ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი
Aa
Aa

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში Big East-ის კონფერენციის მეცხრეადგილოსანი, „სენტ ჯონსი" - 81-65 დაამარცხა.

„მეკობრეები" აშკარა ფავორიტები იყვნენ და გაცემული ავანსები გაამართლეს. „მამუ" და მისი თანაგუნდელები ინიციატივას შეხვედრის სტარტზევე დაეუფლნენ, პირველი ნახევარი 14 ქულით მოიგეს და კომფორტული უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს.

 

მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის" გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. სანდრომ პარკეტზე 33 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. „მამუმ" აქტივში 16 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 4 ორქულიანი, 1 სამიანი და 5 საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო. სანდროს 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში, მამუკელაშვილის ერთ-ერთი ორქულიანის ამსახველი ვიდეო ისეთი ცნობილი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორიც CBS Sports-ია. მოგვიანებით კი, „მამუს" მომენტი Yahoo Sports-ის „ტვიტერის" გვერდზეც გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ „სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს, „მარკეტის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები