ერთა ლიგაზე დვალის გარეშე: ქართველი მცველი შესაძლოა პოლონეთში დაბრუნდეს
უნგრული ''ფერენცვაროშის'' ქართველი მცველისთის, ლაშა დვალისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ოპერაცია ჩაუტარდება და როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს. ცხადია დვალი 26 მარტს ბელარუსთან მატჩშიც ვერ დაეხმარება ეროვნულ გუნდს.
მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველებს შორის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ გია გრიგალავას, გურამ კაშიასა და ჯიმი ტაბიძეს აქვთ, ხოლო დავით ხოჭოლავასა და სოლომონ კვერკველიას თამაშის შანსი იშვიათად ეძლევათ. მნიშვნელოვანია საქართველო-ბელარუსის მატჩამდე გაიზრდება თუ არა მათი სათამაშო დრო. 20 თებერვალს, ევროპა ლიგაზე ''შახტარი'' ლისაბონის ''ბენფიკას'' უმასპინძლებს და შესაძლოა ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონის სასტარტოში ითამაშოს. რაც შეეხება სოლომონ კვერკველიას, რუსეთის პრემიერლიგა თებერვლის მიწურულს განახლდება და ერთა ლიგის ნახევარფინალამდე მოსკოვის ''ლოკომოტივი''4 შეხვედრას ჩაატარებს.
უნგრული მედიის ცნობით ლაშა დვალი შესაძლოა პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნდეს და კვლავ შჩეჩინის ''პოგონის'' მაისურით ითამაშოს. შეგახსენებთ, 2019 წლის იანვარში დვალი ''პოგონიდან'' უნგრულ კლუბში გადავიდა. transfermarkt-ის ცნობით სატრანსფერო თანხამ ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა ტრავმის გამო ლაშა დვალის უნგრული კარიერა წარმატებული არ გამოდგა. ასე ფიქრობენ უნგრეთში და მიზერული შანსია, რომ ახალ სეზონში ქართველი მცველი ''ფერენცვაროშის'' სასტარტოში ვიხილოთ.
ფეხბურთელი CrystalSport-ს ესაუბრა:''მუხლის შიდა მყესი დაზიანებული მაქვს, ოპერაცია მჭირდება. ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები. რეაბილიტაციას მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 თვე დასჭირდება.''
2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში ლაშა დვალმა ''ფერენცვაროშის'' მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. პირველივე სეზონში დვალი უნგრეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე მიღებული ტრავმის გამო ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა, მან ევროპა ლიგაზე 10 მატჩი ჩაატარა, უნგრეთის ჩემპიონატში კი მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელს 2019 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.
შეგახსენებთ, ლაშა დვალი ინგლისური ''რედინგის,'' რიგის ''სკონტოს,'' გერმანული ''დუისბურგის,'' ვროცლავის ''შლიონსკის,'' თურქული ''ქასიმფაშას,'' ყაზახური ''ირტიშისა'' და შჩეჩინის ''პოგონის'' ყოფილი მოთამაშეა. 24 წლის ფეხბურთელს 6 ქვეყნის ჩემპიონატში უთამაშია (ლატვია, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ყაზახეთი და უნგრეთი).
ფოტო: gff.ge