10) პედანტი კლაივ ტომასი
შვედეთი-ბრაზილიის დაპირისპირებისას კლავი ტომასმა უნიკალური პედანტობა გამოავლინა. შეხვედრის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, ანგარიში 1-1 გახლდათ და სამხრეთ ამერიკელები კუთხურს აწვდიდნენ, ზიკომ სტანდარტულიდან გოლი შეაგდო მაგრამ... როგორც აღმოჩნდა ტომასმა საფინალო სასტვენს ბურთის ჰაერში ყოფნისას ჩაბერა, მიიჩნია რა, რომ დამატებული 15 წამი სავსებით საკმარისი იყო. მიუხედავად ფიფას მიერ სახლში გაშვებისა, ტომასი თავის აზრზე დარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ განაცხადა, რომ ზიკომ დარტყმა ოთხი წამის მეასედით დააგვიანა.
9) მარადონა და დოპინგი
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონას დისკვალიფიკაცია, საბერძნეთთან გატანილი გოლის მომსწრე გულშემატკივარს ნამდვილად არ გაკვირვებია.
ნიგერიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მარადონა, რომელსაც კოკაინის მოხმარების გამო 15 თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მოხდილი, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად მას სისხლში ეფედრინი აღმოუჩინეს, ფლეიმეიქერის თქმით მან აღნიშნული პრეპარატი შემთხვევით მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთმა მწვრთნელმა „არასწორი“ ენერგეტიკული სასმელი დაალევინა. რა თქმა უნდა ფიფამ არგენტინელის „ახსნა-განმარტებას“ ყურადღება არ მიაქცია და მარადონა სახლში გაუშვა.
8) ფრანგული რევოლუცია
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. „მამლებისთვის“ ზაფხული ფლორან მალუდას და მთავარი მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის დაპირისპირებით დაიწყო. სიტუაცია მექსიკასთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გართულდა, როდესაც ნიკოლა ანელკამ დომენეკს ასეთი რამ უთხრა: „წადი შენი დედაც, ბო*ისშვილო“.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანეკლა სამშბოლოში გაუშვა, რასაც მისი თანაგუნდელების პროტესტი მოჰყვა. გუნდის კაპიტნის, პატრის ევრას მეთაურობით ისინი ვარჯიშზე არ გამოცხადდნენ, ავტობუსისკენ გაემართნენ და ანელკას გაგდებასთან დაკავშირებული განცხადების შედგენას შეუდგნენ.
7) რონალდოს საიდუმლო
1998 წელს რონალდოს საოცარი მუნდიალი ჰქონდა, ფინალამდე მან ოთხი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ბრაზილიელი გულშემატკივრები მას პელეს გვერდით აყენებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მატჩამდე 72 წუთით ადრე იგი სასტარტო შემადგენლობიდან “გაქრა“. ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდებოდა, თუმცა უეცრად რონალდო ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ საკუთარ თავს არ ჰგავდა და შეხვედრა საშინლად ჩაატარა, რითიც ფრანგებმა იდეალურად ისარგებლეს და 3-0 გაიმარჯვეს. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რონალდოს შეტევა ჰქონდა, გონება დაკარგა და ზაგალოს მისი მოედანზე გამოყვანა არ უნდოდა, თუმცა „კიჭამ“ ნაკრების მთავარ მწვრთნელს დააჯერა რომ არაფერი სჭირდა და თამაში შეეძლო.
6) ჩაწყობილი მატჩი
1978 წლის არგენტინაში ჩატარებულ მუნდიალს თან ბევრი კრიტიკა ახლდა. ერთ-ერთის მიხედვით „ალბისელესტეს“ პერუსთან მოპოვებული 6-0 გამარჯვება ჩაწყობილი იყო. ბევრი თვლის, რომ საქმეში არგენტინის მთავრობა ჩაერია და ეროვნულ გუნდს საჭირო სხვაობით მოგება "გაუნაღდა". პერუმ წინა 5 შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა ამიტომ მათმა სუსტმა თამაშმა ქომაგებს შორის ბევრი ეჭვი დაბადა. გავრცელებული ინფორმაციით არგენტინის მთავრობამ პერუს ქვეყანაში დიდი რაოდენობის მარცვლეულის გაგზავნა, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა, 13 პატიმრის გათავისუფლება და ქრთამი შესთავაზა. იმ მატჩიდან 40 წელი გავიდა, თუმცა რეალური სამხილი კვლავ არ არსებობს.
