბისა და ძირითადი გუნდის წევრები კარანტინში იმყოფებიან, ისევე როგორც „ჩელსიში“ მომუშავე პერსონალი და ფეხბურთელები, რომლებსაც ჰადსონ-ოდოისთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, 3 აპრილამდე გადაიდო როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ყველა ქვედა ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩები.
კორონავირუსი აღმოაჩნდა მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის წევრს ტრეი ტომპკინსს, რომლის თანაგუნდელები და კლუბის პერსონალი ამჟამად სრულ იზოლაციაშია.
ვინაიდან და რადგანაც საკალათბურთო და საფეხბურთო კლუბებს ერთი ბაზა აქვთ, კარანტინში ზინედინ ზიდანის გუნდიც მოათავსეს.
ლა ლიგაში ყველა მატჩი 3 აპრილამდე გადაიდო. ესპანეთში ვითარება უკიდურესად არის გართულებული. ქვეყანა ამჟამად ვირუსის გავრცელების ტემპით პირველ ადგილზე იმყოფება.
კორონავირუსი დაუდგინდა პროფესიონალ კოლუმბიელ ველომრბოლელს ფერნანდო გავირიასა და რუს დმიტრი სტრახოვს.
ბუნდესლიგა 2–ის ბინადარ „ჰანოვერის“ ცენტრალურ მცველს ტიმო ჰუბერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ფეხბურთელი უკვე კარანტინში იმყოფება.
გუნდის სხვა ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და თანამშრომლები კი სავალდებულო შემოწმებას გადიან.
კორონავირუსი დაუდგინდა „ჰანოვერის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს გერმანელ მარცხენა მცველს იანეს ჰორნს.
23 წლის ფეხბურთელი კარანტინში იმყოფება და მკურნალობის პროცესს გადის. ასევე, მოწმდება ყველა ადამიანი ვისაც მასთან ბოლო დღეებში შეხება ჰქონდა.
„ფიორენტინას“ 20 წლის სერბ შემტევს დუშან ვლაჰოვიჩს კორონავირუსი 13 მარტს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ვლაჰოვიჩი ასიმპტომურია და საკუთარ სახლში იზოლირებულია.
„ფიორენტინამ“ დროულად იმოქმედა და გააქტიურა კანონით მოთხოვნილი ყველა პროცედურა, რომელიც იზოლაციასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნილი. ყველა იმ პირს ჩაუტარდება გამოკვლევა, რომელთაც ვლაჰოვიჩთან კონტაქტი ჰქონდათ.
football-italia-ს ცნობით ''ფიორენტინას'' კიდევ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდათ, იტალიური მედიის ცნობით ინფიცირებულები პატრიკ კუტრონე და ჰერმან პეცელა არიან.
რუდი გობერისა და დონოვან მიჩელის შემდეგ, კორონავირუსი NBA-ს კიდევ ერთ მოთამაშეს დაუფიქსირდა. საუბარია „დეტროიტის“ ფორვარდ კრისტიან ვუდზე.
CBC-ის ცნობით, ვუდმა გობერის წინააღმდეგ ითამაშა და დიდი ალბათობით ვირუსი სწორედ ამის შემდეგ გადაედო. „დეტროიტისა“ და „იუტას“ შეხვედრა 1 კვირის წინ შედგა, ტესტმა კი დადებითი პასუხი დღეს აჩვენა.
ლა ლიგაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. „ვალენსიას“ არგენტინელი ცენტრალური მცნველი ეზეკიელ გარაი კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული.
„აშკარაა, რომ 2020 წელი ცუდად დავიწყე. კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. თავს კარგად ვგრძნობ, ახლა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინო. ამჟამად იზოლაციაში ვიმყოფები“. - წერს 33 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ, „ვალენსიას“ მთელი გუნდი კორონავირუსზე შემოწმდა, დადებითი პასუხი კი მხოლოდ გარაის მიუვიდა.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ „ღამურების“ მთელი გუნდი იზოლაციაში უნდა დარჩეს, ასევე ყველა ადამიანი ვისთანაც გარაის შეხება ჰქონდა. მათ მინიმუმ 2 კვირის განავლობაში აქტიურად დააკვირდებიან.
ბოლო ცნობით, გარაის გარდა "ვალენსიას" კიდევ 4 წარმომადგენელი დაინფიცირდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მათ შორის არიან ფეხბურთელები და ტექნიკური პერსონალის თანამშრომლები.
ჟონათას დე ჟესუსი "ელჩეს" ფეხბურთელი 15 მარტს დაინფიცირდა.
ომარ კოული, ალბინ ეკდალი, მორტენ თორსბი, ანტონიო ლა გუმინა - "სამპდორიაში" ურთულესი სიტუაციაა. გაბიადინის შემდეგ ერთბაშად 4 ადამიანი დაინფიცირდა.
მარტინ ორტეგა - "ლეგანესის" გენერალური დირექტორიც ინფიცირებულია.
"პადერბორნის" ფეხბურთელი ლუკა კილიანი დაინფიცირებულ სპორტსმენთა რიცხვს შეუერთდა.
ევანგელოს მარინაკისი - "ოლიმპიაკოსის" მფლობელიც ინფიცირებულია.
კრის კილსმეიერი, "კლივლენდ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი.
მასიმილიანო რიკეზე - იტალიელი ველომრბოლელი.
8 წლის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკის 15 მარტს დილით კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.
“გუშინ თავს კარგად ვგრძნობდი, დღეს დილით გავიღვიძე და ვთქვი, რომ ნამდვილად ჯანმრთელად ვიყავი, მაგრამ სიცხე მქონდა“. - ამბობს ჩიომარუ.
Nikkansports-ის ცნობით, სუმოს ასოციაციის განცხადებით, თუ რომელიმე სხვა რიკიშის, ან უბრალოდ იქ მყოფ ადამიანთა შორის ვინმეს სიმპტომი აღენიშნა, ტურნირი აუცილებლად შეწყდება.
ფოტოზე - ჩიომარუ ტოჩინოშინის წინააღმდეგ, 2019 წელი
''ვალენსიას'' ხუთ თანამშრომელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მათ შორის არიან ფეხბურთელები და ტექნიკური პერსონალის თანამშრომლები.
კოვიდ-19 დაუდასტურდათ ეზეკიელ გარაის, ელიაკიმ მანგალასა და ხოსე გაიას.
21 წლის ესპანელი მწვრთნელი ფრანსისკო გარსია, რომელიც „ატლეტიკო პორტადა ალტას“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გახლდათ, დღეს კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, გარსია რისკის ზონაში იყო, რადგან იგი ონკოლოგიური ავადმყოფი გახლდათ. მას სულ ახლახანს სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული, რის შემდეგაც კორონავირუსი მწვავე პნევმონიაში გადაეზარდა. ახალგაზრდა სპორტსმენი სწორედ ამიტომ შეეშვა ფეხბურთის თამაშს და საქმიანობა სამწვრთნელო მიმართულებით განაგრძო.
ფრანსისკო გარსიას ორგანიზმმა ამდენს ვერ გაუძლო და ყველაფერი ფატალურად დასრულდა.
დანიელე რუგანის შემდეგ „იუვენტუსის“ მეორე ფეხბურთელს, ბლეზ მატუიდის კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია ტურინულმა გრანდმა გაასაჯაროვა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ბლეზ მატუიდის ტესტები ჩაუტარდა და მას კორონავირუსი, COVID-19 დაუდასტურდა.
11 მარტიდან ფეხბურთელი თავისივე ნებით, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. მასზე დაკვირვება გაგრძელდება და მატუიდი რეჟიმს არ შეიცვლის. ის თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება“.
მადრიდის „რეალის“ ყოფილ პრეზიდენტ ლორენცო სანსს, კორონავისური დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა სერიოზულია.
ლა ლიგის კლუბ „ესპანიოლის“ 6 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კატალონიური გუნდის განცხადებაში წერია, დაინფიცირებულთა ნაწილი ფეხბურთელია, ხოლო დანარჩენი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი. გვარები არ გახმაურებულა.
18 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ბრუკლინ ნეტსის“ 4 კალათბურთელს, მათ შორის კევინ დურანტსაც კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შემდეგ, „ლეიკერსის“ ყველა კალათბურთელს ტესტები ჩაუტარეს და 14 დღიან კარანტინში მოათავსეს.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ „ბრუკლინმა“ ბოლო შეხვედრა 10 მარტს სწორედ „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართა.
ამრიგად ლებრონი და კომპანია კარანტინშია მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაცია „ელეის“ ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმაც დაადასტურა.
ბრაზილიური „ფლამენგოს“ 65 წლის პორტუგალიელ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუჟს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას თავადვე აცნობა.
ჟეზუშის თქმით მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ის კარანტინში რჩება.
რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი „ფლამენგოს“ ვიცე-პრეზიდენტს მაურისიო გომეს დე მატოსსაც აღმოაჩნდა.
P.S. სამწუხაროდ ევროპაში კორონავირუსი პროგრესირებს და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. სავარაუდოდ გაიზრდება კოვიდ-19-ის მქონე სპორტსმენთა რიცხვიც. ჩვენც შევეცდებით ინფორმაცია დროულად და ამომწურავად მოგაწოდოთ.