ცეცაძე ჭანტურიაზე:''დაგვიბრუნდა უდიდესი ნიჭის მქონე პიროვნება''
Aa
Aa

ცეცაძე ჭანტურიაზე:''დაგვიბრუნდა უდიდესი ნიჭის მქონე პიროვნება''

ესპანურ შეკრებაზე გამგზავრებამდე ''საბურთალომ'' 26 წლის ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია წარადგინა. არნემის ''ვიტესის'' ყოფილი შემტევი ''საბურთალოს'' აღზრდილია და კლუბში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მედიასთან გიორგი ჭანტურიამ, კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ისაუბრეს.

გია ცეცაძე:''დაგვიბრუნდა უდიდესი ნიჭის მქონე პიროვნება, რომელიც თავის გუნდს, კლუბს და ქვეყანას, როგორც ფეხბურთელი გამოადგება.

ხალხი სტადიონზე კარგ ფეხბურთელებს და კარგ თამაშს მოჰყავს. საქართველოს უახლეს ისტორიაში გიორგი ჭანტურია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და შესაძლოა ყველაზე გამორჩეულიც.

გიორგი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა და მშობლიურ კლუბს გამოადგება. სადაც გიორგი ჭანტურია და ''საბურთალოა,'' იქ ყოველთვის უმაღლეს მიზნებზეა საუბარი.

მე რომ მკითხოთ გიორგი დღეს ''საბურთალოში'' კი არა ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო 4 გუნდიდან ერთ-ერთში უნდა იყოს, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ეს გამოიწვია.

წარსულზე საუბარს თავი დავანებოთ, მომავალზე ვისაუბროთ, გიორგის აქვს დრო და დარწმუნებული ვარ ევროპის საუკეთესო გუნდებში მოხვდება და იქ ითამაშებს.

ჩვენ 3-5-2 ან 3-4-3 სისტემით ვთამაშობთ. გიორგის შემტევის სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც ფორვარდად, ასევე ფლანგებზე. თუ სად ითამაშებს გიორგი, ამას კონკრეტულ მატჩამდე გადავწყვეტთ, ცხადია გიორგისაც უნდა ვკითხო აზრი, რადგან ჩემთვის თითოეული ფეხბურთელის აზრი მნიშვნელოვანია.''

ტარიელ ხეჩიკაშვილი:''ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ეს ტრანსფერი ძალიან წარმატებული იქნება. მასთან შეთანხმება ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან გიორგი ჩვენი აღზრდილია, ის ''საბურთალოს'' ოჯახს დაუბრუნდა.

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატს თავის ხიბლს შესძენს. მას უცხოური ვარიანტები ჰქონდა, თუმცა არჩევანი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა, რაც მისმა ოჯახურმა მდგომარეობამაც განაპირობა.

იმედი მაქვს გიორგი ''საბურთალოს'' ტრამპლინად კიდევ ერთხელ გამოიყენებს, თუმცა ჯერ წარმატებას ''საბურთალოსთან'' ერთად უნდა მიაღწიოს.

''საბურთალოს'' ისტორიაში გიორგი ჭანტურიას ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რის შემდეგაც მან ბევრ ახალგაზრდას გზა გაუხსნა.''

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები