კორონავირუსი ფეხბურთში: ''აიაქსის'' მწვრთნელი და ''ბრონდბიუს'' 13 წევრი კარანტინშია
დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ტომას კალენბერგს კორონავირუსი დაუდგინდა. ''ბრონდბიუს'' წარმომადგენლის, კრისტიან შულცის განცხადებით კალენბერგი გასულ კვირაში ამსტერდამში იმყოფებოდა, შემდეგ კი ''ბრონდბიუს'' საშინაო შეხვედრას დაესწრო.
კალენბერგს ''ბრონდბიუში,'' ''ოსერში,'' ''ვოლფსბურგსა'' და ''ევიანში'' უთამაშია. ამჟამად დანიის რანგით მესამე ლიგის კლუბ, ჰიკ-ის ახალგაზრდულ კლუბში მუშაობს. 2003-14 წლებში დანიის ეროვნულ გუნდში 47 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო.
კალენბერგი ამსტერდამში ''აიაქსის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, კრისტიან პოულსენს შეხვდა. ამჟამად პოულსენიც კარანტინში იმყოფება. პოულსენი დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეა და ევროპული ფეხბურთის ქომაგებისთვის ნაცნობი ფიგურაა. მას ''შალკეში,'' ''ლივერპულსა'' და ''იუვენტუსში'' უთამაშია.
2003-06 წლებში პოულსენი გელზენკირხენულ კლუბში ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი იყო.
პოულსენი 2012-14 წლებში ''აიაქსის'' ღირსებას იცავდა. გასულ წელს ჰოლანდიურ გუნდში მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნდა და ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტად დაინიშნა.
ამჟამად ''ბრონდბიუს'' 13 თანამშრომელი კარანტინშია, მათ შორის არიან 21 წლის ცენტრალური მცველი ჟოელ კაბონგო და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარტინ რეტოვი.
კრისტიან შულცმა BBC Radio-სთან კომენტარში აღნიშნა, რომ ''ლიუნგბიუსთან'' მატჩის შემდეგ კაბონგო კალენბერგს შეხვდა და მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ამავდროულად ''ლიუნგბიუს'' 3 ფეხბურთელია კარანტინში. ისინი მატჩის შემდეგ კალენბერგს შეხვდნენ და 14 დღე კარანტინში ყოფნა მოუწევთ.
დანიაში კორონავირუსის 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მხოლოდ 1 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჰოლანდიაში 82 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ამდროისთვის არავინ გამოჯანმრთელებულა, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.