''მისი ჯადოქრული თამაში პოეზიაა, ის ნამდვილად გახდება მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი''
კლაუს ტოპმიოლერი ლევან ყენიაზე
იდეალური დასაწყისი
კარიერის ასეთი შთამბეჭდავი დასაწყისი სხვა ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. ლევან ყენიას დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა სკოლის მოსწავლე იყო, კლაუს ტოპმიოლერმა 2007 წლის 8 სექტემბერს, 16 წლის ტალანტი ოლეგ ბლოხინის უკრაინასთან ათამაშა, თუმცა ინტერვიუს დაწყება სხვა ფაქტის გახსენებით გადავწყვიტე. გერმანიაში წასვლამდე ყენია საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და ერთხელ, 2007 წლის 24 აგვისტოს კუთხუთიდან ახალციხის ''მესხეთს'' გაუტანა, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ ''ჩაახვია.''
''ეს გოლი ბუნდოვნად მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, კუთხურიდან შევაგდე. ახლაც ვცდილობ ხოლმე კუთხურიდან გავიტანო, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო'' - ამ გოლს ღიმილით იხსენებს ფეხბურთელი, ვინც კარიერის საწყის ეტაპზე ქომაგს დრიბლინგით, ლამაზი გოლებითა და მაღალი კლასის პასებით ხიბლავდა.
2007 წლის გაზაფხულზე გერმანიის 19-წლამდე ნაკრებმა ბად ემსში ჰაინც ტოპმიოლერის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 2:0 დაამარცხა. გოლები მესუტ იოზილმა და მანუელ შმიდებახმა გაიტანეს. ამხანაგურ შეხვედრაში ლევან ყენიას თამაშით ''შალკეს'' წარმომადგენლები მოიხიბლნენ და 16 წლის ფეხბურთელი ათდღიან სინჯებზე მიიწვიეს. 2008 წლის იანვარში 17 წლის ლევან ყენია თბილისის ''ლოკომოტივიდან'' გერმანიის ვიცე-ჩემპიონ ''შალკეში'' გადადის და ბუნდესლიგურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კარიერის უფრო მაგარი დასაწყისი?
კარიერის საუკეთესო ფრაგმენტები
წარმატებულ ბუნდესლიგურ კარიერაზე ოცნება მისი უახლოესი ნათესავისთვის, გიორგი კიკნაძესთვისაც მძიმე ტრავმით დასრულდა. ლევან ყენიას ბიძა 90-იანი წლების ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი იყო, 2000 წლის ზაფხულში ფოლკერ ფინკეს ''ფრაიბურგში'' გადავიდა, სადაც ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილი თამაშობდნენ. წელის ტრავმის გამო კიკნაძეს ბრაისგაუელთა მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, სამახსოვროდ დარჩა რამდენიმე ფოტო, ამხანაგური მატჩი როტერდამის ''ფეიენორდთან'' და 2000 წლის ზაფხულში ფინკეს გუნდთან ერთად გავლილი შეკრება.
''შალკეში'' ტრანსფერის შემდეგ ლევან ყენია სპორტული თუ ცხოვრებისეული თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ სამყაროში ხვდება. სპორტული დატვირთვების ზრდის ფონზე მას მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა უწევს, გერმანული ენა უნდა ისწავლოს, რაც დაახლოებით ექვსთვიან პერიოდს მოითხოვს. როგორც თავად აღიარებს ექვსთვიანი პერიოდის შემდეგ თავს იდეალურად გრძნობდა ვიდრე მძიმე ტრავმას მიიღებდა.
ბუნდესლიგაში ტრანსფერის მიუხედავად ყენია ლა ლიგაზე ოცნებობდა და გერმანულ მედიას ამ ოცნებას არ უმალავდა. 14 წლის ასაკში იაგო აგილარის დახმარებით ''ბარსელონასა'' და ''ლევანტეს'' აკადემიებში ვარჯიშობდა, ქართველი ტალანტისთვის ესპანური ლიგა საოცნებო ჩემპიონატად რჩებოდა, თუმცა ღარიბი საქართველოდან მდიდარ საფეხბურთო ქვეყანაში, გერმანულ ბუნდესლიგაში ტრანსფერი მაინც ფანტასტიკური ჩანდა.
როცა სხვა სამყაროში ხვდები
2007 წელს ბრაზილიელი ლინკოლნი ''შალკეს'' ტოვებს, გერმანული კლუბი ''ათიანის'' გარეშე რჩება და გელზენკირხენულ კლუბში ეს პოზიცია პრობლემატური ხდება. შემდგომში ბრაზილიელის მემკვიდრედ ყენია ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ივან რაკიტიჩს ''ათიანზე'' თამაშის შანსს აძლევდნენ ხოლმე, ქართველი ტალანტი ხორვატზე გაცილებით კრეატიული და შემოქმედებითი იყო.
გერმანულ მედიაში ლევან ყენიას ინტერვიუებში იგრძნობა ამბიცია. 18 წლის ფეხბურთელი არ არის მორიდებული და თამამად ამბობს, რომ ბუნდესლიგაში თამაშისთვის მზადაა, ''შალკეში'' ''ათიანზე'' თამაში შეუძლია. ფეხბურთელთა ნაწილი, განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპზე, მედიასთან მოკრძალებულია, მაგრამ ყენია თავიდანვე ცდილობს გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს და სურვილს არც საჯაროდ მალავს.
2009 წლის 19 აგვისტოში ყენია Westfälische Rundschau-თან ამბობს:''შემიძლია ''ათიანზე'' თამაში. ამ პოზიციაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მითამაშია. ბუნდესლიგისთვის მზად ვარ.'' ამავე სეზონში ყენიამ Kicker-თან საუბარში აღნიშნა:''შემიძლია ორივე ფლანგზე თამაში, მაგრამ ჩემი ნამდვილი პოზიცია ''ათიანია.''
''რკინის ფელიქსი'' ''შალკეს'' მთავარ მწვრთნელად 2009 წლის ზაფხულში ინიშნება და ქართველ ფეხბურთელს რეგულარულად ათამაშებს. ჰოლანდიელი ფრედი რუტენისგან განსხვავებით ფელიქს მაგათი ლევან ყენიას ენდობა.
2009-10 წლები - ''შალკემ'' ბუნდესლიგის სეზონი ''ნიურნბერგთან'' გამარჯვებით დაიწყო, გადამწყვეტი გოლი კევინ კურანიმ ყენიას პასით გაიტანა. ამ თამაშიდან მოყოლებული მაგათი ყენიას რეგულარულად ათამაშებდა და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში, ''რურის დერბიში'' იურგენ კლოპის ''დორტმუნდთან'' სასტარტოში დააყენა.
''გამარჯვების შემდეგ დორტმუნდის'' ქომაგები გაწვნენ და სტადიონიდან არ გვიშვებდნენ''
აღნიშნულ სეზონში ყენიამ ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გამოტოვა, გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის განკუთვნილი მედალი მიიღო. 2019 წელს, როცა ლევან ყენიამ ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს თასი მოიგო, მისმა თანაგუნდელმა დაჩი ცნობილაძემ სოციალურ მედიაში ყენიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა ხუმრობანარევი მინაწერით:''ყენო ამბობს საქართველოს თასის მედალი ბუნდესლიგის ვერცხლის მედალს სჯობიაო.''
კლაუს ტოპმიოლერი ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ყენიას შესახებ იხსენებს:''მისი თამაში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ვნახე, ყენია ძალიან გამორჩეული იყო და პირდაპირ 19-წლამდე ნაკრებში წავიყვანე.21-წლამდე ნაკრებშიც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაწვა არ მინდოდა, მის ტალანტს გვერდს ვერ ავუვლიდი. ყენია იყო ჯადოქარი, როგორც პოეტი ლექსის წერისას.''
2011 წლის იანვარში, ბელეკში, როცა მძიმე ტრავმის შემდეგ ლევან ყენია გუნდთან ერთად მომზადებას იწყებდა, ფელიქს მაგათის გეგმებში ლევან ყენიას მოედანზე სწრაფად დაბრუნება შედიოდა. ''რკინის ფელიქსისთვის'' მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ქართველი ლეგიონერი ტკივილს გრძნობდა. ''რკინის ფელიქსისგან'' განსხვავებით ''გენტის'' სკანდინავიელი მწვრთნელი იეს ტორუპი მძიმე ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს სათამაშო დროს ეტაპობრივად უზრდიდა და რადიკალური გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც ლევან ყენიამ, ასევე გიორგი ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმები კარიერის საწყის ეტაპზე მიიღეს, თუმცა მათი მწვრთნელების მიდგომები განსხვავებული იყო.
ფეხბურთელები ზოგჯერ ინფორმაციას მალავენ, გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, თუმცა ლევან ყენია კარიერის ყველაზე არასასიამოვნო მომენტზე გულწრფელად საუბრობდა მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ''შალკეს'' ფეხბურთელი იყო: ''თურქულ შეკრებაზე ფელიქს მაგათს ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ ტკივილს ვგრძნობდი, თუმცა ის ამ ფაქტორს არ ითვალისწინებდა. შესაძლოა ფიქრობდა, რომ ვატყუებდი. მას სურდა თამაში ძალიან სწრაფად დამეწყო. მაგათი და მისი თანამოაზრეები არასწორად მომექცნენ.'' როცა თურქულ შეკრებაზე ლევან ყენიას კოჭი გაუსივდა, გერმანელ ჟურნალისტებს ფელიქს მაგათმა მოკლედ უპასუხა:''მას არაფერი მოუტეხავს.''მაგათის პასუხი მის მეტსახელთან შესაბამისობაშია - ''რკინის ფელიქსი.''
არსებობს თემები და ფაქტები, რომლებზეც საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა ლევან ყენიას პროფესიონალიზმი არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ძალიან ხშირად ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები არღვევენ რეჟიმს და არ იცავენ ცხოვრების იმ წესს, რომელიც აირჩიეს, მაგრამ ყენიას შემთხვევა განსხვავებულია, როცა მწვრთნელის არასწორი მიდგომა, თუნდაც ძალიან განვითარებულ საფეხბურთო ქვეყანაში ფეხბურთელის კარიერას დაღს სამუდამოდ ასვამს.
''დიდი სპორტი და დიდი ფეხბურთი ძალიან უმოწყალოა''
''უნდა წავიდე იქ, სადაც ყოველთვის მათამაშებენ. იმედი მაქვს მე ჯერ კიდევ შევძლებ 10 და 15 წელი ფეხბურთის თამაშს'' - ხის მაგიდაზე აკაკუნებს ლევან ყენია და ცრურწმენის ასეთი გამოხატულების შემდეგ გელზენკირხენული კარიერის დასასრულს იმედით სავსეა, ღიმილით ამბობს:''მსურს ერთ დღეს ისევ დავბრუნდე აქ, ''ფელტინს არენაზე,'' ევროპის საუკეთესო სტადიონზე.'' ეს ინტერვიუ რურის მხარის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოცემასთან, Westfälische Rundschau-თან 2012 წლის 3 მაისით თაღირდება, როცა ტრავმებით გატანჯული 21 წლის ლევან ყენიასა და ''შალკეს'' გზები სამუდამოდ გაიყო, მაგრამ იყო დამშვიდობება, ''ფელტინს არენაზე'' უიღბლობით გულგატეხილ ლევან ყენიას ''შალკეს'' ქომაგები რაულთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად დაემშვიდობენენ.
როცა ლევან ყენია 29 წლის ასაკში ''საბურთალოში'' თამაშობდა, ხშირი ტრავმების გამო დაკარგულ საფეხბურთო თვისებებზე საუბრობდა: ''რა დავკარგე? როცა ფორმაში ვარ შემიძლია ავფეთქდე და რაღაც განსხვავებული გავაკეთო, მაგრამ ეს უფრო იშვიათად ხდება. ტრავმამდე უფრო მეტი იყო. ტრავმა სასურველი ფორმიდან გაგდებს, რაც ჩემს კარიერაში ხშირად ხდებოდა. ახლა ვგრძნობ, რომ რითმი აღარ მაქვს. რასაც 17-დან 23-წლამდე ჩადებ, ამ პერიოდში, რასაც შენს ორგანიზმს მისცემ და ფეხბურთისთვის გაიღებ, ის გაგყვება მთელი კარიერა. ასე მგონია და სამწუხაროდ, მე ეს პერიოდი დავკარგე.''
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიიდან არაერთმა ფეხბურთელმა არაპროფესიონალიზმის გამო, სიზარმაცისა თუ არასწორი სპორტული ცხოვრების მიზეზით შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და წარმატებული ევროპული კარიერის შექმნის შანსი დაკარგა.ყენიას ისტორია განსხვავებულია, ''ლოკოდან'' ''შალკეში'' გადასულ ვუნდერკინდს მძიმე ტრავმებმა ამბიცია ვარსკვლავური კარიერის შექმნაზე სამუდამოდ გაუქრო.