“ენფილდზე“ მორიგი დიდებული სანახაობა ვიხილეთ, თუმცა ამჯერად მასპინძელთათვის ყველაფერი ცუდად დასრულდა.
ვინც ამ 120 წუთიან თრილერს უყურა, მისთვის ნათელია თუ რაც მოხდა, რატომ და როგორ წააგო კლოპის გუნდმა. „მერსისაიდელებს“ ძალიან არ გაუმართლათ, რასაც იან ობლაკის სასწაული თამაშიც დაემატა, შედეგად მოხდა ის რაც მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ნათელია, ამ შეხვედრაში მაინც იყო ისეთი დეტალები, რომელთა უფრო მკაფიოდ, მარტივად და გასაგებად წარმოჩენა ვფიქრობ საინტერესო იქნება.
შემადგენლობები, სქემა, შეცდომები - ანუ, რამ გაამართლა და რამ არა
კლოპმაც და სიმეონემაც საკმაოდ თამამი თერთმეტეულები შეარჩიეს და თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეხვედრაში ბევრ მომენტს ვიხილავდით, თუმცა საწყის 90 წუთში საქმეში მხოლოდ ობლაკი ვიხილეთ.
მასპინძლები ჩვეულ სტილში 4-3-3-ით წარსდგნენ, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.
ოდნავ მოულოდნელი იყო სიმეონეს არჩევანი, რომლისგანაც მატჩის სტარტზე უფრო მეტად მჭიდრო და მძიმე ძირითადს ველოდით, თუმცა „ჩოლომ“ მოედანზე 3 ნახევარმცველი და 3 შემტევი გამოიყვანა, რითიც ყველას დაანახა, რომ ტურინში შარშან დაშვებული შეცდომის გამეორებას და პირველივე წუთებიდანვე ყრუ დაცვაში ყოფნას არ გეგმავდა, თუმცა ერთია რას გეგმავ და მეორე, რის საშუალებას მოგცემს მეტოქე.
პირველივე წუთზე ფელიქსმა და კოშტამ საგოლე მომენტი შექმნეს. პორტუგალიელის გადაცემა ოდნავ უფრო ძლიერი, რომ ყოფილიყო, შესაძლოა კოშტა ერთი-ერთზეც კი დარჩენილიყო.
ამ მომენტში აშკარად შეცდა ვირჯილ ვან დეიკი, რომელიც ხელოვნური თამაშგარის შექმნისას დაცვაში ჩარჩა და კოშტამ დარტყმის შანსი მიიღო. ამის შემდეგ, მადრიდელებს 90 წუთის განმავლობაში უფრო სახიფათოდ აღარ შეუტევიათ.
ყველას კარგად ახსოვს „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართული პირველი შეხვედრა, რომელიც სიმეონეს გუნდმა იდეალურად ჩაატარა და „ლივერპულს“ სივრცეები საერთოდ არ დაუტოვა.
რა პლუსებიც კლოპის გუნდს აქვს, „როხიბლანკომ“ მათი გამოყენების საშუალება „მერსისაიდელებს“ არ მისცა და სცენარი სათავისოდ წარმართა.
პირველი მატჩის სტატისტიკა, რომელიც შედეგთან პირდაპირ კავშირში იყო
საწყისი 90 წუთის მიხედვით კლოპმა სიმეონე პირწმინდად დაჩაგრა, თუმცა ობლაკის ფაქტორმა მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
ყველა გოლი - აშკარა და მოულოდნელი შეცდომები...
დავუბრუნდეთ განმეორებით შეხვედრას, რომელიც „როხიბლანკომ“ საკმაოდ ცუდად ჩაატარა და დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვა. „ლივერპული“ მომენტებს სტაბილურად ქმნიდა, თუმცა ობლაკი არ ცდებოდა. საბოლოოდ, 43-ე წუთზე შეცდა „ატლეტიკოს“ უკანა ხაზი.
მარჯვენა ფლანგიდან ჩემბერლენის ჩაწოდების შემდეგ, მადრიდელთა დაცვამ უხეში შეცდომა დაუშვა. ვეინალდუმი და მანე საჯარიმოში სრულიად მარტო იმყოფებოდნენ, საბოლოოდ ჰოლანდიელს დარტყმა არ გასჭირვებია და ანგარიშიც გაიხსნა.
“ატლეტიკოს“ პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, მეორეში ადრიანს 3-ჯერ დაურტყეს, თუმცა დიდად სახიფათო არცერთი ყოფილა.
ობლაკის საოცრებების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მეორე ნახევარში მოხდა იყო ცვლილება 56-ე წუთზე, როცა სიმეონემ კოშტას ნაცვლად თამაშში მარკოს ლორენტე ჩართო.
მადრიდელები კვლავინდებურად 4-4-2-ით მოქმედებდნენ, თუმცა ამჯერად სქემა გაცილებით მჭიდრო და პრაგმატული იყო. „ჩოლომ“ თავისი ორი ფორვარდითა და ნახევარდაცვის ფლანგზე მოქმედი ანხელ კორეათი „ლივერპულს“ ბევრი ვერაფერი ხიფათი შეუქმნა, საპასუხოდ კი მათ კართან უწყვეტი შტურმი მიმდინარეობდა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოდნავ მოაზროვნე მწვრთნელი მიხვდებოდა, რომ დროული და გარდამტეხი ცვლილება იყო საჭირო. ლორენტე ამპლუით საყრდენია, თუმცა ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, სწრაფია და ძალიან კარგ დარტყმას ფლობს. მოდანზე მისმა გამოჩენამ სტუმრები ცოტათი ამოასუნთქა.
მოედანზე 4 ნახევარმცველია, ყველა მათგანი ამპლუით ცენტრალურია. ფელიქსი და კორეა წინ კონტრშეტევის იმედად დარჩნენ
სიმეონეს გუნდმა 90 წუთი გაძლო და 0:1 შეინარჩუნა, თუმცა დამატებითი დრო მათთვის ძალიან ცუდად დაიწყო. 94-ე წუთზე დაცვის ცენტრი კვლავ შეცდა. საჯარიმოში ამჯერადაც ძალიან ცუდი განლაგება ვიხილეთ. საფეხბურთო ორჯერ ორია, რომ ასეთ დროს ფორვარდებს მცველები მჭიდროდ უნდა მეურვეობდნენ.
ვეინალდუმის გარღვევა, ჩაწოდება და ვხედავთ, თუ რამხელა სივრცე აქვთ ფირმინოსა და მანეს...
97-ე წუთზე მოხდა ის, რაც როგორც წესი „ლივერპულს“ არ მოსდის ხოლმე, თუმცა ამ საღამოს კარში ალისონის ნაცვლად ადრიანი იდგა...
ესპანელმა მეკარემ მარტივ სიტუაციაში ბურთი ვერ მოიგერია, არაზუსტი გადაცემა ფელიქსმა ჩაჭრა და მალევე ლორენტეს გადააწოდა, რომელმაც პოზიციადაკარგულ მეკარეს იდეალურად შეუსრულა, თუმცა აქ საქმე მხოლოდ ადრიანის შეცდომაში როდია.
დავაკვირდეთ „ლივერპულის“ ფეხბურთელების განლაგებას. მცველები და ნახევარმცველები ყველანი ერთად დგანან და ისე გადაადგილდებიან, თითქოს არაფერი ხდება. გადაცემის მომენტში საჯარიმოსთან 6 „მერსისაიდელია“, მადრიდელები კი მხოლოდ სამნი არიან, ისიც კორეა თამაშგარეშია.
როცა ლორენტემ ბურთი მიიღო, მას ხელს ამჯერადაც არავინ უშლის, არადა „წითლები“ რიცხობრივ უპირატესობაში არიან - 6 „ლივერპულელიდან“ აზრადაც არავის მოსვლია, რომ მას წინ გადაღობებოდა, ან ვარდნა შეესრულებინა.
„ლივერპული“ გაშვებული გოლის შემდეგ მოიშალა, გუნდს დაღლაც დაეტყო. ის ცეცხლოვანი შტურმი სადღაც გაქრა. რატომ? ამაზე ოდნავ მოგვიანებით...
105-ე წუთზე მადრიდელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. მორატამ ბურთი მეტოქის საჯარიმომდე მიიტანა და ლორენტეს გადააწოდა, რომლის ირგვლივაც 4 „ლივერპულელი“ იმყოფებოდა, რომელთაგან წინააღმდეგობის გაწევა და მაგალითად ფეხებში ვარდნა მხოლოდ ჯეიმს მილნერს მოაფიქრდა, თუმცა უკვე გვიანი იყო. ესპანელმა ჩინებულად დაარტყა და ადრიანს შანსი არ დაუტოვა.
121-ე წუთზე სრულიად მორღვეული მასპინძელი მორიგ მარტივ შეცდომას უშვებს. 5 2-ის წინააღმდეგ და მეტოქე აქაც წინააღმდეგობის გარეშე ურტყამს.
საინტერესო დეტალები - ანუ რა პრობლემა აქვთ კლოპისა და „ჩოლოს“ გუნდებს
„ლივერპლმა“ ეს მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ბურთს 64%-ით აკონტროლებდნენ, რაც 120 წუთიანი შეხვედრის კვალობაზე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კარისკენ ჯამში 36-ჯერ დაარტყეს, ხოლო კარის ჩარჩოში 13-ჯერ. სახიფათო შეტევები კი 167-24-ზე იყო!
როდესაც ამხელა უპირატესობას ფლობ და შემდეგ დამატებით დროში 3 ბურთს უშვებ, წარმოუდგენელია ეს მხოლოდ ობლაკისა და ადრიანის ბრალი იყოს.
კლოპის გუნდს მოედნის ცენტრში კრეატიული მოთამაშეების პრობლემა აქვს. როცა „მერსისაიდელები“ ბურთს აკონტროლებენ, ისინი გამუდმებით შეტევაში გადადიან. ამ გუნდს ბურთის დაჭერა, გაგორება, უპირატესობის შენარჩუნება და მეტოქის ამ მხრივ დემორალიზება არ შეუძლია.
არის მატჩები, სადაც მსგავსი არსენალის გამოყენება საჭიროა და სწორედ ასეთი იყო „ატლეტიკოსთან“ შეხვედრა.
კლოპმა სიმეონეს გუნდის სუსტი წერტილები იდეალურად შეისწავლა და დარტყმები სწორედ იმ ადგილებში მიაყენა, სადაც მადრიდელებს განსაკუთრებით უჭირდათ.
„ატლეტიკო“ დაცვის მარჯვენა ფლანგი საკმაოდ სუსტია. გუნდი მეორე სართულზე ორთაბრძოლებისას ისეთი უძლეველი ვეღარ არის, როგორც გოდინი-ხიმენესის ტანდემის დროს იყო. ეს ყველაფერი „მერსისაიდელებმა“ სწორად გამოიყენეს, თუმცა ობლაკმა მოლოდინს დაახლოებით 300%-ით გადააჭარბა.
რთულია კლოპის საქმეში ჩაერიო და მას რამე დაუწუნო, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ამ შეხვედრაში ფაბინიოს მეტი დრო მისცემოდა. „წითლების“ რიგებში, ნახევარმცველთა შორის ბრაზილიელის სათამაშო აიქიუ ყველაზე მაღალია.
რაც შეეხება „ატლეტიკოს“, მათ დაცვაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ისეთი გაუვალი აღარ არის. გუნდური დაცვისას მადრიდელები ხშირად ცდებიან ხოლმე.
რაც მთავარია, „როხიბლანკო“ სტუმრად გამართულ შეხვედრებში ზეწოლას ვერ უძლებს და ობლაკის იმედად რჩება. „ლივერპულმა“ რეალურად“ ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა „მერსისაიდელებს“ მრავალფეროვნება დააკლდათ. სიმეონეს გუნდის დასამარცხებლად უბრალოდ დომინირება საკმარისი არასდროსაა.
სიმეონეს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არგენტინელმა ცვლილებები იდეალურად ზუსტად განახორციელა. მეორე ტაიმის დასაწყისში კოშტას მოხსნა და ნახევარდაცვის გაძლიერება სწორი ნაბიჯი იყო. „ჩოლო“ მიხვდა, რომ ამხელა ზეწოლას 3 ნახევარმცველით ვერ გაუძლებდა. ბევრი ელოდა, რომ კოშტას მორატა შეცვლიდა, რაც არასწორი იქნებოდა. გასულ სეზონში ამას ვერ მიხვდა ვალვერდე, რომელმაც მცდარი სასტარტოს დაყენების შემდეგ, ცვლილებები დააგვიანა და საპასუხოდ რაც მიიღო ყველამ კარგად ვიცით.
დიახ, ფეხბურთისთვის უმჯობესი იქნებოდა „ლივერპულს“ მოეგო, თუმცა სპორტის ეს სახეობა ხომ სწორედ ამით არის განსაკუთრებული - იყო ძლიერი და დომინანტი, არ ნიშნავს იყო ყოველთვის გამარჯვებული.
"მათი მოთამაშეების დონის გათვალისწინებით, არ მესმის რატომ თამაშობს "ატლეტიკო" ასეთ ფეხბურთს. მათ ნამდვილი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ". - ეს სიტყვები კლოპმა მატჩის შემდეგ თქვა.
რა თქმა უნდა, კლოპის გვესმის. ის ძალიან იმედგაცრუებულია, თუმცა ყველა იმას თამაშობს რაც იცის და არა რაც შეუძლია. ამ ორი ფაქტორის ერთდროულად გამოყენება კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ...
P.S. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ეს უმაღლესი დონის ბოლო ჯახი იყო, რომელიც ასეთ დიდებულ ატმოსფეროში ვიხილეთ... ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. იმედია სიტუაცია მალე დასტაბილურდება და საფეხბურთო ცხოვრება დაგვიბრუნდება.