დღის გოლი: ცქიტიშვილის საოცარი გასროლა ბუნდესლიგაში
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ცქიტიშვილმა კარიერის საუკეთესო წლები გერმანულ ''ფრაიბურგში'' გაატარა. 1998 წელს ცქიტიშვილი ''ფრაიბურგის'' ფეხბურთელი გახდა და 2005 წლამდე გუნდის ღირსებას იცავდა.
2004-05 წლების სეზონში ''ფრაიბურგი'' ბუნდესლიგაში ასპარეზობდა, მე-7 ტურში შინ იურგენ კლოპის ''მაინცთან'' 1:2 დამარცხდა. 70-ე წუთზე ცქიტიშვილმა ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით გაათანაბრა. ეს იყო ცქიტიშვილის უკანასკნელი გოლი გერმანიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში. მოგვიანებით, ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფეხბურთელების მიერ ბუნდესლიგაში გატანილი საუკეთესო 10 გოლი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ცქიტიშვილის აღნიშნული გოლი მეორე ადგილზე გავიდა, პირველი პოზიცია ლევან კობიაშვილის მიერ „შალკეს“ მაისურით ოლივერ კანის კარში გატანილმა გოლმა დაიკავა.
ცქიტიშვილის გოლი მაინცთან
საერთო ჯამში ცქიტიშვილმა ''ფრაიბურგისა'' (1998-2005) და ''ვოლფსბურგის'' (2005-06) მაისურით ბუნდესლიგაში 127 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცქიტიშვილის გოლების სტატისტიკა ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი 1999-00 წლების სეზონში გაიტანა, მესამე ტურში „ფრაიბურგმა“ შინ „მიუნხენ 1860“ 3:0 დაამარცხა. ანგარიში ლევან ცქიტიშვილმა გახსნა. შემდეგ წლებში ბუნდესლიგაში კიდევ 6 გოლი შეაგდო: „კოტბუსთან“ (2001-02), „შალკესთან“ (2003-04), „ჰერტასთან“ (2003-04), „კაიზერთან“ (2004-05), „დორტმუნდთან“ (2003-04) და „მაინცთან“ (2004-05).
ცქიტიშვილის საგოლე პასების სტატისტიკა ბუნდესლიგაში
Transfermarkt-ის მონაცემებით, ბუნდესლიგაში ჩატარებულ 127 შეხვედრაში 7 გოლის გარდა 8 საგოლე პასი შეასრულა. მან საგოლე პასები შემდეგ გუნდებთან შეასრულა: „კაიზერთან“ (1998-99), „მიუნხენ 1860''-თან (2000-01), „სანქტ. პაული“ (2001-02), „გლადბახთან“ (2003-04), „ჰანოვერთან“ (2004-05), „ვოლფსბურგთან“ (2004-05), „გლადბახთან“ (2004-05), „კიოლნთან“ (2005-06).
ცქიტიშვილმა კარიერის მიწურულს კიდევ ერთი გერმანული კლუბის, ''ვეენის'' მაისური მოირგო (2009). ასე რომ მან სამ გერმანულ კლუბში იასპარეზა.
1995-2009 წლებში ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 58 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო ლიბანთან და უნგრეთთან.
ლევან ცქიტიშვილი და კახა კალაძე რუსეთთან გამარჯვების შემდეგ