ბრინჯაოს მედლები ნიგერიას - აფრიკის ეროვნებათა თასზე მესამეადგილოსანი გამოვლინდა
აფრიკის ეროვნებათა თასზე მე-3 ადგილისთვის მატჩში ნიგერიამ ტუნისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა, მისი ავტორი კი ჩინური „შანხაი შენხუას“ ფორვარდი ოდიონ იგალო გახდა.
იგალომ ტურნირზე მე-5 გოლი შეაგდო და დიდი ალბათობით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირობაში ვეღარავინ შეეცილება. მისი მთავარი კონკურენტები ფინალის მონაწილეები - რიად მეჰრეზი, ადამ უნა და სადიო მანე არიან, სამივე მათგანის ანგარიშზე 3-3 გოლია.
ტუნისელებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალან ჟირესი, ავარჯიშებს. ლეგენდარული ფრანგი „ჯვაროსნების“ დამრიგებლად 2004-2005 წლებში მუშაობდა.
რაც შეეხება ნიგერიის ნაკრებს, ის ეროვნებათა თასის 3-გზის ჩემპიონია, ბრინჯაოს მედლები კი ისტორიაში მერვედ მოიპოვა.
ამრიგად, აფრიკის ეროვნებათა თასზე ერთადერთი მატჩი დარჩა გასამართი. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, 19 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე, სენეგალისა და ალჟირის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.