Aa
Aa

შალკე VS სიტი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ეტაპზე „სიტის“ შედარებით გაუმართლა და გელზერკირხენის „შალკესთან“ დაპირისპირება მოუწია. თანაც, გუარდიოლას ბიჭები პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ.

გერმანელებს საკმაოდ ცუდი სეზონი აქვთ და ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ წელს ცხრილის ქვედა ნაწილში ტრიალებენ, ერთადერთი პერსპექტივა კი სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფია.

დომენიკო ტედესკოს გუნდს ტრადიციად ექცა, რომ ნებისმიერი მატჩის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა დაშავებული უნდა ჰყავდეს. დღესაც არაფერი იცვლება და მასპინძლებს მასკარელი, შიოფპი, ემბოლო და სტამბული არ ეყოლებათ.

ტედესკო: „ამ შეხვედრაში ჩვენ აშკარა აუტსაიდერები ვართ. მიუხედავად ამისა ჩვენ ამ ეტაპზე თამაში დავიმსახურეთ. ჯგუფურ ეტაპზე კარგი მატჩები ჩავატარეთ და 11 ქულა დავაგროვეთ. სიტი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ შალკე ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სიტის გასაოცარი ფეხბურთელები ჰყავს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ლეროი სანე, ბერნარდო სილვა თუ სტერლინგი იქნება. ისინი ერთი სტილის მოთამაშეები არიან და ერთი ერთზე თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესოები. მათ ტექნიკა და სისწრაფე აქვთ.“

კარგ ხასიათზეა პეპ გუარდიოლას „სიტი“, რომელმაც უქმეებზე სათასო მატჩი გამართა და ქვედა ლიგელი „ნიუპორტი“ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა.

ინგლისელებს ბრავო, კომპანი და მენდი აკლიათ, მათი მწვრთნელი კი ამბობს, რომ გუნდი თავდაჯერებული და ძლიერია, „ფელტინს არენაზე“ კი მოსაგებად ითამაშებს.

გუარდიოლა: „ჩვენ აქ ვართ და ყველაფერს ვიზამთ, რომ საკუთარ მოედანზე გასამართ მატჩამდე კომფორტული უპირატესობა შევიქმნათ. ძლიერები და თავდაჯერებულები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გასვლაზე მინიმუმ ერთი გოლი მაინც გავიტანოთ. ვფიქრობ ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და ეს ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე შენს თამაშს არ თამაშობ წარმატებას ვერ მიაღწევ. მოედანზე თუ გამართლების იმედად  გამოდიხარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააგებ. ჩვენ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ყველა მატჩი ახალი გამოწვევაა და როგორც ყოველთვის, ახლად ვეცდებით, რომ გამარჯება მოვიპოვოთ.“

„შალკესა“ და „სიტის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება, შეხვედრას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც კარლოს დელ სერო გრანდე უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები