''კლუბიდან ჯიმ სმიტის წასვლა განვიცადე, როგორც მამის დაკარგვა. ''დერბი ქაუნთიში'' მან მიმიწვია და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დამიბრუნა.''
გიორგი ქინქლაძე ჯიმ სმიტის შესახებ
''დერბიში'' დრიბლინგის შესრულებისგან ხშირად თავს იკავებდა, რაც განსაკუთრებით გრანდებთან იგრძნობოდა, დაკარგული სისხარტისა და სისწრაფის დაბალანსებას მის ტვინში შექმნილი ლამაზი საფეხბურთო კადრები აბალანსებდა, რომელთა რეალობად ქცევა მხოლოდ პასის ხარჯზე შეეძლო. მისი პლუსი დრიბლინგი აღარ იყო, ოლსენთან და ვოუტერსთან უთანხმოებებით გამოწვეულმა დეპრესიულმა დღეებმა ქინქლაძის ფიზიკური პლუსები წარსულში დატოვა და როცა ''დერბი ქაუნთის'' მატჩების ვიდეოჩანაწერებს ვუყურებ, ხშირად მეჩვენება, რომ ქინქლაძის თამაში განმეორებითი ჩვენებაა.
განსხვავებული აზრი მიჩნდება ''ლიდსთან'' გატანილი გოლიდან გამომდინარე, იან ჰარტი და ოლივიე დაკური სწრაფად და ოსტატურად მოატყუა, დენი მილსს დაასწრო და ნაიჯელ მარტინს მახვილი კუთხიდან ლამაზი გოლი გაუტანა. ასეთ ეპიზოდებს ''დერბი ქაუნთიშიც'' ქმნიდა, მაგრამ იშვიათად, მეტწილად ცდილობდა შეტევა პასით გაემწვავებინა და ბრძოლა მატჩიდან მატჩამდე საკუთარ თავთან უწევდა, რადგან მისი ფიზიკური კონდიციებით ძველი ფორმის დაბრუნება წარმოუდგენელი ჩანდა.
კოშმარული დღეების შემდეგ ''თეთრთავიანი არწივის'' გუნდში
''მანჩესტერ სიტიდან'' კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 4,925,000 ფუნტ სტერლინგად ამსტერდამის ''აიაქსში'' გაყიდული გიორგი ქინქლაძე 18 თვის შემდეგ ''ნისლიან ალბიონზე'' ბრუნდება. ინგლისური ფეხბურთის კარი პირველად გამოუცდელმა შეაღო, მანჩესტერში ჩასვლისას ინგლისურად მხოლოდ იმის თქმა იცოდა, რაც მოედანზე ყველაზე მეტად სჭირდებოდა: "Give me the ball.'' ჰოლანდიიდან პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ ინგლისურ ფეხბურთთან პირველად შეგუების სირთულეები გამოვლილი ჰქონდა, თუმცა 1999 წლის შემოდგომაზე განსხვავებული და უფრო რთული პრობლემების წინაშე იდგა, რაც მისი ვარსკვლავური კარიერის დაბრუნების შანსს ძალიან ბუნდოვანს ხდიდა.
2019 წლის 10 დეკემბერს ბრიტანულმა მედიამ ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრებს ჯიმ სმიტის სიკვდილის შესახებ აცნობა. კაცი, რომელიც ''თეთრთავიანი არწივის'' სახელით იყო ცნობილი, იუმორითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მისი მთავარი პლუსი ტაქტიკურ განსწავლულობაზე მეტად გუნდის მართვის უნარი იყო. ასე იხსენებს მას ''დერბი ქაუნთის'' ყოფილი ფეხბურთელი დანი ჰიგინბოტამი, თუმცა მისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი შეფასება სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის: ''ჯიმ სმიტი ლეგენდარული იყო.''
ჯიმ სმიტმა ''დერბის'' აღორძინება სტივ მაკლარენთან ერთად 1995 წელს დაიწყო, ''ვერძები'' ელიტაში აღზევდნენ და პრემიერ ლიგაში პირველად სმიტის ხელმძღვანელობით 1996 წლის აგვისტოში ითამაშეს. შემდგომში გუნდი ევროზონასთან ახლოს ორჯერ იყო, მაგრამ 1999 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა სტივ მაკლარენი ''ოლდ ტრაფორდზე'' ბრაიან კიდის შემცვლელად მიიწვია და ''დერბიში'' დაწყებული სეზონი მაკლარენმა საოცარი ''ტრებლით'' მანჩესტერში დაასრულა. მაკლარენის წასვლის შემდეგ ახალ სეზონში ''დერბი ქაუნთის'' დაღმასვლა დაიწყო და კრიზისის შესაჩერებლად ''მანჩესტერ სიტის'' საკულტო ფიგურას, გიორგი ქინქლაძეს უხმეს, რომელმაც კარიერის კოშმარული პერიოდი ამსტერდამის ''აიაქსში'' გაატარა.
''როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ''აიაქსს'' ვგულშემატკივრობდი, იქ თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ჰოლანდიაში ყველაფერი ცუდად წავიდა, ამ კლუბს აღარასდროს ვუქომაგებ.
ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვოცნებობდი ინგლისში დაბრუნებაზე. პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა თამაშის ტემპით, ფეხბურთელთა კლასითა და ემოციებით.''
სმიტი ფიქრობდა, რომ დაღმასვლისკენ მიმავალი ''დერბი ქაუნთისთვის'' გიორგი ქინქლაძე ლიდერად იქცეოდა და წარუმატებელ მატჩებს გამარჯვებები ჩაანაცვლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდი ერთ დღეს გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა, ქინქლაძის იმედგაცრუება უფრო მძიმე იყო. რწმენის დაკარგვას ამომავალი ვარსკვლავები მძიმედ განიცდიან, ყველაზე დიდი წნეხი სწორედ მათზეა, ვისაც ერთ დღეს გრანდიოზულად წარადგნენ, ტრანსფერში სარეკორდო თანხას გადაიხდიან, თუმცა მცირე ხანში სათადარიგოთა სკამზეც ვეღარ ვხედავთ. ასეთი იყო ''ქინქის'' ჰოლანდიური კარიერა, ფსიქოლოგიურად განადგურებულს ''დერბი'' პრემიერ ლიგიდან გავარდნისგან უნდა ეხსნა, რაც 1996 წლის გაზაფხულზე ''მან. სიტიში'' ვერ შეძლო.
''ეს შანსია მისთვის, ეს შანსია ჩვენთვის. მას შეუძლია გადარჩენისთვის შეგვაგულიანოს და გუნდის თამაშში გახდეს მთავარი ფიგურა, მაგრამ ვიდრე საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს 4 ან 5 მატჩის ჩატარება სჭირდება.''
''დერბი ქაუნთისთვის'' და გიორგი ქინქლაძისთვის საერთო იყო წარუმატებლობა, იმედგაცრუება და რაც უფრო მეტ ქულას დაკარგავ, მოთამაშეთა განწყობა უფრო და უფრო საშინელი ხდება, თუმცა ვითარების უფრო დამძიმების შემაფერხებელი ფაქტორი ჯიმ სმიტის ხედვაში იყო, მორტენ ოლსენისა და იან ვოუტერსისგან განსხვავებით მოედნის ცენტრში, ფორვარდების უკან 26 წლის ''ქინქის'' სრული თავისუფლება მიეცემოდა.
''დავეხმარები ფორვარდებს გოლების გატანაში. მე ვარ ერთი ან ორი ფორვარდის უკან მოთამაშე.'' - ეს ქინქლაძის იდეალური როლია, თუმცა ამ თემაზე ''აიაქსის'' მწვრთნელებს ვერ შეუთანხმდა.
ამსტერდამის ''აიაქსში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ გიორგი ქინქლაძე ''ნისლიან ალბიონზე'' დაბრუნდა, 1999 წელს ''აიაქსმა'' ''ქინქი'' სეზონის ბოლომდე ''ვერძებში'' გაანათხოვრა, 2000 წლის ზაფხულში კი 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''დერბიში'' გაყიდა. 2007 წლამდე ''დერბის'' ისტორიაში აღნიშნული თანხა სარეკორდო იყო. 2007 წელს კლუბმა რობერტ ერნშოუს სანაცვლოდ 3,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, ქართველის რეკორდი მოიხსნა.
1999 წლის 28 ნოემბერს ქინქლაძემ ''დერბი ქაუნთიში'' სადებიუტო მატჩი ''ჰაიბერიზე'' ჩაატარა. ჯიმ სმიტმა ქართველი ''ათიანი'' მეორე ტაიმში თამაშში ჩართო. დებიუტი შთამბეჭდავი არ ყოფილა, თუმცა ერთი ეპიზოდით, რეი პარლოუს მოტყუებით ''მეინ როუდზე'' მოთამაშე ''ქინქი'' გაგვახსენა.
დებიუტი ''ჰაიბერიზე''
ტიერი ანრის დუბლით ''ჰაიბერიზე'' წაგებული მატჩის შემდეგ ჯიმ სმიტმა ქინქლაძის შესახებ ისაუბრა: ''რაღაცები, რასაც ვარჯიშზე აკეთებს, გასაოცარია. მისი პასის კულტურა ფანტასტიკურია. გასულ კვირას ''არსენალთან'' მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, მაგრამ პატარა ჯადოქრობის ჩვენება მოასწრო. მოუთმენლად ველი როდის შეძლებს მთელი დატვირთვით თამაშს, რომ აჩვენოს რეალურად რაც შეუძლია.''
გიორგი ქინქლაძის პირველი სეზონი ''დერბი ქაუნთის'' მაისურით. ''ქინქის'' საგოლე პასები ''შეფილდ უენსდისთან,'' ''ევერტონთან'' და ''საუთჰემპტონთან'' შეხვედრებში. ასევე ეპიზოდები ''ნიუკასლთან'' და ''სანდერლენდთან'' გამართული მატჩებიდან. ის არ იყო ისეთი სწრაფი, როგორც ''მანჩესტერ სიტიში,'' თუმცა ''ვერძებისთვის'' მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, კლუბის ქომაგებს აზროვნებისა და ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი დაუტოვა, თუმცა ყველაზე მთავარი სატურნირო მდგომარეობა იყო, ''დერბი'' პრემიერ ლიგაში დარჩა.
პირველი სეზონი ''პრაიდ პარკზე''
ის არ დარბოდა საჯარიმოდან საჯარიმომდე, თანამედროვე ფეხბურთისთვის ძალიან არაგუნდური მოთამაშე იყო, როცა ''დერბი'' ბურთს კარგავდა, ეკრანზე ქართველს ვერ იპოვიდით, ის უბრალოდ ქრებოდა, თუმცა როცა ბურთს მისი გუნდი იბრუნებდა, ის სწრაფად გამოჩნდებოდა, თავისუფალი სივრცისკენ მირბოდა, ბურთს ითხოვდა, თამაშში ერთვებოდა, ფლანგიდან ფლანგზე გადადიოდა, ცენტრში შეიწევდა, მეტოქის დაცვაში სივრცის პოვნას ცდილობდა. შესაძლოა მოედანზე 90 წუთს ატარებდა, მაგრამ თამაშში მისი ჩართულობა გაცილებით ნაკლები იყო.
''მეინ როუდზე'' მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ, ყოველ ახალ მწვრთნელს თავისი ფეხბურთელები მოჰყავდა, რაც სტაბილური გარემოს შექმნას ძალიან ართულებდა. Independent-ში გამოქვეყნებულ მასალაში ქინქლაძე იხსენებს: ''მანჩესტერ სიტიში'' ექვს მწვრთნელთან ვიმუშავე, რაც ძალიან უცნაური იყო. თავს ბედნიერად სტივ კლარკთან მუშაობისას ვგრძნობდი, ვფიქრობდი მასთან ერთად წარმატებას მივაღწევდთ, თუმცა ერთ დღეს ისიც გაუშვეს.''
''დერბი ქაუნთიში'' განსხვავებული გარემო იყო, ჯიმ სმიტი მთავარი მწვრთნელის პოსტს 1995 წლიდან მოყოლებული იკავებდა და მის მიმართ ნდობა დიდი იყო. 22 წლის გიორგი ქინქლაძეს ბრიტანული კარიერა ''მანჩესტერ სიტის'' ნაცვლად ''დერბი ქაუნთის'' მსგავსი პროექტის კლუბში რომ დაეწყო, მისი ვარსკვლავური კარიერა უფრო ხანგრძლივი, უფრო წარმატებული გამოვიდოდა, რადგან ხშირი ცვლილებები ყოველთვის აფერხებს პროგრესს როგორც გუნდურს, ასევე ინდივიდუალურს.
''დერბი ქაუნთიში'' ქინქლაძემ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ''უიმბლდონთან'' ჩაატარა. 2000 წლის 4 მარტს ''მანჩესტერ სიტის'' საკულტო ფიგურამ ''ვერძების'' მაისურით პირველი გოლი ცნობილ შოტლანდიელ მეკარე ნილ სალივანს გაუტანა და გაგვახსენა მოძრაობები, რომელთა შესრულებით ''მეინ როუდის'' პუბლიკა აღტაცებაში მოჰყავდა. ''პრაიდ პარკის'' მოედანი ოვაციების ფონზე დატოვა. მიუხედავად ამისა, აქტუალური იყო კითხვა: აღგვაფრთოვანებს ყოველ უიქენდზე?
პირველი გოლი და ოვაციები
როცა ბრიტანულ მედიაში ქინქლაძის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს ვეცნობი, ის ყოველთვის ''მანჩესტერ სიტისთან'' ასოცირდება, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ საუკეთესო წლები ''მეინ როუდზე'' გაატარა, თითქოს ''დერბი'' მის კარიერაში მნიშვნელოვანი გუნდი არ ყოფილა, კითხვისას ზოგჯერ ვფიქრობ: ნუთუ მან ''დერბიშიც'' ითამაშა?
''დერბი ქაუნთის'' მაისურით ქინქლაძის ყველაზე დიდი გამარჯვება შედგა იქ, ''მანჩესტერ სიტიში'' ყოფნისას რომ განსაკუთრებულად სურდა, ''წითელი ეშმაკებით'' გავსებულ ''ოლდ ტრაფორდზე.'' 2001 წლის 5 მაისს მალკოლმ ქრისტის ბრწყინვალე გოლით ფერგიუსონის ვარსკვლავური გუნდი საკუთარ კედლებში დამარცხდა.
''ოლდ ტრაფორდზე'' გამართულ მატჩამდე ''დერბის'' ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ტარიბო ვესტი ტრავმირებული იყო. ჰიგინბოტამი მატჩამდე სმიტთან საუბარს იხსენებს: ''ის ჩემსკენ მოტრიალდა, მოვიდა და მითხრა: შენ იქნები საუკეთესო, იმედი მაქვს ტარიბოს ბიბლიას წაიკითხავ, რადგან ''ოლდ ტრაფორდზე'' ღვთაებრივი სულისკვეთება გჭირდება.''
''ქინქის'' პასები ''მან. იუნაიტედთან'' - გამარჯვება ''ოლდ ტრაფორდზე''
2001 წლის ოქტომბერში ''დერბი ქაუნთიში'' გიორგი ქინქლაძისთვის კომფორტული გარემო შეიცვალა, სეზონის სტარტზე 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ჯიმ სმიტი გაუშვეს და ''ვერძებისთვის'' სეზონი ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.
ჯიმ სმიტის ''დერბიდან'' წასვლის შემდეგ ქინქლაძე აღიარებს, რომ ''თეთრთავიანმა არწივმა'' თავდაჯერება დაუბრუნა, თუმცა სმიტს მასთან მუშაობის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია. სმიტი იხსენებდა: ''მითხრეს, რომ ქინქლაძემ წონაში მოიმატა და პროფესიისადმი არასათანადო დამოკიდებულება ჰქონდა.'' მიუხედავად ამისა, სმიტისა და ქართველის გზები გადაიკვეთა.
გიორგი ქინქლაძემ Derby Evening Telegraph-თან ინტერვიუში გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჯიმ სმიტის შესახებ ისაუბრა: ''კლუბიდან ჯიმ სმიტის წასვლა განვიცადე, როგორც მამის დაკარგვა. ''დერბი ქაუნთიში'' მან მიმიწვია და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დამიბრუნა.
მისი წასვლით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა ყველაფრის დავიწყება, ახალ ეტაპზე გადასვლა გადავწყვიტე. ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლიდან მოყოლებული მაქსიმალური შემართებით ვვარჯიშობდი, ველოდებოდი შანსს, თუმცა ვერ მივიღე.''
2002 წლის 8 იანვარს BBC აქვეყნებს ინფორმაციას ''დერბი ქაუნთიდან'' გიორგი ქინქლაძის შესაძლო წასვლის შესახებ. გუნდის მთავარი მწვრთნელი კოლინ ტოდი აცხადებს: ''თუ გიორგის წასვლა სურს, მის გასაყიდად მზად ვარ.''
ჯიმ სმიტის წასვლის შემდეგ ''დერბი ქაუნთი'' დაემსგავსა ფრენსის ლის ''მანჩესტერ სიტის,'' როცა მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ, სტაბილური გარემო წარსულში დარჩა და 2002 წლის გაზაფხულზე ''ვერძები'' პრემიერ ლიგას დაემშვიდობნენ.
''მან. სიტის'' მსგავსად გიორგი ქინქლაძე რანგით მეორე ლიგაში ''დერბი ქაუნთისაც'' გაჰყვა. უკანასკნელი ინგლისური სეზონი ევროპული ფეხბურთის არშემდგარმა ვარსკვლავმა პირველ დივიზიონში გაატარა, ''დერბიმ'' იმდენად ცუდი მატჩები ჩაატარა, მესამე ლიგაში გავარდნასთან ახლოს იყო, თუმცა გადარჩა და კლუბის ქომაგთა გამოკითხვით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დასახელდა.
ქინქლაძე ''დერბის'' 2002-03 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით