სასიამოვნო სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი შეხვედრა შვეიცარიასთან ოვერტაიმში დრამატული გამარჯვებით (96-88) გახსნა. მეორე ტურის შეხვედრა კი სერბეთში ჩაატარა და ბევრისთვის სენსაციურად 94:90 მოიგო!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ამ შეხვედრებს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა, ილიას ზუროსის გუნდმა მაინც ღირსეულად ითამაშა და ყველა სასიამოვნოდ გააოცა.
მაკფადენის უმნიშვნელოვანესი სამქულიანი
❄ @ThadJr12 with ICE IN HIS VEINS as @_GeoBasketball ???????? get the 94-90 win in ????????! #EuroBasket pic.twitter.com/Uq5XvMwbfA
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) February 23, 2020
უდიდესი დანაკლისის მიუხედავად ნაკრები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 28:18 მოიგეს, ამის შემდეგ პარკეტზე ქართველი კალათბურთელები დომინირებდნენ.
საქართველოს ნაკრებმა მეორე მეოთხედი 23:20, მესამე მეოთხედი 24:19, ხოლო დასკვნითი მეოთხე მეოთხედი 29:23 მოიგო.
შეუდარებლები იყვნენ ტად მაკფადენი და გიორგი შერმადინი. სერბებმა მათი შეჩერება უბრალოდ ვერ შეძლეს.
ჩვენმა ამერიკელმა ლეგიონერმა 33 ქულა ჩააგდო და 7 გადაცემა შეასრულა, გიოს ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო - 23 ქულა, 11 მოხსნა.
გამორჩეული იყო ბექა ბურჯანაძეც, მის ანგარიშზე 11 ქულა და 8 მოხსნა იყო. 8 ქულით გამოირჩა რატი ანდრონიკაშვილი, 7 ქულა იყო დუდა სანაძის ანგარიშზე, რომელმაც ბოლო წუთებზე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო.
სერბების მხრიდან საუკეთესო ალექსა ავრამოვიჩი იყო. მის ანგარიშზე ანგარიშზე 27 ქულა დაფიქსირდა.
ამრიგად, ორიდან ორი მოგებით E ჯგუფს საქართველოს ნაკრები ლიდერობს, ერთი მოგებითა და უკვე ამდენივე მარცხით მეორე პოზიციას სერბეთი იკავებს.
შვეიცარიასთან შეხვედრის შემდეგ ილიას ზუროსმა შეცდომები იდეალურად გაანალიზა და შედეგიანი დასკვნები გამოიტანა. დღევანდელმა მატჩმა ყველანი სასიამოვნოდ გაკვირვებულები დაგვტოვა. ბელგრადში სერბეთთან მოგება ბევრი ნაკრებისთვის ოცნებას წარმოადგენს.
ფოტო - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია