კოლუმბიის ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი იმედებით გაემგზავრა. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის, ფრანსისკო მატურანას ხელმძღვანელობითა და კარლოს ვალდერამას ლიდერობით, "ლოს კაფეტეროსს" მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის ეიმედებოდა.
ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები მასპინძელი აშშ, შვეიცარია და რუმინეთი იყვნენ, შესაბამისად, კოლუმბიაში თვლიდნენ, რომ მათი ნაკრები, რომელსაც იმ წლებში აღიარებული "ოქროს ხანა" ედგა და გამორჩეული გუნდი ჰყავდა, ფლეი-ოფში უნდა გასულიყო და შემდეგაც ღირსეული შედეგები ეჩვენებინა.
ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად, რუმინეთთან მარცხით დაიწყო, მეორე ტურში კი აშშ-სთან წაგებამ "კაფეტეროსი" ჯგუფში ჩატოვა. აშშ-სთან შეხვედრისას, ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც ანდრეს ესკობარმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. როგორც აღმოჩნდა, მან, ამ გოლით, ნაკრებსაც და საკუთარ თავსაც განაჩენი გამოუტანა.
„პირდაპირ ვიყურებოდი და ანდრესი თვალთახედვაში საერთოდ არ მყავდა. უცებ, ბურთი ვეღარ დავინახე და როცა რეაქცია მოვახდინე და მომხდარი აღვიქვი, ანდრესისგან ასხლეტილი ბურთი უკვე კარში იყო", - ეს კოლუმბიელთა მეკარის, ოსკარ კორდობას სიტყვებია.
ანდრეს ესკობარის და იხსენებს, რომ როცა მატჩს ტელევიზიით უყურებდა და ავტოგოლი გავიდა, მისმა 9 წლის შვილმა უთხრა: "დედა, ანდრესს მოკლავენ", რაზეც უპასუხა, რომ ასე არ მოხდებოდა, რადგან ესკობარი კოლუმბიაში უყვარდათ...
კოლუმბიაში ფეხბურთელთა მიმართ მუქარისშემცველი ხმები ვრცელდებოდა, ხალხი თავიანთი ქვეყნის საკმაოდ ძლიერი ნაკრების კრახით გამოწვეულ იმედგაცრუებას ვერ მალავდა. ნაკრების ნახევარმცველი, კიჩო სერნა, იხსენებს:
„ბევრი რამ არ გვესმოდა. რატომ წავაგეთ რუმინეთთან? რატომ იყო შეცდომა ანდრეს მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი? რატომ გვემუქრებოდნენ? არცერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გვქონდა".
ესკობარი, რომელიც მისი გაცილებით გავლენიანი მოგვარის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ოჯახის წევრების სანახავად, სამშობლოში ჩავიდა. მუნდიალიდან გამოვარდნიდან 5 დღის შემდეგ კი მედელინის მახლობლად მდებარე დასახლება EL Poblado-ს ერთ-ერთ ბარში მეგობრები მიიპატიჟა.
დალევის შემდეგ ბიჭები ღამის კლუბს ეწვივნენ. იმის მიუხედავად, რომ ესკობარს ყველა სახლში დარჩენას და მშვიდად ყოფნას ურჩევდა, მან ოჯახის წევრებს მტკიცედ განუცხადა: „არა, საკუთარ ხალხს სახე უნდა ვაჩვენო და თვალებში ჩავხედო".
1994 წლის 2 ივლისი. დაახლოებით ღამის 3 საათი იყო. მეგობრები ღამის კლუბში მივიდნენ და ცოტა დალიეს, რამაც ზოგადად მორცხვი ანდრესი ცოტა ხასიათზე მოიყვანა და ხალხთან კომუნიკაციაშიც შევიდა. ფეხბურთელს ბარში ყვირილი დაუწყეს: „გაეთრიე აქედან", რის შემდეგაც მეგობრებმა ანდრესი გარეთ გაიყვანეს და მანქანაში ჩასხდნენ. მოჩხუბართაგან რამდენიმე მანქანასთან მივიდა და ფეხბურთელს ავტოგოლის გამო დასცინოდა, რაზეც ესკობარი გაბრაზდა და მათთვის ცდილობდა აეხსნა, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო.
ამ დროს მანქანასთან კიდევ რამდენიმე ადამიანი მივიდა და მათგან ერთ-ერთმა ანდრესს 6-ჯერ ესროლა. როგორც ცნობილია, მკვლელი თითოეული სროლისას ცინიკურად "გოლ"-ს გაიძახდა. ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის პიკი ჰქონდა, „მილანში“ გადასასვლელად ემზადებოდა და წლის ბოლოს მეგობარ გოგონასთან დაქორწინებასაც გეგმავდა, საავადმყოფოში მიყვანიდან 45 წუთში გარდაიცვალა.
პოლიციის იმდროინდელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იხსენებს: „სროლის შემდეგ იქ მყოფმა ადამიანებმა გატაცებული მანქანის ნომრები გაგვაცნეს, მანქანა ძმები გალონებიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდა. გალონები ნარკოდილერები იყვნენ, მათ პაბლო ესკობარი მიატოვეს და Los Pepes-ს შეუერთდნენ. ძმებმა ანდრეს ესკობარის მკვლელობა შეუკვეთეს, თუმცა შემდეგ გარკვეულ ჯგუფებს მოელაპარაკნენ, რისთვისაც 3 მილიონი დოლარის გადახდა დასჭირდათ და გამოძიება ჩატარდა, რომელმაც მთავარ დამნაშავედ ბარის ერთ-ერთი მცველი გამოიყვანა, გალონების სახელი კი სუფთა "აღმოჩნდა".
პოლიციელის ნათქვამ "გარკვეულ ჯგუფებში" კანონს ამოფარებული კარლოს კასტანო მოიაზრებოდა. Los Pepes-ს ფეხბურთელი ესკობარის მკვლელობის საქმის გაყალბებაში სწორედ კასტანო დაეხმარა. იმ დროისთვის ორი მთავარი კოლუმბიელი ესკობარის სიკვდილი ამ ქვეყნის ფეხბურთში დიდი ეპოქის დასრულებას ნიშნავდა. ფანებს ფეხბურთის აღარ სწამდათ და სტადიონებზე სიარულსაც უკლეს.
კოლუმბიის პოლიციამ ნაკრების ყველა ფეხბურთელს დაცვა დაუნიშნა. „მე არასდროს მიგრძვნია, რომ დაცვა მჭირდებოდა, უბრალოდ, ნორმალურად ცხოვრება მინდოდა. 5 ადამიანის თანხლებით დავდიოდი და როცა ისინი მანქანაში მსვამდნენ, ტირილს ვიწყებდი", - ამბობდა კარლოს ვალდერამა.
ანდრეს ესკობარის მკვლელობაში მთავარ დამნაშავედ გამოყვანილ დაცვას 43-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 11 წლის შემდეგ იგი ციხიდან გაათავისუფლეს. ხალხი ამბობდა, რომ პაბლო ესკობარის პერიოდში ამას ვერავინ გაბედავდა და ანდრესსაც ასე ვერავინ მოექცეოდა. პაბლოს თავისი წესები ჰქონდა.
„ანდრეს ესკობარი ჩვენს გულებში გმირისა და ღირსეული კოლუმბიელის სტატუსით დარჩება. ჩვენი ქვეყანა შეძრწუნებულია და ანდრესის ოჯახთან ერთად ტრაგედიას იზიარებს", - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, სესარ გავირიამ ფეხბურთელის სამძიმრის წერილის წაკითხვისას.
სხვათა შორის, პაბლო ესკობარის კრიმინალურ საქმიანობასა და ნარკობიზნესის ლაზერული სისწრაფით პროგრესირებას სწორედ სესარ გავირიას მმართველობისას მოეღო ბოლო.
„ჩემი სხეული დაკრძალვაზე იყო, თუმცა სული სადღაც ძალიან შორს დაქროდა და, შეიძლება ითქვას, არც არსებობდა", - ამბობდა ფეხბურთელის მეგობარი გოგონა წლების შემდეგ.
ანდრეს ესკობარის პანაშვიდზე 120 ათასამდე ადამიანი მივიდა, დაკრძალვის პროცესიას კი 2 ათასი პიროვნება დაესწრო. კოლუმბიელი ხალხი გარდაცვლილი ფეხბურთელის სულისთვის ლოცულობდა. 2002 წელს, მედელინში, ანდრეს ესკობარის ხსოვნის საპატივცემულოდ მისი ქანდაკება დადგეს.
„სოციუმს სჯერა, რომ ანდრესი ფეხბურთმა მოკლა. მე ვიტყოდი, რომ არა! ანდრესი ფეხბურთელი იყო, რომელიც სოციუმმა და სოციალურმა გარემომ მოკლა", - ფრანსისკო მატურანა.
და მაინც, ანდრეს ესკობარს თავისი ავტოგოლი გამეორებით არასდროს უნახავს...