მატჩის შემდეგ - სიტი VS შალკე
„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების რეკორდი გაიმეორა და ამ სტადიის ერთ-ერთი შეხვედრა 7 ბურთიანი სხვაობით მოიგო. პეპ გუარდიოლას გუნდმა გელზერკირხენის „შალკე“ 7:0 გაანადგურა, საერთო ჯამში კი 10:2 იმარჯვა და 1/4 ფინალში პრაქტიკულად ვარჯიშით გავიდა.
მანჩესტერელებმა ამ ტურნირზე თავიანთთვის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებას აგუეროს დუბლისა და სანეს, სტერლინგის, ბერნარდო სილვას, ფოდენისა და გაბრიელ ჟესუშის გოლების წყალობით მიაღწიეს.
გუარდიოლამ პრესკონფერენციისას საკუთარი შეგირდები შეაქო და განაცხადა, რომ მათ პირველმა გოლმა წნეხი სრულად მოუხსნა, რასაც მეტოქის განადგურება მოჰყვა.
„შალკესთან პირველ შეხვედრაში მიღწეული შედეგი არ გავანიავეთ და მაღალ დონეზე ვითამაშეთ. პირველი გოლის შემდეგ ზუსტად არ ვიცოდით მოედანზე როგორ გვემოქმედა, თუმცა მეორეც გავიტანეთ და ფეხბურთელები მიხვდნენ რომ შემდეგ ეტაპზე ფაქტობრივად გასულები იყვნენ. ამას კი ჩვენი მხრიდან თავისუფალი თამაში მოყვა. რაც შეეხება ბაიერნისა და ლივერპულის მატჩს. ინგლისელებთან ბოდიში, მაგრამ მსურს რომ შემდეგ ეტაპზე ბაიერნი გავიდეს, რადგან მათი დიდი ფანი ვარ, მე მათი გუნდის წევრი ვარ. ბაიერნმა გერმანიაში ყოფნისას დაუვიწყარი 3 წელი მაჩუქა, რის გამოც ბაიერნი და მთლიანად მიუნხენი მიყვარს, მე იქ ბევრი კარგი მეგობარი მყავს. ყველაფრის მიუხედავად ბაიერნისთვის შემდეგ ეტაპზე გასვლა მარტივი არ იქნება. ლივერპულს თავდასხმაში შესანიშნავი ტრიო ჰყავს. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბაიერნს მეოთხედფინალში ვიხილავ.“
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული იყო გერმანელთა ახალგაზრდა თავკაცი, დომენიკო ტედესკო, რომელმაც მისი გუნდის მიერ ჩატარებულ მეორე ნახევარს „შალკეში“ ყოფნის პერიოდში ყველაზე ცუდი ტაიმი უწოდა.
„რა თქმა უნდა მტკივნეული და რთულია, როდესაც ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი გოლით აგებ და მაინც აქ ყოფნა მიწევს, თუმცა აქ ვარ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველი 30 წუთი კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში უფრო თამამები უნდა ვყოფილიყავით, თუმცა გუნდი ჩამოიშალა. შალკეს მწვრთნელობის პერიოდში ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო. ახსნას ვერ ვპოულობ. 2:0 რომ წაგვეგო კიდევ დავსხდებოდით და ჩვენს თამაშს გავაანალიზებდით, თუმცა როდესაც ასეთი ანგარიშით აგებ, სჯობს რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყო. თავს საშინლად ვგრძნობ.“
1993 წლიდან მოყოლებული ამ ტურნირზე ფლეი-ოფის ერთ-ერთი მატჩი 7 ბურთიანი სხვაობით გუშინდელამდე „ბაიერნს“ 2-ჯერ ჰქონდა მოგებული. „რეკორდმაისტერმა“ 2012 წელს „ბაზელს“, ხოლო 2015 წელს „შახტარს“ ასევე 7:0 აჯობა. ძველი ფორმატის ჩათვლით კი რეკორდი „რეალს“ ეკუთვნის, რომელმაც 1957-1958 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში „სევილიასთან“ 8:0 იმარჯვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48-დან 10 შეხვედრაში 5 და მეტი გოლის გატანა შეძლო.