Aa Aa

10 მოულოდნელი გადაწყვეტილება და მუნდიალს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები

10 - გუნარ ნორდალი - 1950 წელი

"როდესაც საკუთარი თავისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს დგამ" - ასე შეფასდა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, როცა მათ გუნარ ნორდალი განაცხადს მიღმა დატოვეს.

ნორდალი იმ დროისთვის შვედური ფეხბურთის ულაპარაკოდ საუკეთესო ვარსკვლავი იყო. მან, 1948 წელს შვედეთი ოლიმპიადაზე წარმატებამდე მიიყვანა.

ამ ტურნირზე ნორდალმა 33 შეხვედრაში 43 გოლის გატანა შეძლო. „მილანში“ გადასვლის შემდეგ კი მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთმა მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ მათ მოგება შეეძლოთ. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა რეალური, თუ გუნარ ნორდალს, გუნარ გრემსა და ნილს ლინდჰოლმს თამაშის უფლება მიეცემოდათ.

საბოლოოდ სამივე მათგანი 1949 წელს „მილანში“ გადავიდა და ამით მათი მუნდიალზე თამაში გამოირიცხა.

ამის შემდეგ, როდესაც წესები უფრო შეამსუბუქეს, გრემსა და ლინდჰოლმს 1958 წლის მუნდიალზე თამაშის საშუალება მიეცათ. საბოლოოდ შვედეთი ფინალამდე მივიდა, სადაც პელეს ბრაზილიასთან 2:5 დამარცხდა.

ამ დროისთვის გუნარ ნორდალს ბუცები უკვე ლურსმანზე ჰქონდა ჩამოკიდებული.

ნორდალი სერია ა-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის დღემდე მე-3 ადგილს იკავებს.

 

9 - კარლოს ალბერტო - 1966 წელი

უმაღლესი დონისა და ლიდერის თვისებების მქონე მარჯვენა მცველი კარლოს ალბერტო მოულოდნელად 1966 წლის მუნდიალის განაცხადს მიღმა დარჩა.

ის 44 კაციან გაფართოებულ სიაში იმყოფებოდა და ვისენტე ფეოლას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა, თუმცა საბოლოო განაცხადში კარლოს ალბერტო ვერ მოხვდა.

ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ჯგუფში ჩარჩა.

„სანტოსში“ მისი კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა და 4 წლის შემდეგ, მექსიკის მუნდიალზე კარლოს ალბერტო „სელესაოს“ კაპიტნის რანგში დაუბრუნდა.

ფინალურ შეხვედრაში იტალიის ნაკრების კარში მან მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

 

8 - ტონი ადამსი - 1990 წელი

ტონი ადამსი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1966 წლის ტრიუმფის შემდეგ დაიბადა და ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

1987 წელს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ადამსის დებიუტი შედგა.

1988 წელს ადამსი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო.

ტონი ადამსს თავიდანვე ეტყობოდა, რომ მას დიდი მომავალი ჰქონდა და ნაკრების უცვლელი წევრიც გახდებოდა.

პლუს ამას, ადამსი 1990 წელს „არსენალს“ პირველ დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა.

მიუხედავად ყველაფრისა, მოულოდნელად ტონი ადამსი იტალიის 1990 წლის სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩა.

 

7 - ლიამ ბრეიდი - 1990 წელი

ყველამ იცოდა, თუ რასაც ელოდნენ ირლანდიელი ჯეკ ჩარლტონის მხრიდან, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმის დაჭერა სულ სხვა რამ გახლდათ.

მათ შეტევაზე ორიენტირებული აგრესიული სათამაშო სტილი ჰქონდათ და ირლანდიელთა წინააღმდეგ ასპარეზობა ბევრად უფრო ტექნიკურ გუნდებსაც უჭირდათ.

იმ დროს, ირლანდიის ნაკრებში ტექნიკური და კრეატიული თამაში დიდად არ ფასობდა (არც დღეს ესმით რაიმე ტექნიკის) და ამის გამო ისეთი კრეატიული გამთამაშებელი, როგორიც ლიამ ბრეიდი იყო დაიჩაგრა. ის სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის მსვლელობისას ბრეიდიმ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, შემდეგ კი მან გადაიფიქრა და უკან დაბრუნდა, თუმცა მწვრთნელმა ის და კიდევ ერთი მოთამაშე განაცხადს მიღმა დატოვა.

ეს დიდი მოულოდნელობდა იყო. ჩარლტონმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ისეთი მოთამაშე იახლა, რომელთა შესახებაც ბევრმა არაფერი იცოდა. საბოლოოდ ირლანდია მეოთხედფინალამდე მივიდა და მასპინძელ იტალიასთან დამარცხდა.

 

6 - პოლ გასკოინი - 1998 წელი

გასკოინის წარმატებული სვლა ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტით დასრულდა... დასავლეთ გერმანიასთან ნახევარფინალურ მატჩში პოლმა ყვითელი ბარათი მიიღო და მიხვდა, რომ დისკვალიფიკაციის გამო ფინალის გამოტოვება მოუწევდა... გასკოინმა ემოციები ვერ მოთოკა და ატირდა, მასთან ერთად მთელი ინგლისი და „დელე ალპზე“ მყოფი ყველა გულშემატკივარი ტიროდა. დამსწრე ქომაგებმა პოლს სერენადა უმღერეს და ემოციური ბავშვი „გულში ჩაიხუტეს“...

თერთმეტმეტრიანების სერიის წინ პოლს ვეტერანი ფეხბურთელები და ბობი რობსონი ამხნევებდნენ. ბუნებრივია გასკოინს პენალტი არ დაურტყამს, სამაგიეროდ საკუთარი ნაკრების წარუმატებლობა იხილა - ინგლისმა პენალტების სერია 4-3 წააგო. „გაზამ“ მაშინ არ იცოდა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მისი უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდებოდა... სამწუხაროდ მისი კარიერა იგივე ტრაექტორიით არ გაგრძელებულა, 1991 წლის ასოციაციის თასის ფინალის შემდეგ გასკოინი აბსოლუტურად სხვა ფეხბურთელი იყო. სიტუაცია მოედნის გარეთ არსებულმა სირთულეებმაც გაამწვავა: “ოჯახური ძალადობა, ალკოჰოლიზმი და მენტალური პრობლემები“... 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გასკოინი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში აღარ გამოუძახებიათ...

„გაზა“ ჰოდლის ჰოტელში იმყოფებოდა, როდესაც მან ეს ახალი ამბავი შეიტყო - იგი მუნდიალის განაცხადს მიღმა დარჩა. პოლი განადგურებული იყო. მას ინგლისის ნაკრებში აღარ უთამაშია...

 

5 - რობერტო ბაჯო - 2002 წელი

1994 წლის მუნდიალზე პენალტის გაფუჭების შემდეგ, ბაჯოს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევის სურვილი კლავდა.

“ინტერიდან“ წასვლის შემდეგ „ცხენისკუდამ“ საზღვარგარეთიდან საკმაოდ მიმზიდველი წინადადებები მიიღო, თუმცა მან სამშობლოში დარჩენა ამჯობინა, 2001-2002 წლების სეზონში ის „ბრეშას“ შეუერთდა. საწყის 10 შეხვედრაში ბაჯომ 8 გოლი გაიტანა. მას იმედი ჰქონდა, რომ ტრაპატონი კორეა-იაპონიის მუნდიალზე წაიყვანდა.

წარმატებული ასპარეზობა მოულოდნელი ტრავმით დასრულდა. საბოლოოდ, ბაჯომ მოედანზე დაბრუნება შეძლო და გუნდის დახმარებასაც შეეცადა, თუმცა ტრაპატონისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „ცხენისკუდა“ განაცხადს მიღმა დარჩა.

იტალიის ნაკრები საბოლოოდ მუნდიალზე მერვედფინალამდე მივიდა, სადაც მასპინძელ სამხრეთ კორეასთან მსაჯების წარმოუდგენლად მიკერძოებული ქმედებების შედეგად დამარცხდა.

 

4 - რომარიო - 2002 წელი

კორეა-იაპონიის მუნდიალზე ბაჯოს მსგავსად რომარიოსაც ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ლეგენდარულ ვეტერან ფორვარდს ურთიერთობა 2001 წლის კოპა ამერიკის მსვლელობისას გაუფუჭდა, როდესაც რომარიომ მოულოდნელად ნაკრები დატოვა.

რომარიომ ეს „ვასკო და გამას“ დასახმარებლად გააკეთა, შემდეგ კი შვებულებაში გავიდა.

სკოლარიმ ასეთი თავხედური საქციელი მას არ აპატია და სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა.

ბრაზილიას კი თასის აღმართვა არ გასჭირვებია. რივალდოს, რონალდოსა და რონალდინიოს დირიჟორობით „სელესაომ“ მუნდიალი ისტორიაში მეხუთედ მოიგო.

 

3 - ლენდონ დონოვანი - 2014 წელი

დონოვანი აშშ-ს საფეხბურთო ისტორიაში ალბათ უდიდესი მოთამაშეა. მან 157 მატჩი ჩაატარა და 3 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

როდესაც ის ნაკრების მაისურს ირგებდა სულ სხვა ენთუზიაზმითა და შემართებით თამაშობდა. 2002 წელს მისი პერფორმანსი უბრალოდ დაუვიწყარი იყო. რომ არა მსაჯის მიუტევებელი შეცდომა, აშშ-ს გერმანიის გაგდების რეალური შანსი ექნებოდა.

ბრაზილიის მუნდიალის წინ, საკვალიფიკაციო ეტაპზე დონოვანმა რამდენიმე მატჩი გამოტოვა, თუმცა მთელი ქვეყანა ელოდა, რომ ის საბოლოო განაცხადში აუცილებლად მოხვდებოდა.

ასე ფიქრობდა ყველა, გარდა მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანისა. ამერიკელთა ლეგენდარულმა გერმანელმა თავკაცმა გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი დონოვანი, საბოლოო 23 კაციანი სიიდან ამოაგდო.

კლინსმანმა შანსი რამდენიმე ახალგაზრდას მისცა, მაგალითად 19 წლის ჯულიან გრინს.

აშშ-მ მუნდიალზე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და ჯგუფიდან გავიდა, სადაც მერვედფინალში ბელგიას დაუპირისპირდა და ბევრის აზრით 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო შეხვედრაში, დამატებით ტაიმებში 1:2 დამარცხდა.

 

2 - რონალდინიო და პატო - 2010 წელი

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბრაზილიის ნაკრების ქომაგები კარლოს დუნგასგან სამხრეთ აფრიკაში უძლიერესი შემადგენლობის წაყვანას ელოდნენ, თუმცა სულ ტყუილად...

დუნგამ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო და განაცხადს მიღმა „მილანში“ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი რონალდინიო-პატოს დუეტი დატოვა.

„სელესაოს“ თავკაცმა სიაში ისეთი მოთამაშეები შეიყვანა, როგორებიც ნილმარი, ლუიშ ფაბიანო, კლებერსონი, ჟოსუე, ჟულიო ბაპტიშტა და ელანო იყვნენ.

რობინიოს მიმართ გამოჩენილი ნდობაც მცდარი ნაბიჯი იყო. მარცხენა მცველად კი დუნგამ მარჯვენა გარემარბი მიშელ ბასტოსი გამოიყენა, რაც დღემდე აუხსნელ მოვლენად რჩება.

საბოლოოდ, „პენტაკამპეონები“ მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.

 

1 - ესტებან კამბიასო და ხავიერ ძანეტი - 2010 წელი

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მხოლოდ ფურცელზე დარჩა და ამის მიზეზი დიეგო მარადონა იყო.

რამდენადაც კარგი იყო მარადონა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმდენად ცუდი მწვრთნელი იყო ის 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში.

ტაქტიკურად ძალიან სუსტი, გადაწყვეტილებების მიღებისას მიკერძოებული, ზედმეტად და უაზროდ ემოციური - ეს მარადონას მინუსების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

დიეგომ მოახერხა და ბრწყინვალე თაობა სამარცხვინოდ აქცია. მარადონამ სამუნდიალო განაცხადში ბევრი ისეთი მოთამაშე შეიყვანა, რომლებსაც ასეთ დონეზე უბრალოდ არაფერი ესაქმებოდათ. სიის მიღმა კი 1 თვის წინ ჩემპიონთა ლიგისა და ტრიპლეტის მომგები ესტებან კამბიასო და ხავიერ ძანეტი დატოვა. მათი თანაგუნდელი დიეგო მილიტო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ბომბარდირი იყო განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ თამაში იშვიათად უწევდა.

ასეთი გადაწყვეტილებით მარადონამ გუნდის დაცვითი მხარე დაასუსტა და ამ პრობლემამ თავი მალევე იჩინა.

დიეგოს ზემდეტად შემტევი თერთმეტეული ჰყავდა, რითიც მეოთხედფინალში საათივით აწყობილმა გერმანიამ ისარგებლა და „ალბისელესტეს“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

მარადონას ტაქტიკა იმდენად სუსტი იყო, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ლეო მესისა და კიდევ სხვა ვარსკვლავების მონდომება უშედეგო აღმოჩნდა.

 

გაზიარება: