კოუტინიო გაიყინა - რა სჭირს ბრაზილიელს? 3 ფაქტორი და ტაქტიკური ანალიზი
Aa
Aa

კოუტინიო გაიყინა - რა სჭირს ბრაზილიელს? 3 ფაქტორი და ტაქტიკური ანალიზი

კოუტინიოს „ლივერპულელი“ თანაგუნდელები პრემიერლიგაში დაფრინავენ და მეტოქეებს შტურმით იღებენ, ამ დროს კი ბრაზილიელს „ბარსელონაში“ ჯერ კიდევ თავისი თამაშის პოვნა და ბევრი რამის დამტკიცება უწევს.

კლოპის დამაფიქრებელი რჩევა...

მისი „კამპ ნოუზე“ გადასვლა ყოველთვის გარდაუვალი იყო. ყველას კარგად ახსოვს 2017 წელს კლოპის სიტყვები: ''აქ დარჩენით იმდენს მიაღწევ რომ ამ ყველაფერისთვის ისინი შენ ძეგლს დაგიდგამენ. სხვაგან წასვლით იქნება ეს ბარსელონა, რეალ მადრიდი თუ მიუნხენის ბაიერნი, შენ უბრალოდ ერთ-ერთი მოთამაშე იქნები. აქ შეგიძლია მეტი გახდე!''

რამდენად მართალია კლოპი ამას დრო გვიჩვენებს და ეს დრო საკმაოდ მალე დადგება.

ხასიათი და 3 ფაქტორი

კოუტინიო „ლივერპულში“ გადასვლის დღიდან უმატებდა და ნვითარდებოდა. მისი „ბარსელონაში“ გადასვლისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 12 თვის გასვლის შემდეგ „ბლაუგრანა“ ბრაზილიელი შემტევის გარეშე გაცილებით კარგი გუნდი იქნებოდა. ეს ამჟამად უკვე ფაქტი გახლავთ.

ამ მომენტისთვის კოუტინიო კარგ ფორმაში არ იმყოფება და თავის საუკეთესო დროებას ნამდვილად არ განიცდის, თუმცა რთული გასახსენებელია მომენტი, თუ როდის იყო ის ბარსელონასთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მოთამაშე იმ დროის განმავლობაში, რაც ის გუნდშია.

„ბარსა“ ელოდება თუ როდის გადადგამს კოუტინიო ნაბიჯს წინ, როგორც ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როცა ნეიმარი ტრავმის შემდეგ თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა.

როცა ბარსას მესი დაემტვრა, ლუის სუარესმა ლიდერობა იტვირთა. ამ დროს კოუტინიო გაუბედავი იყო.

ფელიპეს ლამაზი გოლები თავის სტილში რა თქმა უნდა ქომაგების გულს იგებს, თუმცა კოუტინიოს ბოლო გოლის გასახსენებლად ოქტომბრის ბოლოს უნდა დავბრუნდეთ, როდესაც მან კლასიკოში "რეალის" კარი აიღო.

უნდა ითქვას, რომ კოუტინიოს საწინააღმდეგოდ 3 ფაქტორი მოქმედებს და ისინი მას ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ.

1 - მისი ფასი ყოველთვის განხილვის საგანი იყო. კოუტინიო კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ზეწოლას არ გრძნობდა, ეს მისთვის პატივი იყო.

2 - უსმან დემბელე. ფრანგი შემტევი თავიდან არასტაბილური და უდისციპლინო იყო. შემდეგ, მას კლუბი საკმაოდ მკაცრად დაელაპარაკა და ფულადი ჯარიმაც დააკისრა, რის შემდეგაც დემბელე ათამაშდა და გოლების გატანას უმატა. მისი ბურთები გუნდს მნიშვნელოვანი ქულების აღებაში ეხმარება.

3 - როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარდაცვაზე, ერნესტო ვალვერდე გაცილებით მეტ დროს უთმობს არტურო ვიდალს, ხოლო როცა გუნდის სტილთან უფრო ახლოს მყოფი მოთამაშეა საჭირო, მწვრთნელი მოედანზე არტურს უშვებს და კოუტინიოზე აქცენტს საერთოდ არ აკეთებს.

ყველაფერი ბრაზილიელის ხელშია და სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მას შეუძლია, თუმცა ფაქტია, რომ ბარსას ძირითადი 11-ეულიდან კოუტინიო ახლა იმდენად შორს არის, როგორც არასდროს.

ვალვერდეს ტაქტიკა, რომელსაც კოუტინიო ვერ ერგება

პრობლემის მე-3 ნაწილი ყველაზე საინტერესოა. როგორი ტაქტიკით თამაშობს ვალვერდე და როგორით თამაშობდა თავის პირველ სეზონში?

გასულ წელს 4-4-2 ყველას კარგად ახსოვს. ამ ტაქტიკის გამოყენების დროს მესი და სუარესი ფორვარდების როლს ირგებდნენ. უნდა ითქვას, რომ კოუტინიოს ასეთი სქემა ხელს აძლევდა, რადგან გუნდიდან ინიესტა წავიდა და შეტევის მარცხენა ფლანგზე მისი საყვარელი პოზიცია გათავისუფლდა.

კოუტინიო „ლივერპულში“  სწორედ ამ პოზიციაზე გრძნობდა თავს ყველაზე კარგად. წინ 2 ფორვარდი და ხაზზე განლაგებული 4 ნახევარმცველი. ის შეტევას მარცხენა ფლანგიდან იწყებდა და შემდეგ ცენტრში მოქმედებდა.

„ბარსელონამ“ წელს კლასიკური 4-3-3 დააბრუნდა და ამ ფაქტმა ბრაზილიელს პრობლემები შეუქმნა. რატომ? კოუტინიო არ არის არც ნეიმარი და არც ინიესტა. მას თავისი სტილი აქვს და თუ სურს, რომ „ბარსას“ მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს, მაშინ ადაპტაცია და შეცვლა სჭირდება.

4-3-3-ის დროს განლაგებისას მესის მარჯვენა ფორვარდის როლში ვხედავთ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ არგენტინელი ცენტრისკენ იწევს და დროის უმეტეს ნაწილს ნახევარდაცვაში ატარებს.

მესი თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, როდესაც მის წინ კლასიკური 9 ნომერი და ფლანგის სწრაფი ფორვარდი მოქმედებს. ამ ყველაფერს ფაქტები გვიმტკიცებენ.

ასეა წელსაც. სუარესისა და დემბელეს მოედანზე ყოფნის დროს მესი გაცილებით ეფექტურია და მათი ზუსტი გადაცემებით მომარაგება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

 

კოუტინიო ვერ თამაშობს მარცხენა ფლანგის ფორვარდს, რადგან მას სულ სხვა თვისებები აქვს. ის არ ფლობს ფორვარდის რეფლექსებს. ბრაზილიელი მომენტებს არ აგვირგვინებს, ის მათ ქმნის.

ფელიპეს არც იმხელა სასტარტო სისწრაფე აქვს, როგორიც ფლანგის ფორვარდს სჭირდება. მაგალითად როგორც ნეიმარსა და დემბელეს.

და რა ხდება ნახევარდაცვაში? ბუსკეცისა და რაკიტიჩის პოზიციები ხელშეუხებელია. მათ მხოლოდ ტრავმის ან უბრალოდ დასვენების გამო თუ დატოვებენ ძირითადს მიღმა.

რჩება მხოლოდ ერთი ადგილი - პოზიცია სადაც ინიესტა თამაშობდა. მოედნის ამ წერტილს ვალვერდე მეტოქიდან გამომდინარე იყენებს და ხან ვიდალს ათამაშებს, ხანაც არტურ მელოს.

ჩილელის შემთხვევაში საქმე გვაქვს აგრესიულ პრესინგთან, რა დროსაც გუნდს დაკარგული ბურთის მოპოვება უადვილდება და მეტოქის თავისსავე საჯარიმოსთან ამოკეტვა მარტივად შესაძლებელი ხდება.

არტურ მელოს თამაშის დროს „ბარსა“ ბურთს არანორმალურად, ანუ მათთვის ნორმალური პროცენტით აკონტროლებს. ბრაზილიელი შუახაზელი კლუბის დეენემის მატარებელია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ამის შესახებ თავის დროზე ჩავიც საუბრობდა.

რა შეუძლია და რას ვერ აკეთებს კოუტინიო?

რას ვერ აკეთებს კოუტინიო? დავრბუნდეთ სეზონის დასაწყისში. ვალვერდე იყენებდა სუპერ შემტევ ტაქტიკას და ძირითადში დემბელე-კოუტინიოს დუეტს ათამაშებდა.

შეტევების მხრივ გუნდს რა თქმა უნდა უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი არჩევანი ჰქონდა, თუმცა დაცვას თამაში აშკარად უჭირდა და „ბარსა“ მეტოქის შეტევებსა თუ კონტრშეტევებს რთულად უმკლავდებოდა.

რთულია ასეთ დროს ერთი კაცი დაადანაშაულო, თუმცა ამ შემთხვევაში ასე გვიწევს და ეს ფაქტია. კოუტინიო ამ მომენტისთვის ვერ არის ინიესტა და ვერც მისი შემცვლელი თუ ასე გაგრძელდა ეს არც არასდროს მოხდება.

ბრაზილიელს არ შეუძლია არტურის მსგავსად მთელი მატჩი მოედნის ცენტრში და საკუთარ ნახევარზე გაატაროს, რა დროსაც ის უამრავ ზუსტ გადაცემას გააკეთებს და პლუს ამას ნახევარდაცვას თავდაცვის დროსაც დაეხმარება. მას არც ვიდალის მსგავსად პრესინგის თამაში, ორთაბრძოლების მოგება და ცოფიანი ძაღლივით მთელს მოედანზე სირბილი შეუძლია.

კოუტინიო ბურთთან ერთად ყოფნის დროს ყოველთვის კარისკენ იყურება. ის ცდილობს ერთ ან ორ მეტოქეს გასცდეს და შორიდან ლამაზად დაარტყას, ან ზუსტი გადაცემით თანაგუნდელი კარგ პოზიციაზე დატოვოს. მას უბურთოდ თამაში სხვების მსგავსად არ გამოსდის.

 

როცა მესი მოედანზე არ არის და მის პოზიციას დემბელე იკავებს, ასეთ დროს კოუტინიოს მარცხენა ფორვარდად გამოყენება გამართლებულია, რადგან ის არგენტინელის მსგავსად უფრო სიღრმიდან ითამაშებს და მის წინ სუარესი-დემბელე იმოქმედებენ, თუმცა ასეთი მატჩები იშვიათია.

ინიესტა იყო ერთადერთი და განუმეორებელი. მისი სამუშაოს (რთულია ინიესტას თამაშს სამუშაო უწოდო…ის უფრო ხატავდა) შესრულება ურთულესი რამ გახლავთ. ბურთის გაკონტროლება, პასების დარიგება, მომენტების შექმნა, დრიბლინგი, პრესინგის თამაში - ამდენი თვისება ერთ ნახევარმცველში და ასეთ დონეზე...

რას უნდა ველოდოთ?

ამ მსჯელობისა და წლევანდელი სეზონის მიმდინარეობიდან ვხედავთ, რომ ფელიპე კოუტინიო დღეს არის „ბარსას“ თადარიგში მყოფი კარგი მოთამაშე, რომლითაც ვალვერდე ნებისმიერ დროს გააძლიერებს შეტევას.

თუ გუნდს დასჭირდება, რომელიმე ნახევარმცველი მოიხსნება და მის ნაცვლად ბრაზილიელი შემოვა. რა თქმა უნდა ეს ნებისმიერი გუნდისთვის ფუფუნებაა, მაგრამ 160 მილიონ ევროდ ნაყიდი მოთამაშისთვის ამ როლის მინიჭება ცოტა უხერხულია და ამას ორივე მხარე ხვდება.

წლევანდელი სეზონის შემდეგ ბევრი რამე გადაწყდება. ივარაუდება ვალვერდეს წასვლა და ახალი მწვრთნელის მოსვლა, რაც კოუტინიოს შანსებს გაზრდის, თუმცა თუ ბასკი სპეციალისტი დარჩა, დიდია იმის შანსი, რომ გუნდი კოუტინიომ დატოვოს.

გასული ზაფხულიდან დაწყებული საპნის ოპერის შემდეგ, რომელიც იანვარში დასრულდა, ნამდვილად რთული წარმოსადგენია, რომ კოუტინიო ასეთი მოვლენების შემდეგ „ბარსას“ ასე დატოვებს.

ესპანური პრესა მაინც ვარაუდობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი ვალვერდეს პოსტს დაატოვებინებენ, რადგან გუნდი აშკარად პრაგმატულ სტილს იყენებს და ამ ყველაფერს საშინაო მატჩებში „კამპ ნოუს“ შეთხელებული ტრიბუნებიც ადასტურებს.

პ.ს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში "ბარსა" საშუალოდ 1 მატჩში ბურთს მხოლოდ 60%-მდე აკონტროლებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები