19 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგაში
Aa
Aa

19 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ლა ლიგის ''გრანადაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ფეხბურთელის ოფიციალური Facebook-ის გვერდი იუწყება. ამავე წყაროს ცნობით გუგეშაშვილმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

გუგეშაშვილი პოლონური ''იაგიელონიას'' საკუთრება იყო და იჯარის წესით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ გორის ''დილაში'' თამაშობდა. CrystalSport-ის ცნობით პოლონური კლუბი ქართველ მეკარეს ''გრანადაში'' ნახევარი სეზონით გაანათხოვრებს. დიდი ალბათობით მას ''გრანადას'' სარეზერვო გუნდში მოუწევს თამაში.

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გუგეშაშვილმა ''დილას'' მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 19 წლის კიპერს ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

მიმდინარე თვეში ესპანელმა ჟურნალისტმა ანხელ გარსია ალვარესმა twitter-ზე დაწერა, რომ ''გრანადას'' ქართველი მეკარის გადაბირება სურდა. 

ამ ეტაპზე ''გრანადას'' ოფიციალური ვებგვერდი ტრანსფერს არ ადასტურებს.

2016 წელს თბილისის ''დინამომ'' გუგეშაშვილი პოლონურ ''იაგიელონიაში'' გაყიდა, როცა ფეხბურთელი საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრი იყო. ამჟამად მეკარე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები