ჩხეტიანის ემოციური დამშვიდობება:''მადლობა ქუთაისს, ძალიან მიყვარხართ''
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დაემშვიდობა. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურმა ჩხეტიანის კომენტარი გამოაქვეყნა. ჩხეტიანის ემოციურ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
"ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ალბათ ოდესღაც ყველაფერ კარგსაც აქვს თავისი დასასრული.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც "ტორპედოში" მუშაობს. მადლობა ყველას, ვინც კარგ და ცუდ პერიოდში ღირსეულად იდგა კლუბის გვერდით.
მადლობა ქუთაისს და იმ ერთგულ გულშემატკივარს, ვის გვერდში დგომის გარეშეც ვერაფერს შევძლებდით. თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს.
მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ამ სამი წლის განმავლობაში "ტორპედოს" მაისური ეცვა. კლუბის წარმატებაში თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა, გაჭირვების დროს კლუბის ინტერესები გაითვალისწინა და გვერდით დაუდგა.
კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლის საკითხი ჯერ კიდევ პროცესშია და, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. "ტორპედო" აუცილებლად სჭირდება ქართულ ფეხბურთს.
და ბოლოს, მადლობა უფალს აქ გატარებული იმ სამი წლისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ძალიან მიყვარხართ!"
კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2017 წელს "ტორპედომ" ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. ასევე, საქართველოს თასი(2) და სუპერთასი (2) მოიგო. ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ''ტორპედომ'' პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში, სადაც ბულგარულ ''ლუდოგორეცთან'' დამარცხდა.
ფოტო: gff.ge