ცეცხლაძე გრიგალაშვილთან ერთად - მეექვსე ქართველი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში
Aa
Aa

ცეცხლაძე გრიგალაშვილთან ერთად - მეექვსე ქართველი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაზ ცეცხლაძე კარიერას ყაზახურ ''ყიზილჟარში'' გააგრძელებს. ინფორმაცია მოთამაშემ CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. მხარეებმა ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

23 წლის ნახევარმცველისთვის ''ყიზილჟარი'' მეორე უცხოური კლუბია. ცეცხლაძე 2017-18 წლებში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ ''საბაილის'' ღირსებას იცავდა, სადაც მისი თანაგუნდელი ლონდონის ''ჩელსის'' ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ესეინი იყო. აზერბაიჯანიდან წამოსვლის შემდეგ ცეცხლაძემ 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ნახევარი კახა ჩხეტიანის ფორმაციის ქუთაისის ''ტორპედოში'' გაატარა და საქართველოს ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ცეცხლაძე ყაზახურ კლუბში 33 წლის შოთა გრიგალაშვილთან ერთად ითამაშებს, რომელმაც გასულ სეზონში გუნდის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა, მისი გოლები და საგოლე გადაცემები ''ყიზილჟარის'' წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

2020 წლის ყაზახეთის პრემირ ლიგაში  6 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ესენი არიან: ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა (''ტობოლი''), ლევან კუტალია (''ირტიში''), ელგუჯა ლობჯანიძე (''კაისარი''), შოთა გრიგალაშვილი და თამაზ ცეცხლაძე (''ყიზილჟარი''). გარდა ამისა ''ორდაბასის'' მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა და მას ასისტენტობას გიორგი ჩიხრაძე უწევს.

მსგავსი სიახლეები