''თუ ჩემთვის რაიმე კარგს გააკეთებ, მაგალითად სტეიკს მომცემ, მაშინ მე გავაკეთებ რაიმე კარგს თქვენთვის და 20 დოლარს მოგცემთ, მე უკეთეს მდგომარეობაში ვარ, რადგან ჩემთვის სტეიკი უფრო ღირებული იყო ვიდრე 20 დოლარი, ხოლო გამყიდველიც უკეთესადაა, რადგან მისთვის 20 დოლარი უფრო ღირებულია ვიდრე სტეიკი.''
ამერიკელი ეკონომისტი უოლტერ ედვარდ უილიამსი
‘‘მინი ფეხბურთს გერმანიაში ყველა უფრთხის, თვით ბერნდ შუსტერიც ერიდება პარკეტზე თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც არ არსებობს შიშის გრძნობა, ‘’კიოლნის’’ თავდამსხმელი რევაზ არველაძეა.’’
''ჰამბურგის'' ფორვარდი ვალდას ივანაუსკასი
როცა რევაზ არველაძესთან ინტერვიუს ჩაწერისთვის ვემზადებოდი, სამყაროს ყველაზე სამართლიან სახლში, ლიბერტარიანიზმის თეორიაში შესვლისთვის საჭირო ინსტრუქციას ვეცნობოდი, რაც ძილისწინ ეკონომიკის შესახებ ვიდეოლექციებს მოსმენაში გამოიხატებოდა. ძილში გაყოლილმა ფრაზებმა ინტერვიუს მოცულობა გაზარდა და ბუნდესლიგური ამბების გარდა ეკონომიკის შესახებაც ვისაუბრეთ.
ბუნდესლიგაში პირველი ქართული გოლის ავტორი - კაცი, რომელიც ნაომარი ქალაქიდან პირდაპირ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში მოხვდა, 1994 წლის ზამთარში მსოფლიოს ჩემპიონ ბოდო ილგნერის თანაგუნდელი გახდა. არველაძესთან და ილგნერთან ერთად მორტენ ოლსენის ფორმაციის ‘’კიოლნში’’ ევრო 1992-ის გამარჯვებულები, კიმ კრისტოფტე და ჰენრიკ ანდერსენი თამაშობდნენ.
როცა ოლსენი არველაძის თამაშით მოიხიბლა
ოლსენმა არველაძის თამაში პირველად 1994 წლის იანვარში იხილა, როცა თბილისის ‘’დინამომ’’ ''ზაარბრიუკენში'' გადაბარგებული ‘‘ქინქის’’ გარეშე გერმანიაში მინი-ფეხბურთის ტურნირი მოიგო, ფინალში გივი ნოდიას ''დინამომ'' ''კიოლნი'' 10:3 დაამარცხა, რის შემდეგაც ოლსენმა ქართულ კლუბს დიდ მინდორზე ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა. ამხანაგური თამაშის შემდეგ რევაზ არველაძე გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაში გადაბარგდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, რევაზ არველაძეს 3 000 გერმანული მარკა გადაეცა და მან წარმატებული ევროპული კარიერის შექმნის შესანიშნავი შანსი მიიღო - ''კიოლნმა'' სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა.
დანიელი სპეციალისტი გერმანულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი შემტევის, თემურ ქეცბაიას გადაბირებით სერიოზულად იყო დაინტერესებული, ქართველის თამაშის სანახავად კვიპროსს ეწვია, თუმცა ნახევრადსამოყვარულო ლიგიდან ‘‘ქეცბას’’ ბუნდესლიგაში ტრანსფერი არ შედგა, მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
იმ პერიოდის გერმანული მედიიდან გამოსარჩევია ‘’ჰამბურგის’’ ლიეტუველი ფორვარდის, ვალდას ივანაუსკასის შეფასება: ‘‘მინი ფეხბურთს გერმანიაში ყველა უფრთხის, თვით ბერნდ შუსტერიც ერიდება პარკეტზე თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც არ არსებობს შიშის გრძნობა, ‘’კიოლნის’’ თავდამსხმელი რევაზ არველაძეა.’’
ევროპული გამოცდილება
''როცა საქართველოდან გერმანიაში წავედი, ჩემს ქვეყანაში რთული ვითარება იყო, მაგრამ ყველაზე მძიმე და ძირითადი ჩავლილი იყო, ომები დამთავრებული იყო, სამოქალაქო ომი აღარ მიდიოდა. ნელ-ნელა ქვეყანა ქვეყანას ემსგავსებოდა, კონსტიტუცია მივიღეთ, მთავრობა ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, საელჩოები გაიხსნა და მიმოსვლა ისეთი რთული აღარ იყო. რა თქმა უნდა უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ელემენტარული განსხვავება იგრძნობოდა. მოსკოვში აღარ მიდიოდი ვიზის ასაღებად. გაეროში შევედით. თბილისი-ფრანკფურტის რეისები დაინიშნა. ახლა ბევრს ფიქრობ ორშაბათს გაფრინდე, სამშაბათს, ოთხშაბათს თუ როდის, მაშინ მხოლოდ ორი ვარიანტი იყო: ორშაბათი ან სამშაბათი.''
ისტორიული გოლი
1994 წლის 13 მარტს მორტენ ოლსენის ''კიოლნმა'' საკუთარ კედლებში იურგენ რიობერის ''შტუტგარტი'' 3:1 დაამარცხა. ეს დღე ქართული ლეგიონის ისტორიაში განსაკუთრებულია, რევაზ არველაძემ მინდორზე გამოსვლიდან რვა წუთში ევრო 1980-ის ჩემპიონს, აიკე იმელს გაუტანა და ემოციურად, ''რაინ ენერჯის'' მინდორზე გასრიალებით აღნიშნა. გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის უძლიერესი ლიგების ოთხეულში გოლი შეაგდო.
''ეს გოლი მაგრად გამიხარდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან სწორ და ძალიან კარგ გზაზე ვიდექი. ჩემთვის ევროპის კარი გვიან გაიხსნა, 24 წლის ვიყავი, როცა ''კიოლნში'' გადავედი. ვგრძნობდი, რომ ჩემი შანსი 10-წლიანი აღარ იქნებოდა, ცოტა მოკლე გამოვიდოდა. გოლის მომენტში ვიფიქრე, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ და მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნებოდა.ბუნდესლიგა ხომ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიგაა. გამიხარდება თუ ჩემი შვილი ბუნდესლიგაში ითამაშებს.''
ევროპული გამოცდილება
''პუნქტუალურობასა და რეჟიმის დაცვას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ალბათ ევროპაში ყოფნისას გუნდურობის მნიშვნელობა უფრო გავითავისე. როცა რაღაც აუცილებლობები ხდებოდა, ყველაფრის საქმის კურსში უნდა ყოფილიყავი, ზუსტად უნდა გეკეთებინა რა განრიგიც იყო დაწყებული ჩაცმიდან ნებისმიერ აქტივობამდე.
ზოგადად ევროპა ხომ კანონებთან დაკავშირებით მოწესრიგებულია, მანქანის მოძრაობის წესებთან თუ სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბანკებთან თუ ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი სწორად გავიგე და ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. პუნქტუალურობა და წესრიგი მომწონს.''
მორტენ ოლსენის ფილოსოფია
სკანდინავიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ავტორიტეტული მწვრთნელის, მორტენ ოლსენისა და ქართველების გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუმცა ვიდრე ოლსენი მწვრთნელის ამპლუაში დიდ ნაბიჯებს გადადგმა, რთული მისიების შესრულებამდე მის სამწვრთნელო გზას ფეხბურთელობისას მოპოვებული წარმატებები ვარსკვლავებივით ანათებდა.
მისი როგორც შესანიშნავი ლიბეროს ევროპული ტრიუმფი 1983 წელს, უეფას თასის ფინალში ‘‘ანდერლეხტთან’’ ერთად შედგა, მაგრამ ერთ დღეს, 1992 წლის მაისში, 80-იანი წლების ევროპული ფეხბურთის დასამახსოვრებელი ფიგურა ‘‘ბრონდბიუდან’’ გაუშვეს და უმუშევარი დარჩა. ერთი წლის შემდეგ 1993 წლის მაისში უხმეს იქ, სადაც უკანასკნელად ჩაიცვა ბუცები და კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ‘‘კიოლნში.’’
ზღაპრული ტრიუმფის ავტორები
ევრო 1992-ზე რიჩარდ მიოლერ ნილსენის დანიის ნაკრებმა შესანიშნავი თამაშით სენსაციური შედეგი დააფიქსირა, ფეხბურთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად სკანდინავიური ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ დანიის ნაკრების მცველი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კიმ კრისტოფტე ''ბრონდბიუდან'' მორტენ ოლსენის ''კიოლნში'' გადავიდა, სადაც კიდევ ერთი დანიელი, ჰენრიკ ანდერსენი დახვდა, რომელიც ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში მარკო ვან ბასტენთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და ეს იყო ტრავმა, რომელმაც ანდერსენის კარიერას დაღი სამუდამოდ დაასვა.
კიმ კრისტოფტე და ჰენრიკ ანდერსენი - დანიური ფეხბურთის ლეგენდები სრულიად განსაკუთრებული წარსულით. შემდგომში დანიელთა ევროპული ტრიუმფის შესახებ რეჟისორმა კასპერ ბარფოედმა ფილმი გადაიღო, უსაზღვრო სევდითა და ამავდროულად დიდი სიხარულით სავსე კინოსურათი ჩემში ყოველთვის ამყარებდა რწმენას, რომ პატარა ქვეყნებს შეუძლიათ დიდი საფეხბურთო ოცნება ერთ დღესაც, თუნდაც სრულიად ალოგიკურ მომენტში, რეალობად აქციონ.
კრისტოფტეს და ანდერსენის შესახებ
ბოდო ილგნერის შესახებ
იმედგაცრუება
''მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ''დინამოში'' ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და ძალიან ბევრმა მაგარმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ლამაზ და ძალიან შემოქმედებით ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოვხვდით, თუმცა ეს მხოლოდ საფეხბურთო მიზეზებით ვერ აიხსნება, მთლიანობაში რთული იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, გვაკლდა გამოცდილება, როგორც მზადების თვალსაზრისით, ასევე მინდორზე. ერთ კონკრეტულ თამაშს კი არ ვგულისხმობ, მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე კარგმა გუნდმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ''კიოლნიდან'' სწორედ ამიტომ წამოვედი, ''დინამოსთან'' ერთად ევროპული წარმატების მიღწევა მსურდა, რაც შესაძლოა სუფთა საფეხბურთო კუთხით სწორი გადაწყვეტილება არ იყო.''
პასი ბავშვობიდან
''ბავშვობაში ერთხელ ფეხბურთს ვთამაშობდით ''სუკონკის'' სტადიონზე, ეს იყო საქართველოს პირველობა, ''მართვეს'' სახელით ვთამაშობდით, უმცროსების გუნდს დავემატე. მაშინ შევასრულე ასეთი პასი: შოთი საჯარიმოში შერბოდა, ჩემსსა და მას შორის მცველი იდგა, მცველისთვის ბურთი ფეხებს შორის უნდა გამეძვრინა, სხვა შანსი არ იყო, ძლიერი პასი გავაკეთე, გავაძვრინე, შოთიმ დაიჭირა და შეაგდო. მახსოვს, რომ ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი იყო.''
თავისუფალი ბაზარი თუ დაფინანსების ძალადობრივი სისტემა?
''თუ ჩემთვის რაიმე კარგს გააკეთებ, მაგალითად სტეიკს მომცემ, მაშინ მე გავაკეთებ რაიმე კარგს თქვენთვის და 20 დოლარს მოგცემთ, მე უკეთეს მდგომარეობაში ვარ, რადგან ჩემთვის სტეიკი უფრო ღირებული იყო ვიდრე 20 დოლარი, ხოლო გამყიდველიც უკეთესადაა, რადგან მისთვის 20 დოლარი უფრო ღირებულია ვიდრე სტეიკი.''
ამერიკელი ეკონომისტი უოლტერ ედვარდ უილიამსი
ასეთი უნდა იყოს კავშირი ფეხბურთის გუნდს, ქომაგსა და მატჩის შეძენით დაინტერესებულ ტელევიზიას შორის. ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი სხვა სფეროების სიძლიერეშია. როცა ფეხბურთში არდასაქმებულთა შემოსავალი იზრდება, ფეხბურთში არაძალადობრივი ფულის შემოსვლის უფრო მეტი შანსი ჩნდება. ადამიანებს სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად მეტი ფული უჩნდებათ და ფეხბურთს, როგორც სხვა სპორტის, ასევე გართობის სხვა სფეროებთან კონურენციის გაწევა უწევს. არ არის სამართლიანი კონკურენცია? არ არის წარმატება. არ არის წარმატება? არ არის ფინანსური მოგება.
ფეხბურთი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. ფეხბურთში დასაქმებულთა შემოსავლის განსაზვღრა ფეხბურთის, როგორც პროდუქტის გაყიდვიდან უნდა გამომდინარეობდეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30-ე წელს დროა ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ პრივილეგირებული პროფესია არ არსებობს, რომ ორგანიზაცია, სადაც მუშაობენ მხოლოდ მათ პროდუქტიულ მოღვაწეობაზეა დამოკიდეული და რომ არსებობს მხოლოდ კონკურენციაში გამარჯვებული ან დამარცხებული. ამორალურია, როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან მუდმივად იღებ თანხას იმ ბიზნესის მართვისთვის, რომელსაც არ მოაქვს ფინანსური მოგება, არც წარმატება და ასე გრძელდება წლები, ასე გრძელდება მთელი ცხოვრება.
იცვლება თუ არა კლუბის მმართველის სტიმული, როცა კლუბისთვის არსებულ თანხას აუცილებლად მიიღებს? თუ კონკრეტული სახეობის ვაშლის შესაძენად X თანხა გადაიხადეთ, გახსენით მაღაზია და მყიდველი მზადაა ვაშლის შესაძენად მხოლოდ X თანხის 20 პროცენტი გადაიხადოს, კიდევ შეიძენთ ვაშლს? გააგრძელებთ ბიზნესს? რა თქმა უნდა არ გააგრძელებთ, მაგრამ ქართული საფეხბურთო თუ ზოგადად ქართული სპორტული კლუბები ასე მუშაობენ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დღემდე. მიუხედავას ამისა თუ ჯიუტად გააგრძელებთ ვაშლის ბიზნესს, ცხადია გაღარიბდებით. ამ დროს რა არის თქვენი მოტივაცია, სიღარიბიდან ამოსვლა, უკეთესად ცხოვრება თუ წარუმატებლობისთვის განწირული ბიზნესის არსებობა?
რაც უფრო სწორად ხდება პროფესიონალი ფეხბურთელის ჩამოყალიბება, ფეხბურთის, როგორც გართობის ერთ-ერთი საშუალების ძვირად გაყიდვის შანსი იზრდება, რადგან მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალებს მოაქვთ წარმატება. ფეხბურთი, როგორც პროდუქტი ვერასდროს იქცევა ადამიანის უპირველეს მოთხოვნილებად და ვიდრე ფეხბურთის რიგითი ქომაგი ამ პროდუქტის შეძენას გადაწყვეტს, მას სჭირდება თანხის გამომუშავება კვებისთვის, ჯანმრთელობისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაჭრელად და როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეშია, გართობაში დახარჯული ფული მცირეა, შესაბამისად, ასეთ რეალობაში საფეხბურთო კლუბების არსებობა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ბიუჯეტიდან ძალადობრივად მიღებულ ფინანსებზე ან ენთუზიაზმით სავსე ბიზნესმენებზე, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ ფინანსურ მოგებაზე ვერ გავლენ.
ზემოთმოცემული წინადადებები არ არის რევაზ არველაძის ნააზრევი, მაგრამ ის კარგად ხსნის თუ რამდენად დიდი თანხებია საჭირო ფეხბურთის განვითარებისთვის, რომ ფეხბურთის გარდა ადამიანებს ბევრი სხვა საჭიროება აქვთ და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა ფეხბურთის პროგრესისთვის საკმარისი არაა.