''სინამდვილეში ბუნდესლიგაში 200 მატჩი ჩავატარე, თუმცა ყველგან 198 წერია, სტატისტიკა ჩასასწორებელია'' - ღიმილით ამბობს ''ფრაიბურგის'' ლეგენდარული ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი და თხრობას გერმანიაში ადაპტაციის პერიოდის გახსენებით აგრძელებს: ''გერმანული ენა სწრაფად ავითვისე, ფინკეს დამსახურებაა. გერმანული ენის მასწავლებელი სტადიონზე მოდიოდა, მწვრთნელის ოთახის გვერდით ვმეცადინეობდით, ფინკე შემოიხედავდა ხოლმე როგორ ვსწავლობდით და მართლა ვსწავლობდით თუ არა. მაშინ პატარები ვიყავით და ხანდახან გვეზარებოდა, მაგრამ ფინკესთვის მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთელებს ერთმანეთში კომუნიკაცია ჰქონოდათ. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ქვეყანაში, სადაც თამაშობ და ხელფასს გიხდიან, ქვეყნის პატივისცემაა ადგილობრივ ენაზე საუბარი შეგეძლოს.''
ალექსანდრე იაშვილის პირველი უცხოური კლუბი ჩრდილოეთ გერმანიის ''ლიუბეკი'' იყო, 19 წლის ასაკში მეორე ბუნდესლიგაში შედეგიანი ასპარეზობის შემდეგ თბილისის ''დინამოში'' დაბრუნდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენის ''ბაიერს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა, შემდეგ კი ფოლკერ ფინკეს მიწვევით კარიერა ''ფრაიბურგში'' გააგრძელა. საერთო ჯამში იაშვილმა ''ფრაიბურგში'' 10 წელი გაატარა.
''ბრისგაუს ბრაზილიელები''
ქალაქი ფრაიბურგი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ბრისგაუს რეგიონში მდებარეობს. კლუბის სათამაშო სტილიდან გამომდინარე ''ფრაიბურგის'' მეტსახელია ''ბრისგაუს ბრაზილიელები.'' ფოლკერ ფინკეს გუნდისთვის დამახასიათებელი იყო პრესინგი და სწრაფი კონტრშეტევები. ამ სტილში ტექნიკური ქართველი ფეხბურთელები იდეალურად ჯდებოდნენ, თუმცა ფინკე ქართველების გარდა აფრიკელებსა და სამხრეთამერიკელებსაც იწვევდა. ორი ფაქტორია გამოსაყოფი: ღარიბი სამხრეთული ქვეყნებიდან ნიჭიერ მოთამაშეთა გადაბირება მცირე ფინანსებს მოითხოვდა და მათი სათამაშო სტილი ფინკეს ხედვებში კარგად ჯდებოდა. ახალწვეულთა წარმატებული გამოსვლა კლუბის ფინანსური სტაბილურობის გარანტი იყო.
წინადადება ''ბაიერნიდან'' და გაოცებული ფინკე
1998 წელს ''ფრაიბურგი'' ბუნდესლიგაში დაბრუნდა, იაშვილმა გერმანიის ელიტარულ ლიგაში ჩატარებულ პირველ 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მძიმე ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა:''დეპრესიული პერიოდი არ მქონია, პატარა ვიყავი და რეალურად ვერ ვაფასებდი თუ რამდენად მძიმე ტრავმა მივიღე, გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ ტრავმის მიღებამდე ''ბაიერნიდან'' მქონდა შემოთავაზება, თუმცა ტრავმის გამო 7 თვე ვერ ვითამაშე, მომდევნო სეზონში კი ტრავმების გამო პაუზები მქონდა, მაგრამ დეპრესიული პერიოდი არასდროს მქონია. ტრავმის გამო თბილისში ერთი წელი არ ჩამოვედი, მინდოდა გერმანიაში კარგად გამევლო სარეაბილიტაციო კურსი. ფინკე გაოცებული იყო, როცა გაიგო, რომ დასვენების პერიოდში საქართველოში არ წამოვედი, ასეთი რამ არ მინახავსო, რატომ არ წახვედი საქართველოშიო, მაგრამ ერთადერთი მიზანი მქონდა, მოედანზე დაბრუნება მსურდა, ამიტომაც მოვიქეცი ასე.''
Wir Steigen auf, wir steigen ab, und zwischendurch UEFA-Cup
გასული საუკუნის 90-იან წლებში ''ფრაიბურგის'' ქომაგთა მიერ შექმნილი სიმღერა კარგად აღწერს კლუბის უახლეს ისტორიას:''ვეშვებით ქვევით, მივიწევთ წინ, გავდივართ უეფას თასზე.'' ნებისმიერი კლუბისთვის ძლიერ ლიგაში მცირე ფინანსებითა და მოკლე სათადარიგო სკამით სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება ყოველთვის განსაკუთრებულად რთულად შესასრულებელია. 1991-2007 წლებში ეს მისია ჰქონდა ფოლკერ ფინკეს ფორმაციის ''ფრაიბურგს.'' მაშინაც კი როცა გუნდი ევროტურნირზე ასპარეზობდა, კლუბისთვის ყველაზე დიდი სირთულე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო.ფინკეს მწვრთნელობისას კლუბის მიმართ ქართველ ქომაგთა ინტერესი დიდი იყო, ''დრაიზამშტადიონზე'' იაშვილი, კობიაშვილი და ცქიტიშვილი ''ფრაიბურგის'' ისტორიას წერდნენ და საუკეთესო შედეგს 2000-01 წლების სეზონში მიაღწიეს, როცა ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მხოლოდ 2 ქულა დააკლდათ.
რთულ პერიოდში კლუბის ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ რეაგირებენ ქომაგები ჩაგდებული და წარუმატებელი მატჩების შემდეგ, რაც ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს და მომდევნო მატჩზე აისახება:''მძიმე პერიოდში ''ფრაიბურგის'' ქომაგების მხრიდან თანადგომას ვგრძნობდით. ამ მხრივაც გამოირჩეოდა ''ფრაიბურგი'' და დღემდე გამოირჩევა. სხვა ქალაქში ვერ ნახავთ, რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდეს და ქომაგები გუნდს ისევ ისე უჭერდნენ მხარს. როცა ბუნდესლიგიდან ვვარდებოდით, ქომაგები იგივე შეძახილებით გვამხნევებდნენ. ამასთან დაკავშირებით გერმანელებს გამოთქმაც აქვთ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ''ფრაიბურგში'' ხდება. მაგალითად, კოვაჩის მწვრთნელობისას ''ბაიერნმა'' ბუნდესლიგა მოიგო, თუმცა მისი მუშაობით კმაყოფილები არ იყვნენ. ოტმარ ჰიცფელდს ჰკითხეს თუ ვინ არის ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელიო, მან კი თქვა, რომ ყოველ წელს ''ფრაიბურგის'' მთავარ მწვრთნელს, კრისტიან შტრაიხს დავასახელებ თუ მისი გუნდი ბუნდესლიგიდან არ გავარდებაო. ''ფრაიბურგს'' ძალიან აფასებენ, რადგან არ გადაუხვევია იმ გზისთვის, რომელიც ფოლკერ ფინკემ აირჩია. ''ფრაიბურგი'' პრინციპების ერთგული, ყველასთვის მისაბაძი გუნდია. ფოლკერ ფინკეს მაგალითი იდეალურია, მან კლუბში 16 წელი გაატარა, გუნდი ბუნდესლიგიდან სამჯერ გავარდა, თუმცა სამივეჯერ დააბრუნა. ასეა ამჟამადაც, როცა გუნდში კრისტიან შტრაიხი მუშაობს. ''ფრაიბურგში'' მწვრთნელს ენდობიან იმის მიუხედავად თუ სად თამაშობს გუნდი, რაც ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი მოვლენაა. ''ფრაიბურგიდან'' ''კარლსრუეში'' წავედი, სადაც საოცარი გულშემატკივრები დამხვდნენ, მაგრამ კრიტიკულ დროს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ზოგჯერ გუნდი გასახდელიდან ვერ გამოდიოდა, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ გუნდს მთელი ღამე გასახდელში გაუტარებია, რადგან გარეთ ვერ გავდიოდით.''
როცა ფინკე იაშვილის თამაშით მოიხიბლა
''1996 წელს თბილისის ''დინამოში'' ყოფნისას უეფას თასზე ''ბოავიშტას'' შევხვდით. თბილისში მოვიგეთ, თუმცა პორტუგალიაში დავმარცხდით და ტურნირს დავემშვიდობეთ. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა საქართველოდან წასვლა, კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო. მისი თქმით ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მეთამაშა და მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე იყო თანახმა. მაშინ გამოჩნდა ''ლიუბეკის'' ვარიანტი და გადავწყვიტეთ, რომ სეზონის მეორე ნახევარი მეორე ბუნდესლიგაში გამეტარებინა. ''ლიუბეკში'' თამაშისას ''მაინცთან'' შეხვედრას ფოლკერ ფინკე დაესწრო და ამ შეხვედრიდან გამომდინარე ჩემთან მუშაობის სურვილი გაუჩნდა.
საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ''ლიუბეკიდან'' ''დინამოში'' დავბრუნდი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენის ''ბაიერთან'' შეხვედრამდე ''ფრაიბურგის'' მხრიდან კონკრეტული წინადადება მივიღე. ''ბაიერს'' გასვლაზე გავუტანე. სხვათაშორის ეს გოლი ინტერნეტში არ მოიპოვება, სულ მინდოდა ამ გოლის ნახვა. ახლახანს გერმანულ კლუბს მივწერე და იმედი მაქვს გამომიგზავნიან. ლევერკუზენის ''ბაიერის'' შემდეგ ბელარუსული გუნდი დავამარცხეთ. მათთან გამარჯვების შემდეგ გერმანიაში გავფრინდი და ''ფრაიბურგთან'' კონტრაქტს ხელი მოვაწერე.''
პირველი დღე ''ფრაიბურგში''
''ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. სტადიონზე ტორბენ ჰოფმანი და იიორნ შვინკედორფი დამხვდნენ, რომლებიც ''ლიუბეკში'' ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. ჩემთან ერთად ისინიც გადავიდნენ ''ფრაიბურგში.'' მათ ფინკემ თხოვა, რომ დამხვედროდნენ და ჩემთვის ადაპტაციის პროცესი გაეადვილებინათ. ''ფრაიბურგში'' ჩემი პირველი ვარჯიში ფინკეს არ ჩაუტარებია, სხვა ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად იყო წასული. ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდებოდა.
''ფრაიბურგში'' ძალიან დიდი ხანი ვიყავი, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებაა. ასე იყო თბილისის ''დინამოშიც,'' როცა პირველივე შეხვედრაში გოლი გავიტანე და ასე იყო ბუნდესლიგაში, როცა პირველივე მატჩში შევაგდე. ვფიქრობ პირველი თამაში და პირველი გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ოცნებისა და ახალი ეტაპის დასაწყისია. ახალი ეტაპის წარმატებით დაწყება ძალიან სასიხარულოა.''
დუბლი დერბიში და ფრედი ბობიჩის კომპლიმენტი
''ყველაზე სასაცილო კომპლიმენტს გავიხსენებ, დერბიში ''შტუტგარტს'' ვეთამაშებოდით, მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი ტომას ბერთოლდი, კრასიმირ ბალაკოვი და ფრედი ბობიჩი თამაშობდნენ. დაბალი ტემპერატურის გამო მოედანი მოყინული იყო, 2:0 მოვიგეთ, მე შევაგდე ორივე გოლი, თამაშის შემდეგ ფრედი ბობიჩი მოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი გამაგებინე როგორი ბუცებით ხარ მოედანზე ფეხი რომ არ გისრიალებს და არაფერი გაცურებსო. გამეცინა.''
უცნობი საქართველოს ფაქტორი
''საქართველოდან წასვლისას 18 წლის ვიყავი. პირველად გავიგე რას ნიშნავდა სწორი კვება, გარკვეულ საჭმელსა და სასმელზე უარის თქმა, ფეხბურთელისთვის სწორი კვება აუცილებელია, მაგრამ 1997 წელს ჩვენთვის სიახლე იყო. მთავარი სიახლე ეს იყო თუ არ ჩავთვლით იმ საფეხბურთო სტანდარტებს, რაც მაშინ იყო გერმანიაში და არ იყო საქართველოში.''
90-იან წლებში უცხოელმა ჟურნალისტმა ევროპაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების შესახებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ერთი ლიუბეკელი სტუდენტი ამბობს: ‘’იაშვილის დონის ფეხბურთელი ''ლიუბეკისთვის'' უზომოდ დიდი ფუფუნებაა. იაშვილი უცნობი საქართველოდან რომ არ იყოს ახლა უკვე ''ბაიერნში'' ან დორტმუნდის ''ბორუსიაში'' ითამაშებდა.’’ არსებობდა თუ არა რეალურად უცნობი საქართველოს ფაქტორი? იაშვილის პასუხი ასეთია:''არ ვიცი, ვერ გეტყვით, რთული სათქმელია. შეიძლება არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ დღეს უფრო თვალშისაცემია, რადგან სამხრეთამერიკელებზე რომ არაფერი ვთქვა, ხორვატ და სერბ ფეხბურთელებს ქართველებთან მიმართებაში უპირატესობა აქვთ. სატრანსფერო ბაზარზე თანაბარი დონის ხორვატსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ხორვატი უფრო ძვირადღირებულია. ანალოგიურადაა სერბსა და ქართველს შორის.''
ბრწყინვალე დებიუტი ბუნდესლიგაში - გამარჯვების გოლი ''ბოხუმთან''
თუ ევროპის საუკეთესო ლიგებში ქართველი ფეხბურთელების ადაპტაციის პერიოდებს გავიხსენებთ, იაშვილის მაჩვენებელი საუკეთესოა. 1998-99 წლების სეზონის დასაწყისი შესანიშნავი იყო, 20 წლის ფორვარდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ საწყის 6 მატჩში 4 გოლით გაახარა ქართველი გულშემატკივარი, ვინც მძიმე სოციალურ გარემოში ცხოვრებისას ლეგიონერთა ევროპული წარმატებებით დადებით განწყობას იქმნიდა. ამ გოლებს კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი მოჰყვა, ამჯერად ბალაკოვისა და ბობიჩის ''შტუტგარტს'' დუბლი შეუსრულა, თუმცა წარმატებულ მატჩებს უიღბლობა დაერთო, მძიმე ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.
1998 წლის 15 აგვისტოს, ბუნდესლიგაში, სადებიუტო შეხვედრაში 20 წლის ალექსანდრე იაშვილმა კლაუს ტოპმიოლერის ''ბოხუმს'' გამარჯვების გოლი გაუტანა:''ამ მატჩმა საოცარი ემოციები დამიტოვა., დაუვიწყარი წუთები იყო. ხშირად ვიხსენებ 1990 წლის მუნდიალის ფინალს, წყნეთში ოჯახთან ერთად მათეუსის, ბრემეს, კლინსმანის, ჰესლერის თამაშს ვუყურებდი. მაშინ 13 წლის ვიყავი და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ წლების შემდეგ მათ წინააღმდეგ ვითამაშებდი. ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს მიზნები და ამ მიზნებისთვის იბრძოდე. მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სიამოვნებისა და სიამაყის წარმოუდგენელი შეგრძნებაა.''
ფოლკერ ფინკეს ღვაწლი გერმანული ფეხბურთის განვითარების ჭრილში
''ფინკემ წლებით გაასწრო თანამედროვე ფეხბურთს. როცა ''ფრაიბურგი'' ნომინალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა, გერმანელი ჟურნალისტები წერდნენ: როგორ შეიძლება ცენტფორვარდის გარეშე თამაში ? ფინკე თამაშის მიმდინარეობისას ხშირად ცვლიდა ტაქტიკას, გუნდი 3 მცველიდან 4 მცველზე გადადიოდა და ყოველთვის აქცენტს პრესინგით თამაშზე აკეთებდა. მაშინ ეს უცნაური იყო, ბევრს უკვირდა.
ახლახანს ''ფრაიბურგზე'' წიგნი გამოიცა, რომელშიც აღწერილია თუ როგორ მიაღწია გუნდმა პირველ წარმატებას. 1993 წელს ''ფრაიბურგი'' უეფას თასზე პირველად გავიდა. წიგნის კითხვისას წარმოუდგენლად მიგაჩნია როგორ ფიქრობდა ფინკე 90-იანი წლების დასაწყისში. მაშინ იშვიათობა იყო, დღეს კი ასე ძალიან ბევრი მწვრთნელი ფიქრობს. ფოლკერ ფინკემ შეცვალა გერმანული ფეხბურთი.
როცა ფინკე მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ''ფრაიბურგი'' გერმანიაში ერთ-ერთი პირველი კლუბი იყო, რომელმაც თავისი აკადემია ააშენა, სადაც ბევრი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი გაიზარდა. ფეხბურთელები, რომლებიც ''ფრაიბურგიდან'' წამოვიდნენ, დღეს ბუნდესლიგის წამყვან კლუბებში თამაშობენ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფინკე გერმანულ ფეხბურთში ძალიან გამორჩეული მწვრთნელი და ძალიან გამორჩეული ფიგურა იყო.''
პიროვნული განვითარება
''პიროვნულ განვითარებაში გერმანულ ფეხბურთში გატარებული პერიოდი ძალიან დამეხმარა. უპირველესად ვგულისხმობ მიზანდასახულობასა და საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას. ასევე, თავის დამკვიდრება სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურაში, სადაც 18 წელი ვითამაშე. თამაშების რაოდენობის მხრივ ძალიან ცოტა ლეგიონერია, ვინც მეტი შეხვედრა ჩაატარა ვიდრე მე ან კობიაშვილმა. ეს ყველაფერი შრომის ფასია. რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა მიზანი და ოცნება, რომ ფეხბურთი მეთამაშა, რაც არ ნიშნავს რომ კმაყოფილი ვარ. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ მთლიანობაში საამაყოა უმაღლესი დონის ჩემპიონატში თამაში. მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება.''
''ფრაიბურგი,'' როგორც არშემდგარი ტრამპლინი
იაშვილისთვის ''ფრაიბურგი'' არ აღმოჩნდა ტრამპლინი, რის შემდეგაც კარიერას უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გააგრძელებდა, თუმცა კლუბს უერთგულა და ფოლკერ ფინკესთან ერთად 10 წელი იმუშავა:''ასეთი შანსი ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ფინკე ყოველთვის ახერხებდა ჩემს გადარწმუნებას. როცა ზაფხულში კლუბთან ხელშეკრულება იწურებოდა ხოლმე, ფინკესთან ოთახში შევდიოდი და ვეუბნებოდი: ''მივდივარ, კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ.'' გამოვდიოდი და ხელშეკრულება გაგრძელებული მქონდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ აზრს გუნდიდან წასვლის შესახებ ყოველთვის მაცვლევინებდა. ბევრჯერ შემეძლო ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლა, მაგრამ ფინკეს ოთახიდან გამოსვლის შემდეგ კონტრაქტი ფაქტობრივად გაგრძელებული იყო.''
კარიერის საუკეთესო სეზონი ბუნდესლიგაში
2000-01 წლების სეზონში ''ფრაიბურგმა'' ბუნდესლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, უეფას თასზე გავიდა და ბუნდესლიგაში წააგო იმდენივე თამაში, რამდენიც ჩემპიონმა ''ბაიერნმა.'' საკლუბო კარიერის საუკეთესო სეზონს იაშვილი ასე იხსენებს:''ასეთ შედეგს სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ არავინ ელოდა. პირველ წრეში დაახლოებით 20 ქულა მოვაგროვეთ, თუმცა სეზონის მეორე ნახევარი საოცრად დავიწყეთ, მოვუგეთ ''აინტრახტს,'' ლევერკუზენის ''ბაიერს,'' ''ჰერტას,'' ასევე საკუთარ მოედანზე ''ვოლფსბურგი'' 4:1 დავამარცხეთ. მეორე წრე ძალიან მაგარი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე მხოლოდ 2 ქულა დაგვაკლდა. ძალიან გამორჩეული სეზონი გამოვიდა, უეფას თასზე თამაშის საგზური მოვიპოვეთ, სადაც მოქმედ გამარჯვებულ ''ფეიენორდს'' შევხვდით, სახლში ''შვარცვალდზე'' 2:0-ს ვიგებდით, ფაქტობრივად გასულები ვიყავით, შემდეგ ეტაპზე თამაში ძალიან მინდოდა, რადგან გლაზგოს ''რეინჯერსს'' ვხვდებოდით, შოთა არველაძის გუნდს, თუმცა ვან ჰოიდონკმა 31 მეტრიდან ჯარიმა გაგვიტანა, რაც იმ სეზონში არაერთხელ მოახერხა. სამწუხაროდ გათამაშებას დავემშვიდობეთ და ''რეინჯერსთან'' თამაში არ შედგა.''
მარცხთან შეურიგებელი
''მარცხს დღემდე ძალიან განვიცდი. მეგობრებთან მარცხიც ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს, ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვფიქრობ ეს აუცილებელია, რადგან ფეხბურთელი შინაგანად მარცხს არ უნდა შეურიგდეს. მატჩის შემდეგ ვცდილობდი კარგად დამეძინა, მეორე დღეს იწყებოდა ანალიზი გუნდმა რა გააკეთა არასწორად და კონკრეტულმა ფეხბურთელმა რა შეცდომები დაუშვა. შემდეგ კვირაში შეცდომების გამოსწორების შანსი მოედანზე გეძლევა.''
სკანდალური მატჩი ''ბაიერნთან''
2000 წლის 12 აპრილს გამართული ''ფრაიბურგისა'' და მიუნხენის ''ბაიერნის'' სკანდალური დაპირისპირება ბუნდესლიგის გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარია. მატჩი, სადაც ლევან კობიაშვილმა ლეგენდარულ ოლივერ კანს ბრწყინვალე გოლი გაუტანა და ''ფრაიბურგის'' ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ოლივერ კანს ბეისბოლის ბურთი გაარტყა:''ეს მატჩი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ვნახე, კანმა ამიღო ორი საოცარი დარტყმა, დარწმუნებული ვარ სხვა მეკარე ვერ ამიღებდა. წარმოუდგენელი თამაში იყო. მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს ვჯობდით, წინ ვიყავით, კობიაშვილმა ''ბაიერნს'' საოცარი გოლი გაუტანა. ძალიან კარგი თამაში იყო, მაგრად ვუტევდით, ოლივერ კანი საოცრად თამაშობდა. ზუსტად 1:1-ზე პაულო სერჟიო არც წაქცეულა, მსაჯმა ისე დანიშნა თერთმეტმეტრიანი. ''ბაიერნმა'' პენალტით მოიგო და ამ ეპიზოდმა ტრიბუნებზე ვითარება დაძაბა, რასაც მოყვა ის ცუდი ფაქტი, როცა ერთ-ერთმა ქომაგმა კანს გოლფის ბურთი გაარტყა. გაგიჟებულ ოლივერ კანს ვერავინ აჩერებდა. ქომაგს სტადიონზე შესვლა აუკრძალეს, ხოლო ''ფრაიბურგი'' ფინანსურად დასაჯეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ოლივერ კანი დაასახელეს, რომელიც იმდენად გაბრაზებული იყო, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრიზის მისაღებად მოედანზე არ გამოვიდა. ისეთი თამაში იყო, რომ დღემდე ყველას ახსოვს გერმანიაში. სასიამოვნოა, როცა ამ დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში გიწევს.''
