''ფეხბურთის თამაშის ნოსტალგია როგორ არ მაქვს, ხანდახან ჩემი კარიერის კადრებს შვილებს ჩავურთავ ხოლმე, რომ არ ეგონოთ ბურთის დარტყმა არ ვიცოდი'' - ღიმილით ამბობს 35 წლის სანდრო იაშვილი, რომელმაც 17 წლის ასაკში ქართული ფეხბურთის ქომაგები გაახარა, სპეციალისტები აღაფრთოვანა, ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, თუმცა ვერ შეიძინა ის საჭირო თვისებები ამომავალ ვარსკვლავს მაღალი დონის ფეხბურთელად რომ აქცევდა. სანდრო იაშვილის კარიერა ხანმოკლე და არასტაბილური გამოვიდა, კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა, თუმცა ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის საინტერესო პერსონად დარჩა.
ბავშვობა და ბრაზილიელი რონალდო
''თელავში დავიბადე, თელავში გავიზარდე, ბავშვობიდან ''ჟილკიანი'' ვიყავი, სულ გოლზე და მოგებაზე ვფიქრობდი. ფეხბურთზე ცოტა გვიან, 10 წლის ასაკში შევედი, ამ დროს უკვე ფეხბურთი ძალიან მაგრად მიყვარდა. ძალიან მომწონდა ზიდანი, დელ-პიერო, ''იუვენტუსის'' გულშემატკივარ ვარ. წლები რომ მომემატა და ფეხბურთს სხვა თვალით დავუწყე ყურება, ნომერ პირველი ბრაზილიელი რონალდო გახდა.''
ჯანი კარნევალე და ''რომა''
საუკუნის დასაწყისში თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' ჯანი კარნევალე წვრთნიდა, იტალიელი სპეციალისტი 70-იან წლებში ''ჩეზენასთან'' და ''ასკოლისთან'' ერთად სერია ა-ში აღზევდა, თუმცა ფეხბურთელის შთამბეჭდავი კარიერა ვერ შექმნა.90-იანი წლების მიწურულს კარნევალე ბათუმის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი ''ვიტ ჯორჯიაში'' მუშაობდა.
რომში დაბადებულმა კარნევალემ სანდრო იაშვილი მშობლიური ქალაქის გუნდში მაშინ წაიყვანა, როცა ტალანტი ფეხბურთის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არ იყო. ეს იყო გამგზავრება გამოცდილების მისაღებად და ცოდნის შესაძენად, რადგან ქართველი არასრულწლოვანი ფეხბურთელისთვის ევროპულ კლუბში ჩარიცხვა დიდ ბიუროკრატიულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ასე იყო მაშინ და ასეა ახლაც.
''ჯანი კარნევალე ძალიან კარგი პიროვნება იყო, მან ''რომაში'' წასვლა შემომთავაზა, რა თქმა უნდა გავყევი, ასეთ შანსზე უარს ხო არ იტყვი ? უნდა წახვიდე, აბა რა უნდა ქნა? მაგრამ აქეთ-იქით სიარული ფსიქოლოგიურად კარგი არ არის, რწმუნდები, რომ ევროპული კლუბები ''სხვაგან'' არიან და ჩადი-ჩამოდიში ტვინი გერევა. თუ მიდიხარ, უნდა დარჩე და ახალ ყაიდაზე გადაეწყო. ''რომაში'' ვუნდერკინდს არ ელოდებოდნენ, მაგრამ ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვე, ტყუილად არ ჩავსულვარ.''
გაბრწყინება ისტორიულ ქალაქში, მაგათის ''შტუტგარტი'' და ტრანსფერი ''დინამოში''
2001 წლის შემოდგომის წარმატებაში წვლილი ქართველმა ქომაგებმაც შეიტანეს. იაშვილმა ''მიხეილ მესხზე'' ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დუბლი შეასრულა, ისრაელთან გამარჯვების გოლი ზურაბ კვახაძემ გაიტანა და ჟორჟიკაშვილის გუნდი ფინალურ ეტაპზე გავიდა. კადრები არ არსებობს ან შესაძლოა საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება, ისტორიულ კადრებს უმალავენ ადამიანებს, ვინც ამ არხის არსებობას უზრუნველყოფს - ქართველ ხალხს.
ევრო 2002-ზე ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები საქართველოს ნაკრებმა დანიის ისტორიულ ქალაქ როსკილდეში გამართა. იაშვილმა გოლები რენე ადლერსა და ლუკაშ ფაბიანსკის გაუტანა, დასკვნით ტურში უნგრეთთან დუბლი შეასრულა და ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა.
ეს წარმატება ყველაზე მეტად იაშვილთან ასოცირდება, თუმცა ჟორჟიკაშვილის გუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც შემდგომში ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მიიღეს: აკაკი ხუბუტია, ზაალ ელიავა, გიორგი ჭელიძე, გოჩა ხოჯავა და ალექსანდრე გურული, თუმცა დამკვიდრება მხოლოდ აკაკი ხუბუტიამ მოახერხა, მან ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა და ისტორიულ გამარჯვებაში, ხორვატიის ძლევაში მონაწილეობა მიიღო.
''ისეთი ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, ძალიან მიკვირს როგორ ვერ გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები შემდგარი კარიერით... ბიჭები დაფრინავდნენ... მაგრამ სად არის ასე, მთელი ცხოვრება ყურადღებით არ იყო, რეჟიმში არ იყო, საქმეს პროფესიონალურად არ მიუდგე და წარმატებით ითამაშო? არ არსებობს, შეუძლებელია, სადღაც ყოველთვის გეწყება რეგრესი.''
დანიაში გამართულ ევროპირველობას არაერთი კლუბის სკაუტი ესწრებოდა, მათ შორის გერმანული კლუბის წარმომადგენლებიც იყვნენ, ''შვაბებმა'' სანდრო იაშვილს კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.
''დანიაში ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემთან მოვიდნენ ''შტუტგარტის'' წარმომადგენლები, მათგან დიდი ინტერესი იყო. ''შტუტგარტში'' გარკვეული პერიოდი გავატარე, ფერნანდო მეირასთან და კევინ კურანისთან ერთად ვვარჯიშობდი, ვუყურებდი როგორ ემზადებოდნენ და როგორც ცხოვრობდნენ პროფესიონალები, მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ და ''შტუტგარტიდან'' წამოსვლა მომიწია.''
ფელიქს მაგათის ''შტუტგარტში'' ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ იაშვილი ''ვიტ ჯორჯიადან'' ივო შუშაკის თბილისის ''დინამოში'' წავიდა, სადაც კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გაატარა.
''დინამოში'' პირველი დღე დაძაბული გამოვიდა. როცა ჩივაძე ''დინამოში'' თამაშობდა, მამაჩემი დუბლების კაპიტანი იყო, ის ხშირად მიყვებოდა, რომ ბაზაზე საოცარი ატმოსფერო იყო. პირველ დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი, რომ ჩემი საქმე კარგად გამეკეთებინა.
ევროპის ჩემპიონატზე კარგად რომ არ მეთამაშა, ''დინამოს'' მხრიდან დიდი ინტერესი არ იქნებოდა. გარდა ამისა, შესარჩევი ციკლიდან მოყოლებული მედიის ყურადღების ცენტრში ვიყავი. 17-წლამდე ნაკრებში გატანილმა გოლებმა ''დინამოს'' მხრიდან დიდი ინტერესი გააჩინა. მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ.
გლაზგოური პერიოდი
2007 წელს, როცა შოთა არველაძემ სანაკრებო კარიერა ''ჰემპდენ პარკზე'' გატანილი შესანიშნავი გოლით დაასრულა, მისი პოტენციური მემკვიდრე სანდრო იაშვილი კარიერის ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებდა. ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი, ვინც ევრო 1996-ზე მშობლიური ქვეყნის ნაკრები ფინალამდე გაიყვანა, 2006 წელს თბილისის ''დინამოს'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მხოლოდ მასთან მუშაობისას შეძლო სანდრო იაშვილმა იმ თვისებების გამოვლენა, რაც ქმნიდა აზრს, რომ მას შოთა არველაძის მიერ დაწერილი სანაკრებო ისტორიის გაგრძელება შეეძლო.
არველაძესა და იაშვილს ერთ გუნდში არასდროს უთამაშიათ, თუმცა მათ ერთმანეთის თვისებები კარგად მაშინ დაინახეს, როცა არველაძე ალექს მაკლიშის ''რეინჯერსში'' თამაშობდა და სანდრო იაშვილი პროტესტანტთა საყვარელ კლუბში წაიყვანა.
''შოთის მონდომებით გაოცებული ვიყავი. მუხლის ტრავმა ჰქონდა, ყოველდღე მასაჟს იკეთებდა, რამდენს წვალობდა რომ მუხლს ''გაეშვა.''ამიტომ ითამაშა დიდი ფეხბურთი და ამიტომ გახდა ვარსკვლავი. ეს იყო დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი. შორიდან რომ შეხედო, შეეძლო ბევრი არ ენერვიულა, მაგრამ იმდენს ნერვიულობდა და თავს ისე უვლიდა, რომ კარგ ფორმაში ყოფილიყო, მისი მონდომებით გაოცებული ვიყავი. ამიტომ გახდა ვარსკვლავი.
უპირველესად მინუსები შენს თავში უნდა ეძებო. თუ კარგ ფორმაში ხარ და კარგად თამაშობ, ევროპელი არ დაგიკარგავს. ვინმეს ჩემთვის რატომ უნდა დაეკარგა რამე ? არ ვიყავი კარგად მომზადებული. ამიტომ სპორტსმენი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო, საკუთარ თავს უნდა მიაქციო ყურადღება. რაც გიშლის ხელს, იმას უნდა გაუფრთხილდე, მე წონის პრობლემა მქონდა, ძალიან ხშირად ზედმეტი წონით ვთამაშობდი.
გლაზგოშიც ასე იყო, ცოტა ზედმეტი წონით ჩავედი, უგუნდოდ და უვარჯიშებელი ვიყავი,იქ დაახლოებით თვენახევარი გავატარე, ბრწყინვალე გუნდი, საოცარი ატმოსფერო, თუმცა ვფიქრობ თავი ვერ გამოვიჩინე. გარდა ამისა შოტლანდიაში სამუშაო ვიზის აღება ძალიან რთულია.''
''შოთი ჩემში ნიჭს ხედავდა, მაგრამ დანახვა ერთია, შესრულება მეორე''
გადაჭარბებული მოლოდინები ფეხბურთელის კარიერას მუდმივად თან სდევდა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენდა, რაც ფეხბურთელის პიროვნულ მინუსებთან ერთად პროგრესის შემაფერხებელი ფაქტორი იყო.
''ვიდრე მაღალ მწერვალზე არ ახვალ, სიტყვიერად მწვერვალზე არც ჟურნალისტმა, არც მწვრთნელმა და არც გულშემატკივარმა არ უნდა აგიყვანოს.
შოთი ჩემში ნიჭს ხედავდა, მაგრამ დანახვა ერთია, შესრულება მეორე. ძალიან ძნელია ფეხბურთის თამაში, როცა შენს მიმართ გადაჭარბებული მოლოდინებია. ეს იგრძნობოდა, როგორც ქომაგების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან. როცა დიდ ყურადღებას გრძნობ, გამოუცდელი ხარ და პრობლემებს შეხვდები, შესაძლოა ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს. ამიტომ ვთვლი, რომ ვიდრე მაღალ მწერვალზე არ ახვალ, სიტყვიერად მწვერველაზე არც ჟურნალისტმა, არც მწვრთნელმა და არც გულშემატკივარმა არ უნდა აგიყვანოს.
''შესაძლოა ჩემს მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები იყო და არ ვიყავი ისეთი მაგარი, როგორც ფიქრობდნენ. როცა ქვეყანაში სხვანაირი ატმოსფეროა და ფეხბურთის ცხოვრებით არ ცხოვრობ, შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ძნელია.''
უჰრინის ნდობა და კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო იაშვილმა ალექს მაკლიშის გუნდში საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, მისი როგორც მაღალი დონის ფორვარდად ჩამოყალიბების რეალური შანსი დუშან უჰრინთან მუშაობისას გაჩნდა, როცა კარიერაში პირველად სტაბილური სეზონი ჩაატარა, 27 გოლი შეაგდო და ''დია 2007''-ზე სეზონის საუკეთესოს პრიზი სოფიო ჭიაურელმა გადასცა, შოთა არველაძემ კი აღნიშნა, რომ იაშვილს ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდად ხედავდა.
იაშვილი აღიარებს, რომ საუკეთესო ფორმაში ივო შუშაკის ფორმაციის ''დინამოში'' იყო, თუმცა ყველაზე შედეგიანი სეზონი მოგვიანებით, დუშან უჰრინის მწვრთნელობისას ჩაატარა. 2006-07 წლების სეზონში იაშვილი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი და ფეხბურთელი გახდა. შთამბეჭდავი სეზონის მიუხედავად, მეტოქის მცველებთან ორთაბრძოლების მოგების გარდა კიდევ ერთი საკითხი იყო გადასაჭრელი, მას მუდმივად უხდებოდა ბრძოლა ზედმეტდ კილოგრამებთან.
''დუშან უჰრინისგან ნდობას ვგრძნობდი, ყოველ მატჩში ვიტანდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ივო შუშაკთან მუშაობისას უფრო მაგარ ფორმაში ვიყავი.
ბადრი პატარკაციშვილი შესანიშნავი პიროვნება იყო, ბაზაზე მოდიოდა ხოლმე, ჩემპიონები რომ გავხდით, თავის სახლში გვიმასპინძლა. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ გუნდს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ძლიერი გუნდის შესაქმნელად ყველა პირობა შექმნა.''
გოლები დინამოში
სახალისო ამბავი
თბილისის ''დინამოდან'' სანდრო იაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, გიორგი მერებაშვილმა სახალისო ამბავი გაიხსენა: ''მახსოვს მოსკოვში ვიყავით, ტურნირი დასრულდა და მეორე დღეს საქართველოში მოვფრინავდით, გვიან ღამით მე და სანდრო ნაყინის საყიდლად გავედით, მოსკოვში ძალიან დაბალი ტემპერატურა იყო, დაახლოებით -30 ან -40 გრადუსი. თითქმის ერთი მაცივარი ნაყინი ვიყიდეთ, მთელი გუნდისთვის ვყიდულობდით, მაგრამ გამყიდველს ვუთხარით, რომ მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდა.ამდენს როგორ შეჭამთო. გავაგიჟეთ გამყიდველი. იაშკა მართლა ძალიან მაგარი იყო, რაც ყველაზე მთავარია, შესანიშნავი პიროვნებაა. მიხარია რომ მასთან ერთად მომიწია თამაში.''
ევროპული შანსი
შოტლანდიაში გამგზავრების მსგავსად შვეიცარიაში ჩაფრენამდეც იაშვილის პროფესიისადმი დამოკიდებულებაში ენთუზიაზმი არ იგრძნობა. ფეხბურთელი ახალ გამოწვევებს კონცენტრირებული არ ხვდება, კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის მოლოდინი და პროგრესის რეალური შანსი მის ქმედებებზე დადებითად არ აისახება.
''დინამოში'' ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ ფორმას, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას ''აკრიფა,'' სეზონის დასრულების შემდეგ კარგავს და შვეიცარიულ გუნდს ნაცნობი პრობლემით, ზედმეტი წონით უერთდება: ''შვეიცარიაში გაფრენამდე არ ვვარჯიშობდი, წონაში მოვიმატე, მოუმზადებელი ჩავედი.''
''თუნში'' გადასვლამდე სხვა ვარიანტებიც იყო, მათ შორის ახლადშექმნილი ''ჰოფენჰაიმის,'' თუმცა შვეიცარიულმა კლუბმა პირდაპირ კონტრაქტი გამომიგზავნა და დავთანხმდი.''
ულამაზესი ბუნება, საოცარი არქიტექტურა, შვეიცარიის პატარა ქალაქი თუნი, სადაც ფეხბურთის ქომაგებმა ყველაზე დიდი სიხარული 2005 წელს განიცადეს, როცა ურს შიონენბერგერის გუნდმა ევროპული ფეხბურთის ქომაგები სენსაციური წარმატებით გააკვირვა, ''თუნი'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. შიონენბერგერი ''ყოველთვის უკომპრომისოს'' სახელითაა ცნობილი და კლუბში მუშაობა კლუბის მმართველებთან დაპირისპირებით დაასრულა. დიდ პროგრესს რეგრესი მოყვა და როცა სანდრო იაშვილი თბილისის ''დინამოდან'' შვეიცარიულ კლუბში გადავიდა, სრულიად განსხვავებული გუნდი დახვდა.
''თუნმა'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, თუმცა ჩემი ჩასვლისას იმ გუნდიდან მხოლოდ გერბერი და ნელსონ ფერეირა დამხვდნენ. მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ჩათვლით სრულიად ახალი სახეები, ერთმანეთისთვის უცხო პიროვნებები შევიკრიბეთ, გუნდის წევრები ელემენტარულად ერთმანეთს უნდა იცნობდნენ, ერთმანეთის თვისებები უნდა იცოდნენ, რომ წარმატებას მიაღწიონ, ბევრი ფაქტორია და ერთ სეზონში გუნდის ფორმირება ვერ მოხერხდა.''
2007-08 წლების სეზონში შვეიცარიის სუპერლიგაში 21 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია, მე-16 ტურში ''გრასჰოპერს'' გაუტანა.
''არ გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო. ფაქტობრივად, გუნდებს ვერ ვუტევდით, გუნდის ფორმირება ვერ მოხერხდა და ის სეზონი დიდი წარუმატებლობით დავასრულეთ - სუპერლიგიდან გავვარდით.''
პრობლემა, რომელიც მთელი კარიერა თან სდევდა
''წონის პრობლემა 17-18 წლის შემდეგ დამეწყო, როცა საზარდულის ოპერაცია გამიკეთეს. ოპერაციამდე უაზროდ ბევრ წამალს ვიკეთებდი, არ მშველოდა და ბოლოს საზარდული გამიწყდა. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ძალიან ძნელია, მით უმეტეს აქ და მით უმეტეს მაშინ. ოპერაციის შემდეგ ფაქტობრივად წონის პრობლემა მთელი კარიერის მანძილზე მქონდა.''
საუკეთესო გოლები და გამორჩეული მეორე სართულზე
''სამი საუკეთესო გოლი? სამივე თავით შევაგდე, ''ბრონდბიუსთან,'' ''ზესტაფონთან'' და ''გრასჰოპერსთან.'' ძალიან კარგი გოლები გამოვიდა, კარგში რთულად შესასრულებელ დარტყმას ვგულისხმობ.
მამა თავით კარგად თამაშობდა, შესაძლოა გენეტიკურია. ბავშვობაში ხშირად ვხტუნაობდი ხოლმე, სულ ხელით მინდოდა რაღაცაზე მიწვდომა. თავით თამაში ბავშვობიდანვე მიყვარდა, რა არის თავით თამაში ? შიში არ უნდა გქონდეს, მშიშარა თავით ვერ ითამაშებს, შანსი არაა. იქ თავს ვერ შეყოფს, იქ ვერ ახტება, მოერიდება. უშიშარი ვიყავი, თავით თამაშს არასდროს ვერიდებოდი, ნახტომიც ხელს მიწყობდა,
რა სიმაღლეზეც მცველები ბურთს თავით იღებდნენ, მე მკერდით ვაჩერებდი. თავით თამაშსაც ნიჭი უნდა, ბურთი სად მოდის, რომელ წერტილში უნდა ახტე. რომელ წერტილში უნდა დაიჭირო, ყველაზე მაღალ წერტილში, ბევრი ნიუანსია.''
მწვრთნელები
''ივო შუშაკი საკმაოდ მკაცი იყო, მაგრამ ეს სიმკაცრე ზრდაში მეხმარებოდა, სამართლიანად მკაცრი იყო. უთავო მხედარს მეძახდა ხოლმე, შენ უთავო მხედარი ხარო, არაფერი არ გესმისო, მაგრამ ყველაფერი კარგად მესმოდა. ცხადია, ხუმრობით მეუბნებოდა.
რა შეიძლებოდა ჩემში მწვრთნელს არ მოწონებოდა? ძალიან ემოციური ვიყავი, ფეხბურთის თამაში უემოციოდ არ შემეძლო. მეტოქემ უნდა დაინახოს, რომ ემოციური ხარ, ''ჟილკიანი'' ხარ. მცველი უნდა გრძნობდეს, რომ ზეწოლის ქვეშ გყავს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
გეგუჩაძე ''დინამოში'' არ მათამაშებდა და წამოვედი, შემდეგ კი ფეხბურთში ვეღარ ჩავერთე ისე, როგორც საჭირო იყო, თავგზა ამებნა. ნებისმიერი ფეხბურთელი ინდივიდუალურია, თავის წარმოსაჩენად თითოეულს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. შესაძლოა ვარჯიშზე მწვრთნელმა რაღაც დაგავალოს, არ მოგეწონოს და მთელი კარიერა ერთ დღეში აგერიოს.''
საუკეთესო პარტნიორები მოედანზე
''სიმართლე გითხრათ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს რეგულარულად არ ვუყურებ , მაგრამ როცა თვალს ვადევნებ, კრეატიულობას ხშირად ვერ ვამჩნევ, ლამაზ პასს ძალიან იშვიათად ვხედავ.
ბავშვობიდან გოჩა ხოჯავასთან ერთად ვთამაშობდი, ძალიან კარგ პასებს მაძლევდა ხოლმე. შემდგომში ''დინამოში'' ბევრი თანაგუნდელი მყავდა, რომლებიც კარგი გადაცემებით გამოირჩეოდნენ. გიორგი ანჩაბაძე ძალიან მაგარი იყო. ასევე, ვიტალი დარასელია და ლადო ბურდული, ხოლო დავით კვირკველია ფლანგიდან საჯარიმოში შესანიშნავ გადაცემებს ასრულებდა.''
დასასრული
''საჩხერეში წელი მაწუხებდა, ხელოვნურსაფარიან მინდორზე სირბილისგან წელი მტკიოდა, მუდმივად გამაყუჩებლებით ვთამაშობდი, ვეღარც დავრბოდი, ვეღარც დავდიოდი, სულ ნემსებს ვიკეთებდი. ვატყობდი, იმდენს ვეღარ ვიზამდი, რამდენსაც მანამდე ვახერხებდი, წამოვედი და სახლში დავჯექი გაბრაზებული.
უცნაურია, როცა ამდენი ხანი თამაშობ, ვარჯიშობ, ყურადღების ცენტრში ხარ და უცებ მიიღებ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას. ასეთი ტიპი ვარ, ასე მოულოდნელად გავქრი. 27 წლის ასაკში დამთავრდა ჩემი ფეხბურთი.
აღარც მწვრთნელებს ჰქონდათ სურვილი, მოდი და ჩვენთან იყავიო, ყველას თავისი შეხედულება აქვს. არც მე დამიწყია ვინმესთვის ხვეწნა-მუდარა გუნდში მიმიღეთქო, ასეთი რამ ჩემს ხასიათში არასდროს იჯდა. ეტყობა, არავისთვის საინტერესო აღარ ვიყავი და თავისთავად მოხდა კარიერის დასრულება.''