5) ქუვეითის პროტესტი
ქუვეითის ფედერაციის პრეზიდენტს, ფაჰად ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ საბეჰს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გასაუქმებლად ვიდეო რეფერი არ დასჭირვებია. ქუვეითი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საფრანგეთთან 3-1-ს აგებდა, როდესაც ქუვეითელმა მოთამაშეებმა მსაჯის სასტვენი „გაიგონეს“, თამაში შეწყვიტეს და მეოთხე გოლი მიიღეს. რეალობა კი სხვანაირი აღმოჩნდა, ხმა ტრიბუნებიდან მოდიოდა და ფეხბურთელებმა თამაში სულ ტყუილად შეწყვიტეს, მიუხედავად ამისა ალ-საბეჰ, ტრიბუნებიდან მოედანზე შევარდა და მოთამაშეების სტადიონიდან სათითაოდ გაყვანა დაიწყო. უცნაურია მაგრამ მისმა ტაქტიკამ გაამართლა და მსაჯმა გოლი გააუქმა. საბოლოოდ საფრანგეთმა მეოთხე გოლი მაინც შეაგდო და თან ისეთი, რომ შეიხმა ხმაც ვერ ამოიღო.
4) უმსგავსობა ხიხონში
1982 წლის მუნდიალის მეორე ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი იმდენად ცნობილია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ზედმეტსახელით (უმსგავსობა ხიხონში) შევიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხევდრაში ერთმანეთს ორი დაუძინებელი მტერი, დასავლეთ გერმანია და ავსტრია, დაუპირისპირდა, მატჩი საინტერესო და დაძაბული უნდა გამოსულიყო, თუმცა ამის ნაცვლად თამაში ამხანაგური შეხვედრის ხასიათს ატარებდა. გუნდებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ გერმანიის 1-0 გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ორივე მათგანი გადიოდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩი გერმანელებმა სწორედ ამ ანგარიშით მოიგეს.
შეხვედრაში გოლი მეათე წუთზე გავიდა, დარჩენილი დროის განმავლობაში კი მაყურებელმა არაზუსტი დარტყმები, უკან გაკეთებული პასები და უაზრო შორეული გადაცემები იხილა. ალჟირელებმა საუბარი ჩაწყობაზე დაიწყეს, ადგილობრივმა გაზეთმა კი მატჩის განხილვა კრიმინალის რუბრიკაში გაუშვა.
3) ჰარალდ შუმახერის უხეშობა
ხიხონის ინციდენტის შემდეგ დასავლეთ გერმანიამ გულშემატკივრების რისხვა ფლეი-ოფშიც დაიმსახურა. საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ფრანგულმა გაზეთმა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გერმანიის ნაკრების მეკარემ, ჰარალდ შუმახერმა, ადოლფ ჰიტლერს გადაუსწრო და ფრანგი ერის ყველაზე საძულველ ადამიანად იქცა.
შუმახერის ეპიზოდი ფეხბურთის გულშემატკივარს დღემდე კარგად ახსოვს. ფრანგების შეტევისას მეკარემ კარი დატოვა, ბურთისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ბატისტონს ისე ძლიერად შეეჯახა, რომ ამ უკანასკნელმა ხერხემლის დაზიანება მიიღო, ორი კბილი დაკარგა და კომაში ჩავარდა. საინტერესოა, რომ შუმახერს გაფრთხილებაც არ მიუღია! საბოლოოდ გერმანიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვა.
2) სანტიაგოს ბრძოლა
1954 წლის უნგრეთი - ბრაზილიის და 2006 წლის ჰოლანდია - პორტუგალიის დაპირისპირება 1962 წლის სანტიაგოს ბრძოლასთან შედარებით არაფერია. ჩილეს და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ბრძოლა წესების გარეშეს მატჩს ჰგავდა, სადაც კენ ესტონი დაპირისპირების სადავეების კონტროლს ტყუილად ცდილობდა.
ჩილელმა ლეონელ სანჩესმა მარიო დავიდს სახეში მუშტი დაარტყა და ჰუმბერტო მაშიოს ცხვირი გაუტეხა, მაგრამ ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია. მისმა თანაგუნდელმა, ჰონორინო ლანდამ იგივე გააკეთა და გაფრთხილებას ისიც გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის განსამუხტად პოლიცია მოედანზე 4-ჯერ!!! შევიდა.
1) იტალიელების ფაშისტური მისალმება
1938 წელს იტალია პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხა, თუმცა საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას განხორციელებულმა ქცევამ ყველაფერი გადაფარა. მატჩის წინ ნაკრებები დავობდნენ, თუ რომელი გუნდი უნდა გამოსულიყო ტრადიციული ლურჯი ფორმით. საბოლოოდ ალტერნატიული მაისურის ჩაცმა ვიტორიო პოცოს კოლექტივს მოუწია. იტალიელები თეთრი ფორმების ნაცვლად შავი შორტებით და ზედებით გამოცხადნენ და არც ფაშისტური ემბლემის გაკეთება დავიწყებიათ. ამ ჟესტით მათ პატივისცემა და მხარდაჭერა მუსოლინის რეჟიმის მიმართ გამოხატეს და მატჩის წინ გულშემატკივრებს და მოწინააღმდეგეებს ფაშისტური მისალმებით შეხვდნენ.