გულდასაწყვეტი ჩაშლილი ტრანსფერები
არშემდგარ ტრანსფერებზე ფეხბურთელებს საუბარი კარიერის დასრულების შემდეგ უადვილდებათ. მიუხედავად იმისა, რომ იაშვილი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, ბუნდესლიგური კარიერის კრიტიკულად შეფასება არ უჭირს:''1998 წელს, როცა ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონს ვატარებდი, ''ბაიერნი'' მიწვევდა, მაგრამ მძიმე ტრავმა მივიღე. 2004 წელს, როცა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, ''შალკედან'' მქონდა შემოთავაზება. 2007 წელს გერმანიის ჩემპიონ ''შტუტგარტს'' უარით ვუპასუხე. ასევე იყო წინადადება ''ვოლფსბურგიდან,'' თუმცა ფინკეს ''დამსახურებით'' არ წავედი. რალფ რანგნიკს არ დავუჯერე, როცა მეუბნებოდა, რომ ''ჰოფენჰაიმი'' ძალიან მალე მაღალი დონის გუნდი გახდებაო. ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებას იღებ, შესაძლოა ინანო, მაგრამ ცხოვრებას აგრძელებ. ჩემი კარიერით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ბევრი რამის გაკეთება შევძელი. ყოველთვის შეიძლება მეტს მიაღწიო, მეტი გააკეთო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დამასახელეს, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არშემდგარ ტრანსფერზე დიდი ტკივილია ის, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, ოცნება ვერ ავისრულე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.''
მცირე ბიუჯეტით განპირობებული კრიზისი
2001-02 წლების სეზონში ''ფრაიბურგი'' უეფას თასზე ასპარეზობდა, ეს სეზონი ფოლკერ ფინკეს გუნდისთვის ძალიან წარუმატებელი გამოვიდა, უეფას თასზე სლოვაკურ და შვეიცარიულ გუნდებთან გამარჯვების შემდეგ ფინკეს გუნდი პიერ ვან ჰოიდონკის ''ფეიენორდთან'' მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, სეზონი წარუმატებლად გაგრძელდა და ბუნდესლიგიდან გავარდნით დასრულდა. ახლა კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიხსენოთ სიმღერა Wir Steigen auf, wir steigen ab, und zwischendurch UEFA-Cup - ''ვეშვებით ქვევით, მივიწევთ წინ, გავდივართ უეფას თასზე.''
იაშვილი კლუბის წარუმატებელ სეზონს მოკლე სათადარიგო სკამით ხსნის, რაც წარმატებისთვის არასაკმარის ფინანსურ შესაძლებლობებს გულისხმობს: ''ასეთი რამ ''ფრაიბურგს'' ბევრჯერ მოუვიდა, რაც მცირებიუჯეტიანი კლუბებისთვისაა დამახასიათებელი. როცა ბევრი თანაბარი დონის ფეხბურთელი არ გყავს, რთულ ვითარებაში ხარ და პრობლემები გექმნება. მოთამაშეებს ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და უეფას თასზე ასპარეზობის პარალელურად სანაკრებო მატჩების ჩატარებაც უწევთ. ფინანსურად ძლიერ კლუბებს ორი შემადგენლობა ჰყავთ, ჩვენ კი ფაქტობრივად სეზონის ჩატარება 16 ფეხბურთელით გვიწევდა. მოთამაშეები ვერ ვახდენდით ენერგიის დროულად აღდგენას. ასეთ დროს ფეხბურთელებს პრობლემები ექმნებათ, რაც დაღლილობასა და ტრავმებში გამოიხატება. ამ სეზონში სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩში მყესი გავიწყვიტე, რის გამოც ექვსი კვირა ვერ ვითამაშე და ''ფრაიბურგს'' ვერ დავეხმარე. ანალოგიური მიზეზით ''ფრაიბურგს'' კიდევ რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა, მათ შორის ტუნისელი ადემ სელიმი და მეკარე რიხარდ გოლცი, თუმცა დაძაბულობა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და ჩვენი ბედი ბოლო ტურში გადაწყდა. ასეთი რამ დაბალბიუჯეტიან გერმანულ კლუბებს ბევრჯერ მოუვიდათ, როცა ბუნდესლიგაში თამაშის პარალელურად ევროტურნირებზე გამოდიოდნენ და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნენ. აქედან გამომდინარე ფინანსებზე ბევრი რამაა დამოკიდებული.''
View this post on InstagramDie Legende von SC Freiburg und ich #Interview #Iashvili #bundesliga #scfreiburg #volkerfinke